გული სახლში რჩება, როცა თავის მესამე შვილს, 8 თვის ალექსანდრეს, ძიძას უტოვებს და სამსახურში მიდის ჟურნალი "სარკე" ტელეწამყვან თიკა ფაცაციასთან ინტერვიუს აქვეყნებს, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.
...გული სახლში რჩება, როცა თავის მესამე შვილს, 8 თვის ალექსანდრეს, ძიძას უტოვებს და სამსახურში მიდის. ორი ტელეგადაცემა და ერთი მუსიკალური პროექტი ძალიან დიდ დროს ართმევს, მაგრამ მაინც ახერხებს, დღე ისე დაგეგმოს, რომ ქმარ-შვილს ყურადღება არ მოაკლოს. "ბედნიერებისთვის ადამიანმა რაღაცეები უნდა გააანალიზოს და მცირედშიც იპოვოს ბედნიერების მარცვალი. ყოველთვის კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს. წუწუნი არ მჩვევია", - გვითხრა თიკამ. მისთვის ბედნიერი დასვენება იყო ის ორი კვირაც, რომელიც ზაფხულის ბოლოს მთლიანად შვილებს დაუთმო და მათ მოვლაში გაატარა.
- თიკა, როგორი შვებულება გამოგივიდათ? ოჯახისთვის გამოიყენეთ.
- მთელ შვებულებას მთლიანად ჩემს ოჯახს ვუთმობ, მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია. ძალიან მშვიდი დასვენება გამომივიდა. ჩემი შვილების რეჟიმზე ვიყავი აწყობილი. ალექსანდრე 8 თვის მყავს. დილის . საათიდან ჩემი შვილების სამსახურში ვიყავი. საერთო ჯამში, დასვენება ორი კვირა გამომივიდა. ეს ნამდვილად მჭირდებოდა, რადგან საკმაოდ დატვირთული რეჟიმი მქონდა. მართლა დავისვენე. დილით ვდგებოდი, ბავშვებს, რაც სჭირდებოდათ, ყველაფერს ვუკეთედი, ცოტას ვკითხულობდი კიდეც. ამას რომ ვახერხებდი, ძალიან მიხარია.
- ადრე როგორ ისვენებდით?
- მთაში, ზღვაზე მივდიოდი, მერე ქმართან ერთად ვისვენებდი სადმე. იყო ამის საშუალება და რატომაც არა? ახლა სხვანაირი ცხოვრება გვაქვს, მხოლოდ შვილებთან ერთად ვართ.
წელს ზღვაზე არც ვყოფილვარ, აგარაკზე ვისვენებდით და რამდენიმე დღით ბათუმში ჯაზფესტივალზე ოჯახთან ერთად წავედი.
- ჯაზფესტივალზეც ვერ მოახერხეთ ქმართან ერთად ცალკე წასულიყავით?
- არა, ჯერჯერობით ამის ფუფუნება არ არის. ვერ მოვახერხეთ, ცალკე არსად ვყოფილვართ. ეს შეუძლებელია, რადგან ალექსანდრე ძალიან პატარაა, ჩემთვის კი ყველაზე დიდი სიამოვნება მასთან ურთიერთობაა.
- სამი შვილის დედას უკვე უზარმაზარი გამოცდილება გექნებათ ბავშვის აღზრდის, როგორი მიდგომა გაქვთ შვილებთან?
- გააჩნია, რისი საჭიროებაა. ხან მშვიდი ვარ და ხანაც - ემოციური... თუმცა ემოციური სულ ვარ. სხვათა შორის, ჩვენი გადაცემა "შუადღე" ბევრ ინფორმაციას მაძლევს და მის პრაქტიკაში გადატანას ვცდილობ. რაღაცეები ჩემშიც შეიცვალა და ჩემი, როგორც დედის, მიდგომებიც განსხვავებულია. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მკაცრი არ ვარ. პატარას, ბუნებრივია, არ ვსჯი, დიდს კიდევ, იმდენად დიდია, ვერ ვსჯი.
როცა ერთმანეთთან კონფლიქტი, გაუგებრობა აქვთ, ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ეს არის. ამაზე ძალიან ცუდად ვრეაგირებ. ძმები არიან, ასაკშიც სხვაობაა და მაინც აქვთ ხოლმე რაღაც დაძაბულობები. ერთმანეთის არ ესმით, კინკლაობენ, ჩხუბობენ და ეს მაგიჟებს! ამ დროს შეიძლება ყველაზე ემოციური ვიყო.
- დაახასიათეთ თქვენი ბიჭები. რით განსხვავდებიან და რით ჰგვანან ერთმანეთს?
- შუათანა, იოანე, წელს საბავშვო ბაღში მივიყვანე. ძალიან კომუნიკაბელური, გონიერი ადამიანია და ბაღში წასვლა არ გასჭირვებია. რა თქმა უნდა, განშორება გვიჭირს, მაგრამ იქ ძალიან ივსება, თან კარგი პედაგოგი ჰყავს.
უფროსი, ანდრია, მე-9 კლასშია. ძალიან ნიჭიერი ადამიანია. რასაც მოისურვებს და უნდა, რომ გააკეთოს, კარგად გამოსდის, სწავლას ვგულისხმობ. ბიჭია და ზოგჯერ ფიქრობს, რომ ესა თუ ის საგანი არ უნდა ისწავლოს. რაღაც ჩავარდნები აქვს ხოლმე. სწავლა შეუძლია, ნიჭიერია, მაგრამ თავის რესურსებს სრულად არ იყენებს.
- როგორ აღიქვამთ იმ ფაქტს, რომ უფროსი ბიჭი მალე უკვე კაცი გახდება?
- ზოგჯერ მგონია, რომ მეგობრები ვართ და ერთად გავიზარდეთ. გაგრძელება