29 წლის ანი დავითინიძეს 3 ტყუპი ჰყავს და სამივე საკეისრო კვეთით გააჩინა. ექვს შვილს მეუღლესთან ერთად ზრდის და ამბობს, რომ მრავალშვილიანი დედობა ძალიან დიდი სიამაყეა. ის Mshoblebi.ge-ს უყვება, როგორ გარისკა სამი საკეისრო კვეთა და რა სირთულეებს ხვდება ბავშვების აღზრდის პროცესში:
- იმდენად დიდი სიხარული და ბედნიერება იყო ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდა, არ ვფიქრობ, რომ სამი საკეისროს გაკეთება გარისკვაა. ჩვენ ეს ძალიან გვინდოდა და შესაბამისად, არც არაფრის შემშინებია. ექვს შვილს ძიძების გარეშე, მეუღლესთან ერთად ვზრდი. ის ძალიან მეხმარება და გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებთ. უფროსები 8 წლისები არიან, მეორე ტყუპი - 6 წლის, ხოლო მესამე ტყუპი ახლახან გავაჩინე.
- გენეტიკურად რომელი მხარის "დამსახურებაა" ტყუპი?
- ჩემი მეუღლის მშობლების მხარეს ბევრი ტყუპი ჰყავთ.
- რამდენად რთულია ექვსი ბავშვის გაზრდა?
- ძალიან მეხმარებიან უფროსები. დიდი სიხარულითა და ემოციით შეხვდნენ პატარებს. ძალიან უყვართ ერთმანეთი და ერთი სული აქვთ, როდის გაიღვიძებენ, რომ ეთამაშონ. ყველა ერთად მხიარულად ვაგრძელებთ ცხოვრებას.
- ბავშვებთან ურთიერთობისას რას ანიჭებთ უპირატესობას?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია მათთან საუბარი და სხვადასხვა საკითხის განხილვა. ყველა ბავშვი აქტიურია და ყველას უნდა განვითარება. ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს. რაც მთავარია, ვუსმენთ ერთმანეთს. ჩემი შვილები მე მისმენენ, მე კი - მათ. სწორედ ესაა ჩემთვის პრიორიტეტი, რაც ყველაზე მეტად მეხმარება მათ აღზრდაში. ვკითხულობთ და წაკითხულ თემებზე ბევრს ვმსჯელობთ. ბავშვები დადიან სხვადასხვა წრეზე, დატვირთულები არიან, სახლში კი კითხვითა და თამაშით ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია გვქონდეს ერთმანეთთან.
- რა არის ყველაზე რთული მრავალშვილიან დედობაში?
- ჩემი ერთი დღე დატვირთულია იმ ფონზე, რომ ძიძა არ გვყავს. ხანდახან ღამის გათენებაც გვიწევს, მაგრამ რომ გითხრათ, ეს ძალიან რთულია, მოგატყუებთ. უფროსები სკოლასა და ბაღში დადიან. ყველა ერთად თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ.
- კიდევ ხომ არ აპირებთ შვილების გაჩენას?
- სულ მინდოდა, 5 შვილი მყოლოდა, ამის შემდეგ, უფალი როგორც ინებებს, ისე იქნება. მართლა ძალიან დიდი სიამოვნებაა მრავალშვილიანობა და სიამაყის გრძნობა მაქვს. მინდა, რომ ბევრი მრავალშვილიანი დედა გვყავდეს საქართველოში.
თამარ იაკობაშვილი