"ბარაბნები" აღარ გვაქვს, რაც ჰქონდა, შემოეხა. ახლა ამ დანაკლისს ქვაბებითა და კოვზებით ინაზღაურებს "ეს ჩემი ძაღლია, ვიზი, ლაბრადორი. ორსულად არის და მუცელი გაებერა, ბევრი ჭამა. მუცელში პატარა ძაღლები ჰყავს: შავები, თეთრები და ყავისფრები... რასაც ეტყვი, ყველაფერს აკეთებს", - ასე დაიწყო ჩემთან ლაპარაკი 5 წლის სანდრო მაკალათიამ, როდესაც მას და მის დედიკოს, ტელე-რადიოწამყვან თამუნა მუსერიძეს შინ ვეწვიე.
სანდრო თამუნას ერთადერთი შვილია. ბავშვის მამა - მუსიკოსი, დრამერი გურამ მაკალათია, იგივე გუფია. გუფი და თამუნა ერთმანეთს შვილის დაბადებამდე დასცილდნენ. მამა შვილს მუდმივად აქცევს ყურადღებას...
დედა-შვილი ამ ზაფხულს დასასვენებლად, როგორც წესია, ჯერ - მთაში, შემდეგ - ზღვაზე იყო, და ამბობენ, რომ კარგად დაისვენეს. სანდრო საკმაოდ გონიერი ბიჭია და მართალია, ბავშვური ანცობით, მაგრამ ჩემს ყველა კითხვას უპასუხა.
- რას გვეტყვი შენზე?
- სკოლაში ჯერ არ მივსულვარ. ვცეკავ, ვმღერი, მუსიკებს ვუსმენ, ტელევიზორს ვუყურებ. აი, ბურთი და ნახე, როგორი ველოსიპედი მაქვს.
- ვინ გიყიდა?
- მამამ დაბადების დღეზე, 7 აგვისტოს მაჩუქა. მინდოდა და მომიტანა... ეს რა არის, ხელში რომ გიჭირავს?
- ეს ხმის ჩამწერია, ჩვენს საუბარს იწერს...
- ვიცი, ასეთი ჩემს ბებოსაც აქვს (სანდროს ბებია - ნინო ცხოიძე ჟურნალისტია. - ავტ.) მე ყველაფერი ვიცი...
- ახლა წელიწადის რა დროა?
- ზამთარი იყო და თოვლიც... ახლა ცხელა, ძალიან ცხელა, ყველაფერი იწვის, ხომ? მაგარი მზეა. გარეთ ვერ დავდივართ და არც უნდა გავიდეთ... მე გონიოში ვიყავი და იქ იყო ზღვა...
- მოგეწონა?
- იცი, რა მაგარი ზღვა იყო?! ვცურავდი. "უკამეროდაც" ვცურავ და "კამერითაც".
- ცურვა სად ისწავლე?
- ცურვაზე დავდივარ. კომპიუტერიც მიყვარს...
- მამიკოზე რას მეტყვი?
- ჩემი მამიკო არის გურამი, მაკალათია.
- ცნობილი ადამიანია?
- არ ვიცი, მე კი ვიცნობ... ის ჩემი მამაა და ბევრი ტატუ აქვს. ტელევიზორს არ უყურებ? ტატიშვილის შოუში "ბარაბანზე" უკრავს...
თამუნა:
- ცოტა რთულია, საკუთარ შვილზე ლაპარაკი... სანდრო არის ჯიუტი, აქვს თავისი სამყარო და არაფერს მიჯერებს...
სანდრო:
- არ ვარ ჯიუტი და ყველაფერს ვუჯერებ. გატყუებთ!..
თამუნა:
- ჰო, პატარა დამოუკიდებელი ადამიანია. რასაც ვეუბნები, ადვილად ითვისებს. უყვარს სტუმრები. არ ვიცი, 5 წლის ასაკში ვიცოდი თუ არა პლანეტების განლაგება და მათი რაოდენობა, მაგრამ ამან იცის და რაც მთავარია, აინტერესებს. წიგნები რომ მომაქვს, ცდილობს, გაეცნოს. უფრო ისეთებს ეტანება, სადაც მთვარე, მზე, პლანეტებია დახატული. მოსწონს და უამრავ კითხვას მისვამს. მეფეების ცხოვრების შესახებ რაღაცების წაკითხვა უყვარს და რამდენიმეს ბიოგრაფიაც იცის... გმირების ცხოვრებითაც ინტერესდება, ალბათ იმიტომ, რომ თვითონ ლიდერის თვისებები აქვს (იღიმება). არის მუსიკალური, სიმღერებს პირველივე აკორდიდან გამოიცნობს ხოლმე. კარგად მღერის და სიამოვნებს ქვაბებზე კოვზების დარტყმა. "ბარაბნები" აღარ გვაქვს, რადგანაც რაც ჰქონდა, შემოეხა. ახლა ამ დანაკლისს ქვაბებითა და კოვზებით ინაზღაურებს. "ბარაბნისადმი" მისწრაფება, როგორც ჩანს, გენეტიკურია...
- ჰო, მამა დრამერი ჰყავს...
- უყვარს ჯექსონი და მისი სიმღერები... ხომ ვამბობ, ბავშვური არ არის, პატარა უცნაური ადამიანია, კაცური თვისებები აქვს. არის ეჭვიანი და ცდილობს, ჩემზე რაღაც უფლებები აიღოს. ჩემს ნებისმიერ მეგობარს, რომელიც აქ მოდის, თუ ოდნავ მეტი ყურადღება მივაქციე, მაშინვე პრობლემა გვექმნება. თუ ტელეფონში რომელიმე მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ჩემი ფოტო აღმოაჩინა, შლის.
- შენ არ გგავს?
- გარეგნულად - არა, სიჯიუტით - კი... მეც ჯიუტი ვარ და თუUრაიმე ვთქვი, ვერავინ გადამათქმევინებს. ზოგჯერ ისეთ უცნაურ რაღაცებს ავლენს, გაოცებას ვერ ვფარავ. მელაპარაკება ბაბუამისზე ანუ მამაჩემზე. არადა, მამა 10 წლის წინ გარდაიცვალა, ნანახი არც ჰყავს. ამას წინათ მითხრა, - ბაბუა მომენატრა, ვნახე და ასე და ასე მითხრაო... მაგრამ როცა მამაჩემზე ლაპარაკი დაიწყო, მაშინ ძალიან პატარა იყო... ერთხელ წინ რამდენიმე სურათი დავუდე: მამაჩემის, ბაბუასი და ბიძაჩემის (სამივე გარდაცვლილია) და ვკითხე, შენი ბაბუა რომელია-მეთქი? მამაჩემის ფოტოს დაადო თითი...
გაგრძელება