დაჩაგრულია თუ არა ქალი ჩვენს რეალობაში?
დაჩაგრულია თუ არა ქალი ჩვენს რეალობაში?
მსახიობი მანანა კაზაკოვა მეუღლესთან, ლევან წულაძესთან ერთად ცოტა ხანში ტელეკომპანია ''მარაოზე''კულინარიულ გადაცემას წაიყვანს, თუმცა ამჯერად მას სახლში ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

- ტრადიციების ქონაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და ჩვენც გვაქვს გარკვეული ტრადიციები, მაგალითად, პრობლემების ერთად გადაწყვეტის, თინათინი, მე და ჭოლა მნიშვნელოვან საკითხებს ერთად ვწყვეტთ. ასევე გვაქვს ახალი წლის ღამეს საჩუქრების გაკეთების ტრადიცია, ოჯახის თითოეული წევრი ცდილობს, გამოიცნოს, რა გაუხარდება იმ ადამიანს, ვის დასაჩუქრებასაც აპირებს, წინასწარ არ ვეუბნებით ერთმანეთს, ეს მინდა და ეს მიყიდეო, შეძენილ საჩუქარს დიდი ამბით ვმალავთ და
ახალი წლის დადგომისთანავე ვხსნით. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენი მეგობრები ჩვენთან ერთად შეხვედრიან და მათი საჩუქრებისთვისაც იმავენაირად გვიზრუნია, დიდი ხიბლი აქვს გახსნისა და საჩუქრის ნახვის მომენტს. გარდა ამისა, გვაქვს სადილების ერთად კეთების ტრადიცია, ოღონდ ეს არაა ჭამა ჭამისთვის, თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი - მზადება, კამათი, ამას ეს მოუხდება, ეს ცუდ გემოს მისცემს, რას აკეთებ, დავიღუპეთ და ა.შ...
სოციალურმა ქსელებმა, მობილურებმა, რომლებშიც ყველა თავჩარგულია, ისედაც დაგვაშორა ერთმანეთს, ასეთი ტრადიციების ხარჯზე კი ვახერხებთ იმ დანაკლისის შევსებას, რასაც ერთიმეორეს ვაკლებთ. ძალიან მომწონს მეგობრებთან სიახლოვის, მისვლა-მოსვლის ტრადიცია, საზღვარგარეთ ეს უფრო გაოფი-ციალურებულია, გეგმავენ ყველაფერს, მოულოდნელად და გაუფრთხილებლად მეგობართან ვერ მიხვალ,
რაც ძალიან არ მომწონს.
- თუ არსებობს ისეთი ტრადიცია, რომელიც ნაკლებ სიმპათიას იწვევს?
- უფრო ცრურწმენები მაღიზიანებს, მარილი დაიყარა, უკან გადაყარე, იჩხუბებ, დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება ერთი ან ორმოცი წლის ასაკში და ა.შ. ასეთ რაღაცებს არ მივდევ და არც მიყვარს.
- როგორ ფიქრობთ, ჩვენს რეალობაში ქალი დაჩაგრულია? როცა მას მუშაობასთან ერთად უწევს დიასახლისობა, ზრუნვა ოჯახის წევრზე და ა.შ.?
- კონკრეტულ შემთხვევებში კი. მამაკაცი სამსახურიდან რომ მოდის და ამბობს, დაღლილი ვარო, მისაღები და გასათვალისწინებელია, ქალი, კი რომელიც მთელ დღეს ასევე შრომაში ატარებს, საღამოს ისევ მას უნდა მოემსახუროს. ვფიქრობ, რომ ამაში არის ჩაგვრის გარკვეული დოზა, გარდა ამისა, მხოლოდ თბილისით ხომ არ ვსაზღვრავთ, რეგიონებში კიდევ უფრო მძიმე პრობლემებს ვაწყდებით. ქალები მამაკაცებზე არანაკლებ ფიზიკურ შრომას სწევენ და ამასთანავე ზრუნავენ ოჯახზეც საკმაოდ ცუდ პირობებში, ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ქალი დაჩაგრულია.
- გენდერულ თანასწორობაზე რას ფიქრობთ?
- ჩემს ბავშვობაში ქალები რესტორანში არ დადიოდნენ, მაშინ, როცა დღეს მამაკაცების გარეშეც მშვენივრად ილხენენ. იმ პერიოდში ქორწილსა და ქელეხში მიდიოდნენ, ოღონდ აუცილებლად მამაკაცებთან ერთად, მეტიც, მამაკაცებიც არ დადიოდნენ ასე ხშირად რესტორანში და მხოლოდ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად სტუმრობდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ე.წ. ტრადიცია გაქრა, დღეს ეს რომ მოვუყვე ჩემს შვილ თინათინს, სასაცილოდ არ ეყოფა.
საერთოდ ყველაფერი, მათ შორის გენდერული თანასწორობაც, რეალურ საქმეებს მოაქვს, როცა ქალი შემდგარია, აქვს შემოსავალი, საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობა, ბუნებრივად მოდის თანასწორობა, მხოლოდ სიტყვით ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია.
- ოჯახის უფროსის ფენომენი როგორ გესმით?
- უმჯობესია, ყველაფერი კონკრეტული მაგალითებით განვიხილოთ. ოჯახის უფროსმა უნდა მოიპოვოს ოჯახის დანარჩენი წევრების ნდობა, თორემ მხოლოდ მუშტის ქნევითა და ყვირილით ვერაფერს გახდება. პირადად მე ჭოლას ჭკუას უფრო ვენდობი, ვიდრე საკუთარს, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვან საკითხებში ის ავტორიტეტია ჩემთვის, რადგან მან ეს დაიმსახურა მოტივაციით, ახსნით და ა.შ.
- ქალების მიმართ ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- მაპატიეთ, მაგრამ ეს გაუნათლებლობისა და უვიცობის ბრალია. ადრეც იყო ძალადობა, უბრალოდ, ახლა ხალხს მეტი გამბედაობა აქვს, გაასაჯაროონ საკუთარი ცხოვრება და უკვე იციან, ვის მიმართონ ასეთი შემთხვევების დროს.
- სტერეოტიპულია რძალ-დედამთილის ურთიერთობაც, რისი თქმა შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?
- ყველაფერი მაინც ფინანსურ მდგომარეობამდე მიდის. ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, 150-ლარიანი პენსიით ადამიანმა თავის რჩენა შეძლოს. კარგი პენსია რომ ჰქონდეს და საკუთარი თავის რჩენა შეძლოს, რატომაც არ იქნებოდა კარგი, თუ წყვილი დამოუკიდებლად იცხოვრებდა?!
დღეს, თავად ლევანმა რომ მითხრას, ცალკე ვიცხოვროთო, ვერსად წავალთ, იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად არის ლევანის დედა, რომელსაც ჩვენი ზრუნვა სჭირდება. ჩემი აზრით, ცალ-ცალკე ცხოვრება განსაკუთრებით შეუღლების პირველ წლებშია სასურველი, როცა მეტია კონფლიქტი, როცა წყვილი თავადვე სწავლობს, რისი დათმობა შეუძლია და რას არ დათმობს არასდროს, უმჯობესია, მარტოებმა გადალახონ. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ამ დროს კი მესამე ადამიანის არსებობა, გოგოს დედა იქნება ეს თუ ბიჭის, სახარბიელო არ არის. თუმცა ჩვენს რეალობაში მაინც ყველაფერი სხვაგვარადაა, ხშირ შემთხვევაში გოგო ცოლად მიჰყვება ოჯახს და არა ბიჭს, რადგან ერთად ცხოვრების დროს უწევს იმ ოჯახთან შეგუება, მათი ტრადიციების ათვისება და ა.შ. დედამთილის პოზიციიდან რომ შევხედოთ, მისთვისაც არ არის ადვილი, სრულიად უცხო ადამიანს შეეგუოს, გაუწიოს ანგარიში და თვალი დახუჭოს ბევრ რამეზე. მოკლედ, რთულია თანაცხოვრება, მაგრამ შესაძლებელი.

იხილეთ გაგრძელება
1596
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
eliza
0
Did pativs vcem mananas da mis azrs, titkos chemi pikrebi amovikitxe.
14:50 / 05-10-2014
მარინა
0
მომწონს ეს ქალბატონი. სიმპათიური, ჭკვიანი...
11:41 / 05-10-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?