პრობლემა, რომელსაც შვილებთან ვაწყდები არის ის, რომ ვერ მივაჩვიე წესრიგს, ეტყობა, დავაკელი რაღაც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძე დღეს ბევრისთვის არის ცნობილი. ის ინტერნეტსივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მხატვარია, რომლის ნახატებსაც ბევრ უცხოენოვან საიტზეც შეხვდებით. მისი თბილი, ემოციური და ძალიან ახლობელი ნახატები, ილუსტრაციები გულგრილს არავის ტოვებს, ნინო ჩაკვეტაძის საყვარელი პერსონაჟები – ბუები, ბავშვები და მოხუცები, ყველასთვის ცნობილია. მას ხშირად ბავშვების მხატვარსაც უწოდებენ.
ნინო ჩაკვეტაძე ორი შვილის დედაა, მიუხედავად იმისა, რომ დროის დიდ ნაწილს სახლში ატარებს, რადგან იქ აქვს სამუშაო კუთხე მოწყობილი, მაინც მიაჩნია, რომ მის შვილებს დედის დეფიციტი აქვთ. თუმცა, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, მან ფერწერაში პაუზა აიღო და სულ რაღაც 4 წლის წინ განაგრძო ამ კუთხით მუშაობა, 2007 წლიდან კი წიგნების ილუტრირება-დასურათებას მიჰყო ხელი.
- ამ ეტაპზე ვხატავ ფერწერაში, არის წიგნებთან დაკავშირებული პროექტებიც, მაგრამ ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. ფერწერის პარალელურად ვცდილობ, ილუსტრაციაზეც ვიმუშაო, რადგან ეს საქმეც მიყვარს. გარდა ამისა, ვაკეთებ ჩემს საკუთარ პატარა გალერეას, სადაც მუდმივად იქნება გამოფენილი ჩემი ნამუშვრები და შიგადაშიგ შეიძლება, სივრცე მეგობრებსაც დავუთმო.
- მუშაობის დროს ინსპირაცია საიდან მოდის? რა შეიძლება გახდეს შთაგონების წყარო?
- ყოველთვის სხვადასხვა რამ. ინსპირაციის წყალო შეიძლება გახდეს ქუჩაში დანახული სცენა, ან ფილმის ცქერისას შეიძლება, გაჩნდეს იდეა, ასევე შესაძლებელია, საკუთარი შვილების ცხოვრებიდან აღებული მომენტი გახდეს შთაგონების წყარო, ან თუნდაც ბავშვის მოგონება.
- ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს წიგნის შექმნაში შენი წვლილი შეგაქვს, მაგრამ პატარებისთვის განკუთვნილი წიგნების დასურათება, რომ არაფერი ვთქვათ "დედა ენაზე", ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა...
- რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. მე თვითონ ბავშვობიდან დიდ ყურადღებას ვაქცევდი ილუსტრირებულ წიგნებს, ჩემს ბავშვობაში ასეთი წიგნების დიდი არჩევანი არ იყო, მაგრამ რაც იყო, ისინი ყოველთვის მიზიდავდა, დღეემდე მაქვს შენახული რამდენიმე წიგნი, რომლებმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება და ხედვა. ვინაიდან ეს თავად მაქვს განცდილი, ძალიან ფაქიზად ვეპყრობი ამ საქმეს. პირველ რიგში ბავშვს უნდა მოეწონოს ილუსტრაცია, ესთეტიკური სიამოვნება უნდა მიიღოს.
- გახსოვთ ხატვა როდის შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში?
- რაც თავი მახსოვს, ვხატავ, მიყვარს და მსიამოვნებს. ყოველთვის დიდ დროს ვუთმობდი ამას.
- თქვენი გამოცდილებიდან რას გვეტყვით, მშობელმა თუ შეამჩნია, რომ ბავშვს ნიჭი აქვს, დაახლოებით რა ასაკიდან უნდა ატაროს ხატვაზე?
- საერთოდ, ზედმეტი ჩარევა არ ღირს, მაგრამ ხელის შეწყობა კარგია. არაა აუცილებელი, ბავშვს მიუთითო ასე დახატე, ისე გააკეთე, მან თავის ასაკში უკეთ იცის, რისი გადმოტანა უნდა. ხელის შეწყობა შეიძლება მარტივად, გარემოს შექმნით, დაულაგეთ წინ ბევრი ქაღალდი, ბევრო ფანქარი, საღებავი, რათა გაუჩნდეს ხატვის სურვილი. თუ უნდა, ამას გააკეთებს, და თუ - არა, ძალით ვერ დაახატინებ. არ არის აუცილებელი, 5 წლის ბავშვი ატაროთ ხატვაზე, თუმცა არსებობს კარგი სტუდიები, სადაც საკმაოდ პატარა ასაკიდანაც იღებენ ბავშვებს. ყოველთვის საჭიროა ბალანსი, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს და ჩარჩოში არ მოექცნენ პატარები. სხვათა შორის, ჩემი შვილებიც პატარა ასაკიდან დადიან ასეთ სტუდიაში, უფროსმა დაამთავრა უკვე, უმცროსი აგრძელებს.
- რა არ უნდა გამოეპაროს მშობელს, რომ ბავშვში არსებული ნიჭი არ დაიკარგოს და გარკვეულ კალაპოტში მოაქციოს?
- ზოგიერთ ბავშვს სჭირდება ბიძგი, გახსნა და ითხოვს შესაბამის გარემოს, სიტუაციას მეტის გასაკეთებლად, მაგრამ ზოგს ეს სულაც არ სჭირდება და სახლშიც მშვენივრად ხატავს. სხვათა შორის, ასეთ სტუდიებში გაკეთებული გამოფენები ბევრი ბავშვისთვის კარგი მოტივაციაა, უხარიათ და ხალისით მუშაობენ. ყველასთვის ერთი შემთხვევა და ერთი რჩევა სამაგალითო ვერ იქნება, რადგან ეს ძალიან ინდივიდუალურია და მშობელი თავად უნდა მიხვდეს, რა არის საჭირო.
- როგორც გვითხარით, თქვენი შვილი დადის სტუდიაში, უფროსმა დაასრულა, მათი ნამუშევრების როგორი შემფასებელი ხართ?
- არ ვარ ისეთი მშობელი, რომ შვილს რაიმე დავუგეგმო, რჩევა უნდა მისცე ბავშვს, მაგრამ ღრმად არ უნდა ჩაერიო. უფროსს ჰქონდა ხატვის მიდრეკილება, მაგრამ არასდროს მითქვამს, აკადემიაში ჩააბარე-თქო, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შეისწავლოს ის საქმე, რომელიც მას უნდა.…
- რა ასაკში გახდით დედა?
- პირველად რომ გავხდი დედა, 25 წლის ვიყავი, მეორე შვილი კი 33 წლის ასაკში გავაჩინე. პირველი განცდა ძალიან ძლიერი და სასიამოვნო იყო, მაგრამ მეორე შვილზე უფრო გამიმძაფრდა ემოციები. 25 წლის ასაკში ჯერ კიდევ მინდოდა აქეთ-იქით სიარული, გაძრომა, მეორე შვილზე კი საერთოდ არაფერი მაინტერესებდა, შემეძლო მთელი დღის განმავლობაში ბავშვისთვის მეცქირა.
- დღეს რა პრობლემებს აწყდებით შვილებთან მიმართებაში... სიმკაცრეს იჩენთ?
- ნაკლებად. მეგობრული ვარ, უფროსი უკვე 17 წლისაა და ყველაფერს მიყვება, ხანდახან ისეთ რაღაცებსაც კი, მოსმენაც რომ არ მინდა... ხომ იცით, 15-16-17 წელი ისეთი ასაკია, როცა უნდათ, საკუთარი ემოციები გაგიზიარონ ისეთ საკითხზეც კი, რომელიც შეიძლება სულაც არ ღირდეს სასაუბროდ, მაგრამ სწყინთ, თუ სათანდო ყურადღებას არ მიაქცევ, ამიტომ მეც მიწევს მოსმენა. რაც შეეხება იმას, როგორი დედა ვარ, ზედმეტად მკაცრი არ ვარ, არც ზედმეტად მოშვებული, საერთო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ ვმეგობრობთ. პრობლემა, რომელსაც შვილებთან ვაწყდები არის ის, რომ ვერ მივაჩვიე მოწესრიგებულობას, ეტყობა დავაკელი რაღაც. შეიძლება ამ საკითხთან მიმართებაში რბილი ვიყავი, ვბრაზობ ხოლმე ამაზე, მაგრამ მერე იმასაც ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ბრალიცაა. თუმცა, ყველა ინდივიდუალურია, შეიძლება ბავშვს მშობლისგან სულაც არ სჭირდებოდეს მითითება წესრიგზე და ბუნებით იყოს ასეთი, მაგრამ ზოგისთვის თქმაც არ იყოს საკმარისი. მახსოვს, მეც მეუბნებოდნენ ხოლმე, დაალაგე ოთახიო, და ვალაგებდი.
- ანუ შედეგი უფრო მარტივი მისაღწევი იყო თქვენთან...
- როგორც ჩანს, უფრო დამჯერი ვიყავი. სხვა მხრივ პრობლემა არ მაქვს შვილებთან. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდია სულ სახლში ვარ, მანამდეც პედაგოგად რომ ვმუშაობდი სამხატვრო აკადემიაში, დიდად დაკავებული არ გახლდით, ლექციები მალე მთავრდებოდა და ბავშვი როცა სახლში იყო, მეც სახლში ვიყავი, ანუ უჩემოდ ყოფნა არ უწევდათ. ახლა საქმიანობის ისეთი გზა ავირჩიე, რომელსაც ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ამიტომაც ვმუშაობ შინ, სხვაგან ასე შედეგიანად ვერ დავხატავდი. ავირჩიე ეს გზა და ვამბობ, რომ ვარ თავისუფალი მხატვარი, სახლში მაქვს სამუშაო კუთხე. მართალია, თითქმის სულ ვმუშაობ, მაგრამ ბავშვები რომ მოდიან სახლში, ვხვდები და სამსახურის ეს ფორმა, როგორც დედისთვის, მოხერხებულია.
- მშობლისთვის სახლში მუშაობა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია...
- კი, მაგრამ ისინი ჩემს დეფიციტს მაინც განიცდიან. როცა ამაზე წუწუნებენ, ვეუბნები, წარმოიდგინეთ, 9 საათზე მივდიოდე სახლიდან და 7-ის მერე ვბრუნდებოდე, როგორ იქნებოდით-მეთქი. მერე ჩუმდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრს ვმუშაობ და ეს საქმე დიდ დროს მოითხოვს, ჩემთან კონტაქტის დეფიციტი აქვთ, ხანდახან მე თვითონაც ვფიქრობ, რომ რაღაცას ვაკლებ. მინახავას დედები, რომლებიც საკმაოდ დიდ დროს უთმობენ შვილებს, აქვთ იმის საშუალება, რომ ბავშვთან ითამაშონ, წაიკითხონ, გამოუცხონ ნამცხვარი. აი, მაგალითად ჩემს პატარა შვილს ძალიან უყვარს ნამცხვარი და ხშირად მთხოვს გამოცხობას, მე კი ეს საქმე არ მიყვარს, ბებიასთან ვუშვებ ხოლმე... ასეთ დეტალებს თუ გავითვალისწინებთ, ვხვდები, რომ მეც ვაკლებ რაღაცებს შვილებს, თუმცა არა იმ დონეზე, რომ მათ სერიოზული განცდა ჰქონდეთ.
- თუმცა სწორედ შვილების გამო გქონდათ პაუზა ფერწერაში...
- კი და საკმაოდ დიდი პაუზა იყო. პატარა ბავშვთან ერთად მუშაობა თითქმის წარმოუდგენელია, რადგან ის დიდ დროსაც და ენერგიას მოითხოვს შენგან, წარმოუდგენელია, ერთი საათი დახატო, შემდეგ წამოხტე, ბავშვს მიუბრუნდე, მერე ისევ გააგრძელო, კიდევ შეწყვიტო და ა.შ. სწორედ ამ მიზეზების გამო რამდენიმე წელიწადი არ მიმუშავია, მერე კი 2007 წლიდან ჩავრთე ილუსტრირება.
- პირველი რომელი წიგნი დაასურათეთ?
- ეს იყო ბერძნულ-რომაული მითები ჯემალ ქარჩხაძის და მაკა მიქელაძის ავტორობით, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის. ეს იყო ჩემი პირველი დიდი წიგნი, მანამდე ჟურნალ "დილაში" გავაფორმე რაღაცები, სულ პატარა, დაახლოებით სამი წლის იყო ჩემი შვილი, როცა "დილასთან" ვთანამშრობლობდი, თვეში დაახლოებით ერთი ნახატის დახატვა მიწევდა და დიდ დროს სულაც არ მოითხოვდა. პირველი წიგნის შემდეგ, გამოჩნდა მეორე, მესამე... ფერწერას კი ფაქტობრივად 4 წელია დავუბრუნდი, რაც დახატული მაქვს და რაც იცით, ბოლო ოთხ წელიწადშია შექმნილი, ძველი ნამუშევრები თითო-ოროლა მაქვს.
- თქვენს მიერ ილუსტრირებული წიგნებიდან განსაკუთრებული, გამორჩეული დამოკიდებულბა რომლის მიმართ გაქვთ?
- არც ერთ წიგნზე ძალით არ მიმუშავია და არ მიწვალია, ყველა ხალისით და ინტერესით გავაფორმე. ზემოხსენებული "ბერძულ-რომაული მითები" საკმაოდ სახალისო იყო მუშაობის თვალსაზრისით, მასალების ძიების დროს გავერთე, ვცდილობდი, კოსტიუმი, ორნამენტი შესაბამისი ყოფილიყო... გარდა ამისა, ძალიან მიყვარს "დედა, მამა, 8 ბავშვი და საბარგო მანქანა". დასურათებული მაქვს ჩეხი ავტორის მიერ დაწერილი "ციცინათელები", რომელიც ცოტა მძიმე წასაკითხი იყო და ტექსტი ადაპტირებულია, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული ამ წიგნში, დატვირთულია ისლუტრაციებით და განსაკუთრებულად მახსენდება. ასეთივეა გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები, რომელიც "პალიტრა L"-მა გამოსცა. თვითონ ზღაპრები ახლოსაა ჩემთან და ამაზეც დიდი სიამოვნებით ვიმუშავე.
ციცი ომანიძე