დედებს ყოველთვის ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი. განსაკუთრებით, მრავალშვილიან და გამოცდილ დედებს. ჩვენს რესპოდენტს რუსუდან მესხს 9 შვილი ჰყავს, მათთან ერთადაც ადრეული ასაკის სირთულეებიც არაერთხელ აქვს გადალახული და გარდატეხის პერიოდებიც. როგორ ახერხებს ამხელა ოჯახის მოვლას ისე, რომ ყურადღება არცერთ მათგანს არ მოაკლდეს, რას ფიქრობს აღზდის მეთობზე და განათლების მიღების პრობლემებზე. ამის შესახებ ქალბატონი რუსუდანი mshoblebi.ge-ს ესაუბრა.
- მე და ჩემმა მეუღლემ 16 წლის წინ ტაძარში გავიცანით ერთმანეთი. ერთი მოძღვრის სულიერი შვილები ვიყავით. მე სასულიერო აკადემიაში, საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი მეუღლე კი ერთ-ერთ საკაბელო ტელევიზიაში მუშაობდა. სულ მალე , სამ თვეში დავქორწინდით. ორი თვის თავზე გავიგეთ, რომ პატარა გვეყოლებოდა, ეს იყო ყველაზე ბედნიერი წუთები, რომელიც აუცილებელია, რომ კიდევ და კიდევ განიცადოს ადამინმა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ჩვენი მრავალშვილიანობა. პატარაზე პატარა მიყვარდაო, არსებობს ასეთი ქართული გამოთქმა. ბავშვი ყველა ასაკში საყვარელია, თუმცა ჩვილების სიყვარულს ჩემში ვერაფერი შეცვლის. რომ ვთქვა, დაგეგმილი და ჩაფიქრებული გვქონდა მრავალშვილიანობა, ეს ასე არ არის. მაგრამ ის ზუსტად ვიცოდით ორივემ, რომ გავაჩენდით იმდენს, რამდენსაც ღმერთი გვაჩუქებდა. როცა პირველი ბავშვი შემეძინა, 18 წლის ვხდებოდი.
- რა ასაკის შვილები გყავთ?
- უფროსი 15 წლისაა, მომდევნოები 14, 12, 11, 8, 6, 4, 3 და სულ პატარა წლის და 4 თვის.
- როგორი მიდგომები გაქვთ - მკაცრი და მომთხოვნი ხართ თუ პირიქით? თქვენი აზრით, როგორი მიდგომები უფრო ამართლებს ბავშვებთან?
- მე ვფიქრობ , რომ მთავარია იყო სამართლიანი. რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ჩვენს შემთხვევაში არ არ არსებობს ერთი ხერხი, რომელიც ყველასთან ერთნაირად გაჭრის. არის საკითხები, რომლის მიმართაც გვაქვს მკაცრი მოთხოვნები, ხანდახან ჩვენც ვთმობთ რაღაცებს, ვცდილობთ, ცოტ-ცოტა, ზომიერების ფარგლებში თავისუფლება მივცეთ. უფროსებმა ძირითადად, იციან თავისი უფლება-მოვალეობები, პატარებიც მათი მაგალითით იზრდებიან. ვიბრძვით და ვცდილობთ, პირველ რიგში, კარგი ადამიანები გაიზარდონ, თავისი არსებობით სარგებელი მოუტანონ ადამიანებს.
- როგორ იცავთ სახლში წესრიგს?
- ეგ ყველაზე რთულია ჩვენს შემთხვევაში. უფროსებს აქვთ თავიანთი მოვალეობები და მეტ-ნაკლებად ასრულებენ. პატარებიც სწავლობენ ნელ-ნელა, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ჩვენთან არ ხდება ისე, რომ დილით დაალაგო სახლი და მერე მშვიდად იყო, მეც სულ ლაგების და დასუფთავების პროცესში ვარ.
- ბავშვის დასჯის ან წახალისების რა გზებს მიმართავთ ხოლმე?
- არასწორი საქციელის შემთხვევაში სიტყვიერად ვუბრაზდებით და ვუხსნით დანაშაულს. წახალისების დროსაც ძირითადად სიტყვიერი შექებით შემოვიფარგლებით. ხშირად ვაცხობ ნამცხვრებს და ყოველთვის ვამბობ, რომ კარგად რომ მოიქეცით იმიტომ გამოვაცხვე-თქო. ეს ჩემი პატარა ხრიკია, რომელიც პატარებთან ამართლებს, შეიძლება დიდებთანაც.
- სიჯიუტე, ჭირვეულობა, სიცელქე, ერთმანეთში ჩხუბი, გაუგონრობა - ეს ყველაფერი თითქმის ყველა ბავშვიანი ოჯახისთვის ნაცნობია. თქვენ როგორ ახერხებთ ამ ყველაფერთან გამკლავებას.
- დაუშვებელია ერთმანეთში ჩხუბი, ვუბრაზდები ორივე მხარეს, შემდეგ ვისმენ და ვცდილობთ, მშვიდობიანად მოვაგვაროთ საქმე. სიცელქე დიდად არ გვაწუხებს, თუ მაინც შემოუტევთ, ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო და დავასაქმო. გაუგონრობაც რაღაცნაირად გვარდება, ვმსჯელობთ და მივდივართ სასურველ შედეგამდე. პატარები საკმაოდ ჭირვეულობენ, თუმცა ეს მაშინ ხდება, როცა ჩემი ყურადღება მოაკლდებათ, რაღაცნაირად ამასაც ვძლევთ.
- თანამედროვე ოჯახებში ბავშვის კვება ხშირად დიდი აყალ-მაყალის მიზეზია - ხელით ჭმევა, ხვეწნით, სპექტაკლების დადგმით თუ დაძალებით. თქვენ როგორ ახერხებთ ამდენი ბავშვის მოსაწონი სადილი გაამზადოთ, რამდენად პრეტენზიულები არიან კვების საკითხში?
- არ არსებობს საჭმელი, რომელიც ცხრავეს გემოვნებას დააკმაყოფილებს, შესაბამისად, ვიღაც მაინც რჩება უკმაყოფილო, რადგან სხვადასხვა კერძების მომზადება დღეში რამდენჯერმე ყოვლად შეუძლებელია. ვინც უკმაყოფილოა, ბუზღუნებს, მაგრამ იცის, რომ სხვა გზა არ აქვს და მაინც ჭამს. სამაგიეროდ შემდეგ ჭამაზე ვცდილობ გავაკეთო უფრო სასურველი .
- როგორ ასწრებთ ყველაფერს, ვინ გეხმარებათ?
- მეხმარება ,მეუღლე, რომელიც უზომოდ დაკავებულია, თუმცა სახლში ყოფნის პერიოდში საკმაოდ ნაყოფიერად მეხმარება. გვყავს ბებო, რომელიც ასევე მეხმარება. მაგრამ ყველაზე დიდი ძალა უფროსი ბავშვები არიან, რომლებიც მონაცვლეობით პატარ-პატარა საქმეებში საკმაოდ კარგად მეხმარებიან.
- რაც შეეხება სწავლას, სკოლას და განათლებას - ამ საკითხში მკაცრად აკონტროლებთ შვილებს? რა შეგიძლიათ გვითხრათ ამდენ ბავშვზე მიღებული გამოცდილებით?
- სწავლა პრიორიტეტია ჩვენთვის. ვაკონტროლებ მკაცრად, თუმცა, რა თქმაუნდა, ყველას დავალების ჩაბარებას ვერ ვახერხებ, მაგრამ ვაკონტროლებ მეცადინეობის ხარისხს და ნიშნებს. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მშობელი აუცილებლად ჩართული უნდა იყოს შვილის მეცადინეობის პროცესში, მაგრამ არა თემების დაწერით და მის მაგივრად მეცადინეობით. ბავშვმა უნდა იცოდეს და გრძნობდეს, რომ შენთვის მნიშვნელოვანია მისი შრომა, მიღწევები თუ წარუმატებლობა. უნდა მოუსმინო და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარო . ხანდახან ისეთი რთული ტექსტები ხვდებათ, უჭირთ გაგება, ასეთ დროს ერთგვარი თარჯიმნის როლს ვასრულებ და ვუხსნი.
- თქვენ როგორ აფასებთ ბოლო კლასებში საატესტატო გამოცდების მოხსნას?
- უფროსი ბავშვი მეათე კლასშია და ჯერ შეხება არ მქონია საატესტატო გამოცდებთან, ამდენად კომპეტენტური ვერ ვიქნები. არ მომწონს ის, რომ განათლების სიტემაში, რომელიც ვთვლი, რომ ქვეყნის წინსვლისთვის ყველაზე მიშვნელოვან როლს ასრულებს, ასე ხშირად იცვლება მეთოდები. მგონია, რომ საკმაოდ დაუფიქრებელ ნაბიჯებს დგამენ, ამიტომაც ხშირად ცვლიან. იმედი მაქვს, საატესტატო გამოცდების სანაცვლოდ, მოიფიქრებენ რამეს, რომ მოსწავლეს მოტივაცია ქონდეს და ის ყველა საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება, სრულფასოვნად ისწავლონ.
- შფოთი, ნერვიულობა, ზოგჯერ გადამეტებულიც კი ძალიან ბევრი დედის პრობლემაა. თქვენ როგორ უმკლავდებით ემოციურ სირთულეებს.
- გეთანხმებით, რომ მშობელი მუდმივ ემოციურ სტრესშია, უბრალოდ, გამოცდილებით ნელ-ნელა სწავლობ მართვას საკუთარი ემოციების. ის, რაზეც ადრე ძალიან ვშფოთავდი და განვიცდიდი, ახლა ნაკლებად მაღელვებს. ვიცი, რომ ყველაფერი გაივლის, რომ ყველაფერი უფლის ხელშია და აუცილებლად ყველაფერი დალაგდება. ახლა ბევრად უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ვარ, ვიდრე ადრე.
- თქვენი გამოცდილებით, რომელია ბავშვის ყველაზე რთული ასაკი?
- ყველა ასაკს თავისი სირთულე ახლავს, თუმცა ის კრიზისული პერიოდები, რომლებსაც ფსიქოლოგები გამოყოფენ, ერთი წლის, სამი წლის და გარდატეხის ასაკის კრიზისები განსაკუთრებით რთულია. მაგრამ მრავალშვილიან ოჯახებში ეს გარდამტეხი ასაკები ნაკლებად თვალშისაცემია, ვიდრე ჩვეულებრივ ოჯახებში.
- და ბოლოს, რა იქნება ყველაზე სასარგებლო რჩევა შედარებით ახალბედა და გამოუცდელი დედებისთვის?
- ახალბედა დედიკოებს ვურჩევ, რომ იყვნენ უფრო მშვიდები, რადგან პირველ ბავშვზე ყველაფერი გაფრთხობს და გაშინებს. პირველ ბავშვზე გამოუცდელ დედას უამრავი ადამიანი ახვევია გარს, რომელთაგან ყველას თავისი აზრი აქვს. ეს მეტად ძაბავს დედას. პირველ რიგში დაუგდონ ყური საკუთარ ინტუიციას. მოუსმინონ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღონ თვითონ.