მაია ჯიშკარიანი 29 წლისაა და 4 შვილი ჰყავს. ექოსკოპიაზე მისულს მოულოდნელად ექიმმა უთხრა, რომ ერთდროულად სამი შვილის დედა გახდებოდა, რაც, როგორც თავად ამბობს, ძალიან დიდი სიხარული და სიურპრიზი იყო მისთვის. პროფესიით სპეც. პედაგოგია, თუმცა სამსახურს არასაკმარისი ანაზრაურების გამო დაანება თავი. მაია გვიყვება, როგორია მრავალშვილიანი დედობა ახალგაზრდა ასაკში და რა სირთულეებს აწყდება:
- პირველი ბავშვის მერე, თავი დავანებე სამსახურს, ანაზღაურება არ მქონდა იმდენი, რომ ძიძა ამეყვანა. არც ვნანობ წამით, ეს ნაბიჯი რომ გადავდგი... მთელ დროს ჩემს პრინცესას ვუთმობდი. დაიკოს როდის მომიყვანთო, გვეკითხებოდა, ძალიან უნდოდა დაიკო. სანამ ექოსკოპიაზე მეტყოდნენ, სამი ნაყოფიაო, მეზობელი იყო გადმოსული და ეუბნება, ჩემს დედიკოს სამი ბაია ჰყავს მუცელშიო. ექოზე რომ მითხრეს, სამი ნაყოფიაო, ეს იყო სრული შოკი - ვტიროდი, ვიცინოდი, მიხაროდა, მეშინოდა - ერთ სახელს ვერ დავარქმევ ამ ემოციას.
- როგორი ორსულობა გქონდათ?
- ძალიან რთული ორსულობა მქონდა, მაგრამ უფლის ნებით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ვინ გეხმარებათ ბავშვების აღზრდაში და მეუღლე რამდენადაა ჩართული ამ პროცესში?
- ძიძები დიდ თანხას გვთხოვენ, ამიტომ ჩემს დასთან ვცხოვრობ დროებით. ძალიან მეხმარება. მეუღლე სამხედროა და ავღანეთში წასასვლელად ემზადება. ამიტომ ვერ მეხმარება. სამივეს ერთდროულად ვაჭმევთ მე და ჩემი და, ძალიან სასიამოვნო პროცესია. უცებ ოთხი შვილის დედა გავხდი და ეს უდიდესი ბედნიერებაა. აგვისტოში ჩამოვა ჩემი მეუღლე ავღანეთიდან, მანამდე ჩემს დასთან ვიცხოვრებთ, მერე უფალი გვიჩვენებს გზას... მთავარია ოთხივე ჯანმრთელად მყავდეს და ყველაფერს გავაკეთებთ მშობლები, რომ აღვზარდოთ ოთხივე ქვეყნისთვის საამაყოები.
- ტყუპის გაჩენის შემდეგ, სახელმწიფოსგან რაიმე შეღავათით ისარგებლეთ?
- სოციალურმა სამსახურმა მხოლოდ ორი ტყუპი აღიარა და 150 ლარი დაუნიშნეს დახმარება ორს, მესამეს - არა. ორ წლამდე ექნებათ. მეუღლეს სამსახურმა დაურიცხა 1000-1000 ლარი სამივეზე. ასე რომ, მხოლოდ კეთილი ადამიანებისთვის ვარ "გმირი" დედა. სხვა არანაირი შეღავათი არ გვქონია.
- როგორია ხალხის რეაქცია, როცა იგებენ, რომ სამი ტყუპი გყავთ და ამ ასაკში ოთხი შვილის დედა ხართ?
- კონტროლზე უნდა წაგვეყვანა ბავშვები. მეუღლემ ტაქსი გამოიძახა, სამგზავრო კალათით ჩასვა ერთი ბავშვი, მერე მეორე და მესამე კალათით რომ დაინახა, მძღოლმა საბარგული გაუხსნა. აზრადაც არ მომსვლია, იმაშიც თუ ბავშვი იწვაო.
- ხართ ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედა. რა პასუხისმგებლობაა ამ გადმოსხედიდან თქვენთვის დედობა?
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ უფალმა ინება, ეს სასწაულები მომევლინა და დარწმუნებული ვარ, არ მიგვატოვებს. შეიძლება ყველაფერი არ ჰქონდეთ ჩემს შვილებს, მაგრამ ექნებათ მთავარი - დიდი სიყვარული და მზრუნველი დედიკო და მამიკო.
თამარ იაკობაშვილი