დედებს ბევრი მიზეზი აქვთ იმისთვის რომ განტვირთვის ხერხები ეძებონ და ხანდახან მავნე ჩვევებსაც "მიეძალონ" ახალგაზრდა დედას საქმეს და პრობლემებს რა გამოულევს. ბავშვებს დროისა და ენერგიის გარდა ნერვებიც უნდა "შესწიროს", საოჯახო საქმეებიც უნდა აკეთოს და ყოველდღიურ ყოფით პრობლემებსაც უნდა გაართვას თავი. თუ ამას სამსახური და კიდევ რაიმე ოჯახური პრობლემაც დაერთო... მოკლედ, დედებს ბევრი მიზეზი აქვთ იმისთვის, რომ განტვირთვის ხერხები ეძებონ და ხანდახან მავნე ჩვევებსაც "მიეძალონ".
ფსიქოლოგებმა არ დაიზარეს და შეადგინეს 5-პუნქტიანი ჩამონათვალი იმ მავნე ჩვევებისა, რომლებსაც თანამედროვე დედები ხშირად ავლენენ. ეს ჩვევები თურმე არა მარტო ულამაზოა, არამედ საზიანოც.
მაშ ასე, მავნე ჩვევები, რომლებსაც ახალგაზრდა დედა რაც მალე გადაეჩვევა, მით უკეთესი მისთვის.
1. სოციალურ ქსელებში დროის მოკვლა
ბავშვმა დაიძინა? რაღას უცდით, დასვენებისთვის მშვენიერი შანსი გაქვთ. თუ დასვენება არ გინდათ, სადილი მაინც მოამზადეთ ან წინასწარ გააკეთეთ ის, რაც ხვალ მაინც თქვენი გასაკეთებელი იქნება. მაგრამ არა, დედების უმეტესობა ამ დროს ინტერნეტში იძირება, თან დიდი ხნით, საფუძვლიანად და ხანდახან ძილსაც იტეხავენ ამის გამო, არადა, სწორედ ძილი და დასვენება აკლიათ ამ დროს ყველაზე მეტად. თქვენი ნებაა, მაგრამ მავნე ჩვევად ხომ არ გექცათ? დროს თქვენთვის ოქროს ფასი აქვს, ნუ გაფლანგავთ მას, რადგან თქვენს ნაცვლად "ფეისბუქში" ვერავინ მოაგვარებს თქვენს პრობლემებს.
2. შუადღემდე ხალათით ან საღამურით სიარული
გეთანხმებით, ძალიან მოხერხებულია, მაგრამ ეს ლოგინიდან ახალგამომძვრალის იმიჯი თანდათან თქვენს ძირითად სახედ იქცევა. ნელ-ნელა გადაეჩვევით თავის წესრიგში მოყვანას, უფრო და უფრო დაგეზარებათ თავის მოსავლელი პროცედურები. ძალიან მოგწონთ ის ქალები, რომლებიც "თუ არსად მიდიან", არც თმას ივარცხნიან, არც პირს იბანენ? იქამდე სულ ორი ნაბიჯია.
3. მუდმივად ბავშვზე ლაპარაკი
დედა, რომლის ინტერესი, თვალსაწიერი და სასაუბრო თემა საკუთარი შვილის იქეთ ვერ მიდის, რბილად რომ ვთქვათ... საშინელებაა. ეს თქვენთვის არის ნომერ პირველი საკითხი, ბავშვის პირველმა კბილმა რომ ღრძილი "უკვე" გაჭრა, სამაგიეროდ თქვენს მეგობრებს, რომლებსაც უკვე ძალიან იშვიათად ხედავთ, ამის ცოდნა და მხოლოდ ამაზე საუბარი არაფერში სჭირდებათ. ნუ დაკარგავთ ურთიერთობის ხიბლს და გახსოვდეთ, კარგად აღზრდილი ხალხი საზოგადოებაში იმაზე საუბრობს, რაც სხვებსაც აინტერესებთ.
4. შვილის დატოვებული საჭმლის "მოსუფთავება"
მერე რა, ყველა დედა ასე იქცევა - ბავშვის ბოლომდე შეუჭმელი ფაფა მისი წილია, გუფთაც, სოსისიც... ნამცხვრის ნაჭერიც... არადა, გახდომა და ფორმაში ჩადგომა გინდათ.
5. გვიან დაძინება
მთელ ოჯახს და მათ შორის ბავშვსაც ძინავს. თქვენ კი ისევ ფეხზე ხართ და მთელ სახლში "დაბორიალობთ", თან ათას მიზეზს იგონებთ, რომ არ დაწვეთ. ეს მართლაც საშინელი ჩვევაა და მას მონატრებული სიმშვიდით ტკბობის სურვილი იწვევს. მაგრამ უძილობით ვერ დატკბებით. ეს გაღიზიანებული ნერვებითა და თავის ტკივილით დაგიბრუნდებათ უკან.