კაცმა რომ თქვას, დიასახლისობას რა უნდა.
გაიღვიძე დილით, ასაუზმე მთელი ოჯახი - რა უნდა ამის გაკეთებას.
საუზმის გაწყობა ასე რთულია? ფაფა გინდა, უცებ მოიხარშება, კვერცხი ისედაც მალე იხარშება, კიდევ უფრო მალე - იწვება. ჩაიდანსაც შემოდგმა უნდა მხოლოდ, თვითონ ადუღდება.
ან ბუტერბროდების კეთებაში რა პრობლემას ხედავთ - პურს შენ ხომ არ აცხობ, კარაქიც მაღაზიიდან გაქვს ამოტანილი, ძეხვსაც ქარხანა აკეთებს.
დაჭერი, დაალაგე, ჩამოურიგე ყველას და დაჯექი, დაისვენე.
ძაღლს აჭამე.
მერე აუთოვე.
ამ დროს შეგიძლია ფილმსაც უყურო.
შემდეგ იატაკებს მოასუფთავებ, მიყრილ-მოყრილ ნივთებს კარადებში გაანაწილებ, სხვა ნარჩენებს - მობნეულ ფქვილს, შაქრის ნამცეცებს, ცხიმის ლაქებს, მტვერს, პურის ნაფხვენებს, კანფეტისგან გაწებოვნებულ ადგილებს ცოცხითა და სველი ტილოთი გაუმკლავდები.
ხომ ხედავ, დიდი არაფერი შრომა გიწევს, სამაგიეროდ, ბედნიერი ხარ.
ყველა საცვალს, წინდას, შარვლებს, კაბებს, მაისურებს, კოლგოტებს, ჯემპრებსა და ჟაკეტებს ერთად მოაგროვებ, ფერების და ქსოვილების მიხედვით დაახარისხებ და სარეცხ მანქანაში შეუძახებ. ღილაკს დააჭერ და... არც მანქანა იღლება რეცხვით და არც შენ.
სანამ ისევ ჯანზე ხარ, საწოლები აალაგე, ფეხსაცმელები მოაწესრიგე, ჭუჭყიანები გარეცხე, უბრალოდ ნაცვამები - გაასუფთავე, სკამებზე მიმოფენილი ქურთუკებიც კარადაში ლამაზად შეკიდე.
რაღა დაგრჩა? აწი სადილი უნდა მოამზადო.
სამწუხაროდ, სადილი ისე სწრაფად არ მზადდება, როგორც საუზმე. მითუმეტეს, ხორციან კერძს ზოგჯერ დილიდან უნდა ხარშვა, მაგრამ მონდომებაა მთავარი. მაგალითად, ჩაადგამ ხორცს, ამასობაში გაიქცევი და კბილებს გამოიხეხავ. მერე ბრინჯს და კარტოფილს ჩაყრი, სანამ მოიხარშება, კიდევ ხომ მოასწრებ რამეს... მაგალითად, ხედავ, რომ ვაშლი ფუჭდება. ადგები და ღვეზელის ცხობას წამოიწყებ. თან გიხარია, რომ ვაშლიც გადარჩა და შენც იყოჩაღე. სიხარულია მთავარი. ამ დროს როგორ შეგიძილია, დაღლაზე იფიქრო.
სანამ ღვეზელი ღუმელშია, ტილოს აიღებ და სამზარეულოში კარადებს, შუშებს ჩამოურბენ, რომ ნათითურებისგან გაწმინდო. ალაგ-ალაგ ბავშვების მითხუპნული თაფლის ან ჯემის ნაკვალევი დაგხვდება, ამას ეშველება, აი, პლასტილინი ან ფლომასტრის ლაქები თუ დაგხვდა, ცოტა მეტ დროს წაიღებს.
იატაკის მოწმენდასაც მოასწრებ, მადლობა ღმერთს, ამისთვის მუხლებზე ხოხვა აღარ გვიწევს... მოძრაობა კი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
უკვე ოჯახიც შეგროვდა. ბავშვებს ხელ-პირი დაბანე, ცხვირები მოხოცე. იმას სუპი გაუგრილე, იმას მეორედ დაუსხი, უმცხრისმა არ ჭამა... იმას რაიმე სხვას მოუმზადებ.
მაგიდას აალაგებ, ჭურჭელს დარეცხავ... ხო, მეც ქორწილის სუფრა მახსენდება ამ დროს. ეს ჭიქები და დანა-ჩანგალი მაინც სად გროვდება ამდენი... კოვზები მითუმეტეს... მაგრამ ჭურჭლის დარეცხვას რა უნდა, ესეც ძირმიმწვარი ქვაბი ხომ არ არის.
აჰაა, სარეცხი მანქანაც გაჩერდა. გამოიღე სარეცხი და გაფინე. მდინარეზე ხომ არ გადიხარ გასავლებად, ხედავ, როგორ გაგვიმართლა ბებიებთან შედარებით.
უკვე მოსაღამოვდა. აბა, ყველანი აბაზანაში - ბანაობის დროა.
ვახშამი ყველაზე მარტივია - საუზმის და სადილის ნარჩენებს დამატებული ფანტაზია და მარჯვე ხელები.
შემდეგ ყველას დააწვენ და ჭურჭელს დარეცხავ...
დაჯდები, სერიალს ჩართავ ფინჯან ჩაისთან ერთად.
ვერ წამოწვები, თორემ ჩაგეძინება, სერიალიც გვერდზე და დაგრჩება და ჩაიც...
...ეეჰ, სერიალს კი გადაახვევ, მაგრამ ჩაი რომ გინდოდა?...
ჰოდა, ამიხსენით ვინმემ, რა აწუწუნებთ ამ დიასახლისებს. საიმისოს რას აკეთებენ, რომ ვარცხნილობა ვერ მოიწესრიგონ, მანიკური ვერ მოასწრონ, მეგობრებს ვერ შეხვდნენ და სახეზე ნიღაბი ვერ დაიდონ...
მე?... მე არ ვწუწუნებ, მადლობა ღმერთს, ამ ყველაფერთან ერთად ვმუშაობ კიდეც და ოჯახში, როგორც იტყვიან, ორი კაპიკი შემაქვს.