"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები
"ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ" - ცნობილები და მათი დედისერთა შვილები
ადამიანისთვის მშობლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მყარი დასაყრდენი დედმამიშვილია, თუმცა ცხოვრებაში ისეც ხდება, როცა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ცოლ-ქმარი მხოლოდ ერთ შვილს სჯერდება. ამჯერად, გადავწყვიტეთ დედისერთების თემაზე მოგვემზადებინა მასალა და იმ ცნობილ დედებს დავუკავშირდით, რომლებსაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ... დავინტერესდით იმით, რამდენად ეჭვიანები, ეგოისტები და განებივრებულები არიან ცნობილი მშობლების დედისერთა შვილები.

ნინო ძოწენიძე: "როგორც დედისერთას, ეგოიზმი აქვს წინა პლანზე წამოწეული"
- 23 წლის ვიყავი, სანდრო რომ გაჩნდა, ძალიან რთულად აღსაზრდელი
ბავშვი გახლდათ, თავისებური იყო, არ იძინებდა - უნდა დამეძინებინა მეტროში, სამარშუტო ტაქსიში, ავტობუსში და დაძინებული უნდა მომეყვანა სახლში. დავდიოდი აქეთ-იქით ჩემს შვილთან და დაქალთან ერთად, დაიძინებდა სანდრო და მერე ვბრუნდებოდი შინ. სხვათა შორის, დღემდე თავისებურია, ვერ ვიტყვი, რომ მარტივია, ჭკვიანია, მაგრამ ჯიუტი და პრინციპული.
- ეჭვიანობა ახასიათებს?
- კი, ძალიან ეჭვიანია. მეგობრის ბავშვსაც კი თუ თბილად ვუთხარი რაღაც, ცოტას ნერვიულობს, - ჩემზე მეტად გიყვარს? - მეკითხება ხოლმე... როგორც დედისერთას ცოტა ეგოიზმი აქვს წინა პლანზე წამოწეული.
- განებივრებული რამდენად არის?
- მე და გიგას განებივრებული ნამდვილად გვყავს, იმიტომ, რომ ბავშვობაში მე არ მქონდა იმდენი რამ, რაც ჩემს შვილს დღეს აქვს, თუმცა მამა მაინც სჩადიოდა
სასწაულს და აჩენდა იმას, რაც მინდოდა. მაგრამ როცა გული მწყდებოდა რაღაცაზე, მახსოვს როგორ ცუდად ვიყავი და არ მინდა, ეს შეგრძნება სანდროს ჰქონდეს. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია, მაგრამ ასე ვარ. ზედმეტად ვანებივრებ, მის ჭკუაზე დავდივარ. "მაკდონალდსი" უყვარს ძალიან და თითქმის ყოველდღე დავდივართ, თან ისე მეტყვის ხოლმე, ნეტა ახლა "მაკდონალდსში" ვიყოო, რომ ვერ უძლებს ჩემი გული ასეთ თხოვნას და მიმყავს. მეუბნებიან, ძალიან ათამამებ, თავის ჭკუაზე დადისო, მაგრამ ჭკვიანიცაა და აბალანსებს ეს სიჯიუტე მის კარგ ხასიათს.

mshoblebi
- დედმამიშვილის ყოლასთან დაკავშირებით აქვს რაიმე პოზიცია?
- კი, უნდა, ამ ბოლო დროს მით უმეტეს გაუჩნდა ეს სურვილი, ოღონდ უნდა, უფროსი ძმა ჰყავდეს, პატარები რომ ტირიან, ეს ცოტა დისკომფორტია მისთვის. თუმცა მაინც იძახის ხოლმე, იქნებ ძმა მყავდესო, და არ უნდა ცოცხალი თავით. ძმაკაცები იმდენად უყვარს, ამბობს, ნეტავ ის ჩემი ძმა იყოსო. ვუხსნი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობრების შვილები არიან, ისინი მაინც შენი ძმები არიან-მეთქი, იმასაც რომ ვამატებ, შეიძლება მერე ყურადღება შენ მოგაკლდეს და მასზე მოხდეს გადართვა-მეთქი, დიდად არ მოსწონს. მეორე შვილი რომ შემეძინოს, ზუსტად ვიცი, უარესად გაეგოისტდება.
- არ გიფიქრია მეორეს გაჩენა?
- ჯერ არ მიფიქრია. შვილს რომ აჩენ, მას უნდა შეუქმნა პირობები. იციან ხოლმე თქმა, მაინც გაიზრდება, რა პრობლემააო, მაგრამ მგონია, რომ მეტი კომფორტი, მეტი ძალა, მეტი ნერვები სჭირდება მეტ შვილს. ჯერჯერობით არ მიფიქრია მეორეს გაჩენა და ვნახოთ, მერ რა იქნება.
- დღეს, რა პრობლემებს აწყდები სანდროსთან ურთიერთობაში? სწავლა, კომპიუტერი, დროულად დაძინება...
- უფრო მონდომებული იყო სწავლის თვალსაზრისით, ახლა ცოტა გაზარმაცდა, საკმაოდ დარწმუნებულია საკუთარ თავში, ბევრ რაღაცაზე ამბობს, ვიციო. მეტიც, იმდენად კარგად ვიცი ყველა საგანი, ბავშვები უნდა მოვამზადოო. ზარმაცი არაა, მაგრამ იმდენი რაღაც აქვს ხოლმე სამეცადინო, რომ ნერვები ეშლება. გარდა ამისა, გვაქვს კომპიუტერის პრობლემა, უნდა, მასთან დიდი დრო გატაროს, მოგეხსენებათ, კომპიუტერის თაობას წარმოადგენენ ახლანდელი ბავშვები და სულ ვერ დაუშლი მასთან კონტაქტს. გარდა ამისა, ძალიან მამაკაცურია, ვთქვათ, ტაქსიში თუ წავიღიღინებ: ძოწკა, ჩუმად, ტაქსიში ხარო, - მკაცრად მეუბნება. მე არ ჩამიდია მასში აზიატური თვისებები, მაგრამ აშკარად გამოხატავს შინაგან ქართულ ხასიათს, ეს კარგია, ოღონდ დოზირებულად, ზემდეტი არაფერი არ ვარგა.

მანანა კოზაკოვა: "მეც და ჭოლაც სულ ვმუშაობდით, ამიტომ დიდი დოზით ყურადღების ცენტრში ბავშვი ვერ ექცეოდა"
mshoblebi
- თინათინი რთული გასაზრდელი არ იყო, 9 თვემდე ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა არც წყალი იყო, არც - შუქი, საკმაოდ რთული პირობები გვქონდა, მაგრამ თვითონ ბავშვი არ იყო რთული, ტიროდა მაშინ, როცა შიოდა, რამე სტკიოდა, უაზროდ არ წუხდა.
- რადგან მარტო იზრდებოდა, ჰქონდა ეგიოსტობის, ეჭვიანობის მომენტი?
- რაღაც დოზით ალბათ თინათინიცაა განებვრებული, მაგრამ დედისერთას "სიმპტომები" არ აქვს, ალბათ იმიტომ, რომ მეც და ჭოლაც სულ ვმუშაობდით, ამიტომ დიდი დოზით ყურადღების ცენტრში ბავშვი ვერ ექცეოდა. დამყავდა ხოლმე თეატრში, როცა ეძინებოდა, სკამებს ერთმანეთს მიადგამდა და კულისებში იძინებდა. სულ ჩემთან იყო, მაგრამ თავისი თვალით ხედავდა, როგორი დაკავებული ვიყავით, შესაბამისად მის ზედმეტად განებივრებას ვერც ვახერხებდით. გარდა ამისა, ჩვენთან სულ ვიღაც ცხოვრობდა, ხალხმრავლობა იყო სახლში, კომუნასავით, ზოგჯერ მისი საჭმელიც კი შეუჭამიათ, ანუ იმის თქმა მინდა, რომ გამორჩეულად თავს არ ვაგრძნობინებდით, არ დავდიოდით ფეხაკრეფით, როცა მას ეძინა, ისიც ჩვეულებრივი ოჯახის წევრი იყო და ალბათ ამის შედეგია ის, რომ ეგოიზმი არ აქვს.
- როდესაც პატარა იყო და თქვენ სხვა ბავშვის მიმართ გამოხატავდით სითბოს, ჰქონდა ამაზე რეაქცია?
- არა, არასდროს. როცა ჩემი დისშვილი ლიზი გაჩნდა, ჩემმა აღმზრდელმა ბაბუამ იფიქრა, თინათინმა არ ინერვიულოსო, მოჰკიდა ხელი და უთხრა, წამოდი, ბავშვი ერთად ვნახოთო. თინათინი მიუბრუნდა და ასეთი რაღაც თქვა: ბაბუ, რატომ მკიდებ ხელს? პირიქით, მე მიხარია, რომ დაიკო გამიჩნდაო... ანუ თვითონაც არ იყო ეგოისტი ბავშვი.
- დღეს გული ხომ არ სწყდება, რომ დედმამიშვილი არ ჰყავს?
- თინათინმა იცის, რომ ჩვენ ძალიან გვინდოდა, კიდევ გვყოლოდა შვილი, მცდელობაც გვქონდა, ვიყავი კიდეც ორსულად, მაგრამ...…მან ეს ყველაფერი იცის, განიცდის ალბათ, მაგრამ ჩემთან არ გამოხატავს, რადგან ხვდება, რომ მეც განვიცდი ამას. ერთი შვილი იმიტომ არ გვყავს, რომ მეტის გაჩენა არ მოვინდომე, პირიქით სურვილი სულ გვქონდა, მაგრამ ასე მოხდა..

ნათია დუმბაძე: "სულ საქმე მქონდა, მაგრამ ახლა უნდა მოვიცალო მეორე ბავშვისთვის"
mshoblebi
- 19 წლის ვიყავი, დუდუ რომ გავაჩინე. ძალიან რთული გასაზრდელი იყო, სამ წლამდე არ ეძინა, თუმცა დამხმარეები მყავდნენ, მარტო არ ვყოფილვარ. როგორც დედისერთა, ეჭვიანობდა ხოლმე, სხვის შვილებს რომ ვეფერებოდი, მაგრამ მარტივად გადავლახეთ ეს ეტაპი.
- საუბრით მოაგვარე ეს პრობლემა, თუ გაიზარდა და მიხვდა ყველაფერს?
- არა, თავისით გადაუარა, რაიმე კონკრეტული საუბარი არ გვქონია. სხვათა შორის, როგორც დედისერთებს სჩვევიათ, ისე განებივრებულიც არაა.
- არ გთხოვს დას ან ძმას?
- კი, ძალიან უნდა, მთხოვს ყოველდღე. ვფიქრობ, მალე გავაჩინო მეორე.
- თუ არ ვცდები, დუდუ 7 წლისაა, ეს პაუზა რამ გამოიწვია?
- ჩემმა დაკავებულობამ, ყველა ეტაპზე საქმე მქონდა, მაგრამ ახლა ამისთვის უნდა მოვიცალო.

ციცი ომანიძე
8783
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
MAO
0
მშობელი, რომელსაც შვილი ყოველდღე დაყავს მაკდონალდსში, მისი მკვლელია.
06:30 / 08-10-2014
მსგავსი სიახლეები
```