და ამან ქალის ცხოვრება მკვეთრად შეცვალა ჩემს ტელეფონში ფოტოებს ვათვალიერებდი, როცა შემთხვევით "ეს" მომხვდა თვალში. ჩემი ფოტო, ზაფხულში, პლაჟზე გადაღებული – ვწევარ მოშვებული, ხელები და ფეხები სხვადასხვა მხარეს მაქვს დაყრილი და ყველასგან ვარ ზურგშექცეული.
თავიდან ნამდვილი შოკი მქონდა. ვინ გადაიღო ეს საზარელი ფოტო? საკუთარი თავი შემეზიზღა, სულ უფრო და უფრო მეტად მიძლიერდებოდა ეს განცდა და მზად ვიყავი, ტირილი დამეწყო. სწორედ იმ წამს, როცა ფოტოს წაშლას ვაპირებდი, ჩემი ვაჟი შემოვიდა ოთახში.
- იქნებ მითხრა, ვაჟბატონო, საიდან გაჩნდა ეს ფოტო? – ვკითხე მკაცრად და სურათი ვაჩვენე, მისი პირველი რეაქცია გამაოგნებელი იყო – ყურებამდე გაეხა პირი.
- დედა, მე გადაგიღე, ზღვაზე რომ ვიყავით.
- იქნებ ჯერ ნებართვა ითხოვო ხოლმე, სანამ ჩემს ტელეფონს აიღებ და ფოტოებს გადამიღებ! – ვუთხარი განაწყენებულმა.
- მართალი ხარ, დედა, მაგრამ ნახე, რა კარგი ფოტოა, რა საყვარელი ხარ აქ. მართლა!
კიდევ ერთხელ დავხედე ფოტოს და ვეცადე დამენახა ის, რის ახსნასაც ჩემი შვილი ცდილობდა. უცებ ქალიშვილიც შემოგვესწრო, ფოტოს მანაც დახედა.
- დე, ეს ფოტო მეც მინდა მობილურში... ძალიან ლამაზი ხარ აქ, მომწონხარ!
ღრმად ამოვიოხრე. სინამდვილეში ეს სწორედ ის იყო, რაც მინდოდა. ყოველთვის მხოლოდ საკუთარ ნაკლოვანებებს ვხედავდი. მაგრამ თანდათან ყველაფერმა იცვალა სახე:
კიდევ ვხედავდი ჩემს სავსე თეძოებს. მაგრამ ასევე ვხედავდი ქალს, რომელიც დაიღალა ორ ბავშვთან დასვენების შემდეგ.
ვხედავდი ჩემს პუტკუნა ხელებს. მაგრამ ასევე – დედის ხელებს, რომელსაც შვილები აჰყავდა ხელში, რომ ქვებზე ფეხი არ ეღრძოთ ან ცხელ ქვიაშზე არ დაეწვათ.
ვხედავდი ტანსრულ ქალს, რომელსაც შავი დახურული საცურაო კოსტიუმი ჩაეცვა, რომ პრობლემური ზონები დაეფარა. მაგრამ იმავდროულად ვხედავდი ბედნიერ ქალს, რომელიც შვილების სიყვარულით იყო მოცული.
რაც თავი მახსოვს, ზედმეტ წონას ვებრძვი, ისე. როგორც ბევრი ქალი. სავარაუდოდ, ასევე გავაგრძელებ. ალბათ, ვერასოდეს გავხდები ძალიან მოხდენილი და მოდელის გარეგნობაც არასდროს მექნება. უკვე 10 წელია ყოველდღე ვიწონები... მაგრამ იმ დღის შემდეგ არ ვაძლევ უფლებას ზედმეტ წონას, რომ ცხოვრებაში შემიშალოს ხელი: ისევ ვიცვამ მაისურებს, პლაჟის კაბებს, საცურაო კოსტიუმებს. ხშირად ვსეირნობ ჩემს შვილებთან ერთად და ვთამაშობ მათთან. ხანდახან თავს მომხიბვლელადაც ვგრძნობ. შეიძლება, ისე ძალიან თავდაჯერებული არ ვარ, მაგრამ უკვე ამ მიმართულებით მიდის ჩემი ფიქრები. იქნებ იმიტომ, რომ ასაკი მემატება და ბევრ რამეს ვიაზრებ? ან მიზეზი იქნებ ის არის, რომ ახლა უფრო მეტად მნიშვნელოვანი რამეები მაღელვებს, ვიდრე შთაბეჭდილება, რომელსაც გარშემო მყიფებზე ვახდენ. ან იქნებ ის არის მიზეზი, რომ ჩემი შვილები აღფრთოვანებითა და სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებენ?
ერთი რამ ნათელია: მე აღარ მძულს საკუთარი სხეული. რა თქმა უნდა, განვაგრძობ საკუთარ თავზე მუშაობას, სწორ კვებას, ვარჯიშს, რომ ჯანმრთელი ვიყო და დიდხანს ვიყო ჩემი შვილების გვერდით. მაგრამ სწორედ ახლა მინდა, მიყვარდეს საკუთარი თავი, საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის. მინდა, რომ ისევე ვხედავდე საკუთარ თავს, როგორც ჩემი შვილები მხედავენ მე.
შვილებო, მადლობა ამისთვის! ძალიან მიყვარხართ!