"დედა ბედნიერია მაშინ, როცა კარგი მამა უდგას გვერდში" ამბობენ, ბევრი შვილი დიდ დარდთან და საფიქრალთან ერთად დიდი სიხარულიაო. ალბათ ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა მშობელი ხდები. ნათია ლეფსვერიძე დედა 27 წლის ასაკში გახდა. დღეს იგი ექვსი შვილის დედაა. ნათიას სამი გოგონა და სამი ტყუპი ბიჭი ჰყავს. როგორ უძღვება საოჯახო საქმეს, როგორ უვლის ექვს შვილს და რა დროს უთმობს საკუთარ თავს, ნათია თავად მოგიყვებათ.
- 27 წლის გავთხოვდი. ახმეტაში ვცხოვრობთ. პირველი შვილი 28 წლის ასაკში მეყოლა. პატარა ტიროდა, მე ვიცინოდი ბედნიერებისგან. არანორმალურად გიჟი დედა ვიყავი. როცა ბავშვი ტიროდა, ხელში არავის ვაჭერინებდი. ბებიაჩემი მებუტებოდა ხოლმე, ბავშვს არ მანდობო.
- კი, ხშირად მიფიქრია ამაზე. ყოველთვის მინდოდა ხუთი შვილი, ჩემ ქმარს კი - უფრო მეტი. ღმერთმა ეს ოცნება აგვიხდინა. პირველი შვილი გოგო გვეყოლა. ახლა უკვე შვიდი წლისაა. მეორე გოგონა ხუთი წლისაა, მესამე კი - ორი წლის და ათი თვის. გოგონების შემდეგ სამი ტყუპი ბიჭი გვეყოლა, რაც ყველასთვის შოკის მომგვრელი და დაუჯერებელი იყო.
- ორსულობა იყო დაუგეგმავი და მოულოდნელი. როცა ექოზე მივედი, გავიგეთ, რომ ტყუპებს ველოდებოდით, მაგრამ სამი რომ იყო, ცოტა მოგვიანებით, მეთორმეტე კვირაზე გვითხრეს. პირველი მათი ჯანმრთელობის შესახებ ვკითხე ექიმს, მითხრეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. თუ არ ჩავთვლით ტოქსიკოზს, არ მქონია არანაირი გართულება. გართულებების გარეშე დაიბადნენ ტყუპები.
- ბავშვების გაზრდაში დედამთილი მეხმარება. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ბავშვების ორი ნათლიაც მეხმარებოდა. მეუღლეც ჩვენთან ერთად ათენებს ღამეებს, სხვანაირად შეუძლებელია სამი ტყუპის და სამი მცირეწლოვანი ბავშვის გაზრდა.
- ალბათ უფრო უფროსებს აქვთ ყურადღების დეფიციტი. პატარა გოგოს დედა როცა უნდა, არ აინტერესებს არაფერი. დღისით შეუძლია ყველამ გაართოს, ყველასთან ითამაშოს, მაგრამ როცა ღამდება, დედამ უნდა დააძინოს. გოგოები ერთმანეთზე არასოდეს ეჭვიანობენ, პატარებზე გიჟდებიან. ყველაზე ეჭვიანობენ, ვინც მათ ძმებს შეეხება.
- რამდენი შვილიც გყავს, იმდენად მეტია პასუხისმგებლობა. ყველას თავისი წილი მოფერება და ყურადღება სჭირდება. თან სულ ყურადღებით უნდა იყო, ჯანმრთელობის მხრივ რამე არ გაგეპაროს. ყველას უნდა შეუწყო ხასიათი ისე, რომ გენდობოდნენ. მთავარი მარტო გაზრდა არაა, უმნიშვნელოვანესია ბავშვების აღზრდა, რაც არც ისე მარტივია.
- დღეში მინიმუმ ოთხნაირ კერძს ვამზადებ. ამას დამატებული დესერტი, გახეხილი ხილი პატარებს და ორცხობილები. წვნიანი, პიურე და ფაფები ყველას ერთნაირად სჭირდებათ და უყვართ. უფროსებთან არ მაქვს პრობლემა, თვითონ მეუბნებიან, რა უნდათ იმ დღეს სადილად და მეც იმას ვუმზადებ.
- ჯერჯერობით ჩემი თავის მოვლა დილით თმის დავარცხნით შემოიფარგლება. მთელ ჩემ დროს შვილებს ვახმარ. ვისვენებ ღამის პირველ-ორ საათზე, როცა ყველას სძინავს. მხოლოდ ამ დროს ვსვამ მშვიდად ყავას. როცა წამოიზრდებიან და მეტად დამოუკიდებლები გახდებიან, მეც მეტი დრო გამომიჩნდება საკუთარი თავისთვის.
- მე მყავს ძალიან კარგი პედიატრი, რომელსაც გადატვირთული გრაფიკი და რეჟიმი აქვს, მაგრამ ეს არ უშლის ხელს იყოს სამი არაჩვეულებრივი შვილის ძალიან კარგი და ყურადღებიანი დედა. მითუმეტეს, თუ ოჯახის მხრიდან გაქვს ხელშეწყობა, აუცილებლად უნდა გააჩინო მინიმუმ სამი შვილი. დაუძლეველი სირთულე და პრობლემა არ არსებობს. ბევრი არც მუშაობს, მის ოჯახს საშუალოზე მეტი შემოსავალიც აქვს, მაგრამ ერთ შვილზე მეტს მაინც არ აჩენენ. მე არ მესმის ასეთი ადამიანების ლოგიკის.
- მშობლების ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებია. მრავალშვილიანი დედა ყველაზე მდიდარი და ბედნიერია. ჩემს შვილებს რომ ჰკითხოთ, ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი და ბედნიერი, გიპასუხებენ, რომ ეს ნათია დედაა. და კიდევ, დედა ბედნიერია მაშინ, როცა კარგი მამა უდგას გვერდში.
- როცა შვილების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განათლებას, აღზრდას ეხება საქმე, დაუძლეველი პრობლემა არ არსებობს. შვილებისთვის ადამიანი შეუძლებელს შეძლებს.
- თუ უფალი კიდევ ერთ შვილს მომცემს, აუცილებლად გავაჩენ.
მერი ბლიაძე
"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი