"რამდენიმე დღე რომ სახლში ვარ, თითქოს თავსაც ნაკლებად ვუვლი..." - რატომ უჭირთ ქალებს აქტიური ცხოვრების შემდეგ შინ დაჯდომა
"რამდენიმე დღე რომ სახლში ვარ, თითქოს თავსაც ნაკლებად ვუვლი..." - რატომ უჭირთ ქალებს აქტიური ცხოვრების შემდეგ შინ დაჯდომა
ოჯახის შექმნის შემდეგ ხშირია შემთხვევა, როცა ქალი აქტიური ცხოვრების წესს დროებით ან სამუდამოდ შორდება და პასიურ ფაზაში გადადის, ოღონდ ეს პასიურობა ძირითად შემთხვევაში კარიერას ეხება, თორემ ქალი, რომლსაც ჰყავს ოჯახი, შვილი, ბოლომდე მოდუნებას ალბათ ვერასდროს შეძლებს. ცხოვრების რიტმის ცვლილებას ყველა ერთანიარდ ვერ ეგუება, ზოგისთვის ეს დასვენების კარგი საშუალებაა, ზოგისთვის კი - დეპრესიის საფუძველი. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრი ცნობილ აქტიურ ქალბატონებს - ხატია სიჭინავას, ანა კოშაძეს და ქეთი კეკელიას ვკითხეთ, რომელთაც
გარკვეულ ხანს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე, შინ მოუწია დაჯდომა. საბედნიეროდ, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ტემპის შენელებას ჩვენი რესპონდენტების გუნება-განწყობაზე გავლენა არ მოუხდენია.

ხატია სიჭინავა: "მყავს მეუღლე, რომელიც სულ იმისკენ მიბიძგებს, რომ რაღაცით დაკავებული ვიყო, ფორმაში ვიყო და 24 საათის განმავლობაში სახლში არ ვიჯდე"

- ჩემს შემთხვევაში ცხოვრების პასიური ეტაპზე გადასვლა ოჯახის შექმნამ განაპირობა, თუმცა შვილების გაზრდას ნამდვილად ვერ დავარქმევ პასიურ ეტაპს, რადგან ეს გაცილებით მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე მუშაობა. იქიდან გამომდინარე, რომ სამი წელი ზედიზედ ორსულად ვიყავი, სამსახურზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, სამი შვილი - ესაა ლომის ხვედრი და საკმაოდ რთული სამუშაო, თან მიყოლებით გავაჩინე, თითქმის ტოლები არიან, უდიდესი დრო და
ენერგია სჭირდებათ ბავშვეს, რათა ყოველთვის კარგ ხასიათზე იყვნენ, მეტი ისწავლონ და ა.შ. დედად ყოფნა ალბათ ყველაზე დიდი სამსახურია ქალისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში მყავს დამხმარე, ძიძა, ჩემი დაც მეხმარება, სამი ბავშვის ყოფნა ერთ ჭერქვეშ უბრალო საქმე არაა, შეიძლება ითქვას, რომ სახლში პატარა საბავშვო ბაღი მაქვს, რომელიც ითხოვს მუდმივ მობილიზებას, სეირნობას და ა.შ. ფეხით ამდენი მაშინ არ მივლია, როცა მარტო ვიყავი, ახლა ბავშვები მაიძულებენ ამის გაკეთებას. რაც შეეხება სამსახურს, ძალიან მინდა ჩავერთო ისევ ძველ სისტემაში და ოჯახი ხელს არანაირად არ შემიშლის ამაში. მყავს მეუღლე, რომელიც სულ იმისკენ მიბიძგებს, რომ რაღაცით დაკავებული ვიყო, ფორმაში ვიყო და 24 საათის განმავლობაში სახლში არ ვიჯდე, ტრადიციული ქართველი მამაკაცისგან განსხვავებული მოთხოვნები აქვს ჩემს ქმარს, არ მოსწონს, როცა სახლში ვზივარ, მარტო ბავშვებზე ვარ გადართული და სხვა არაფრისთვის არ მცალია. ჯერ სულ ორი თვეა რაც ვიმშობიარე. ბავშვის გაჩენაზე სამწლიანი პაუზა მაქვს აღებული, რადგან ჩემმა ექიმმა ამიკრძალა, აქ აღარ დაგინახო მოსულიო. იმედია, ამ სამ წელიწადში შევძლებ თავიდან მოვახდინო საკუთარი თავის რეალიზება. ისე, სხვათა შორის, არსებობს გამონათქვამი, თუ კარიერაში გიმართლებს, მაშინ პირადი გექნება არეული, ორივე ერთად შემდგარი ვერასდროს ვერ იქნება, ან ერთი უნდა გქონდეს, ან მეორეო, თუ ასეა, მაშინ მე ოჯახის სასარგებლოდ მივიღებ გადაწყვეტილებას.

mshoblebi
- თავიდან არ გაგიჭირდა ცხოვრების ნელ რიტმთან შეგუება?
- 2007 წელს მივატოვე ტელევიზია და წამოვედი, რაც ჩემი დიდი შეცდომა იყო. რატომღაც ჩავთვალე, რომ ჩემი თავი იმ გადაცემაში ამოვწურე, უფროსიც მეუბნებოდა, რატომ მიდიხარ, როდესაც რეიტინგი აქვს გადაცემას და პოპულარული ხარო, მაგრამ გადაწყვტილება მივიღე და წამოვედი. გამიჩნდა ამბიცია, დრო იყო სხვა ეტაპზე, სხვა ტელევიზიაში გადასულიყავი... ეს არ მაპატია ღმერთმა იმიტომ, რომ ამბიციებს არ პატიობს და იმის შემდეგ ისე დამსაჯა, რომ ტელევიზიებში მხოლოდ სტუმრის რანგში მივდივარ - 2007 წელს კარიერა დავათმავრე და სხვის შოუებში სტუმრიანობაზე გადავინაცვლე. ალბათ ჩემი `დანაშაული~ უნდა გამოვისყიდო. 2007 წლიდან 2010 წლამდე მქონდა პაუზა, სამი წელიწადი ვიყავი უმუშევარი, შემდეგ უკვე გავთხოვდი და დროც არ მქონდა იმისთვის, რომ სამსახურზე მეფიქრა, სავარუდოდ ჩემი "დასჯა" დღემდე მიმდინარეობს.

- ოჯახი, შვილები ადამიანს უცვლის ცხოვრების წესს... თუნდაც გართობის მხრივ, მაგალითად, ისე ხშირად ვეღარ დადიხარ გვიან მეგობრებთან ერთად, შეიძლება ახლა მიეჩვიე უკვე ამას, მაგრამ თავიდან დისკომფორტს არ გიქმინდა?
- ძალიან ადვილად გადავერთე ჩემი ცხოვრების შედარებით პასიურ ეტაპზე. დისკომფორტი იმის გამო არ მქონია, რომ ვერ დავდიოდი გასართობად, ღამით გვიან, ან ვერ ვცხოვრობდი ისე, როგორც გათხოვებამდე, ალბათ იმიტომ, რომ ისეთ ასაკში შევქმენი ოჯახი, როცა გართობა და ღამის კლუბები უკვე მობეზრებული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს პრობლემა სახლში გვიან მისვლაზე და ასევე სახლიდან გვიან გასვლაზე, იმიტომ, რომ ბევრი დამხმარე მყავს, სურვილი არ გამაჩნია, ეტყობა, გავიზარდე. ის ეტაპი, როცა ოჯახში გული არ გიჩერდება და სულ გარეთ გასვლა გინდა, 30 წლამდეა, მე კი ამ ასაკის შემდეგ გადავინაცვლე ოჯახურ ცხოვრებაზე, რაც კომფორტულიც კი იყო, კარგად მოვირგე და მოვერგე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, გოგოები შეკრებილან და დაურეკავთ გამოდიო, მაგრამ სურვილი არ მქონდა. სამჯერ რომ განმეორდა იგივე, აღარც მირეკავენ და აზრიც არ აქვს (იცინის). გარეთ რომ გახვალ, ყველა სვამს და შენ ფხიზელი ზიხარ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სხვებს უქმნი დისკომფორტს. გამომდინარე იქიდან, რომ სამი წელი ზედიზედ ორსულად ვიყავი, ერთი წვეთი არ დამილევია, ორგანიზმიც იმდენად გადაეჩვია სასმელს, რომ მგონი ლიმონათის დალევის შემთხვევაშიც ნასვამი ვარ, ალკოჰოლიც გამოდევნილია ორგანიზმიდან.
- ხატია როგორი დიასახლისია?
- ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სამზარეულოში ფუსფუსი შემიყვარდებოდა, ისევე როგორც ვერ წარმოვიდგენი, რომ სამი შვილის დედა ვიქნებოდი. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ერთი შვილით შემოვიფარგლებოდი და მასზე ვიქნებოდი გადართულ-გადაფოფრილი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამი მყავს და მათზე თანაბრადაა გადაწილებული ეს გრძნობები. ასევე აღმოვაჩინე ისიც, რომ ძალიან მყვარებია სამზარეულოში ფუსფუსი. ჩემმა დედამთილმა ევროპული კულინარიის წიგნი მაჩუქა და იქიდან ვაკეთებ ხოლმე უცხო კერძებს, თუმცა ასეთ რაღაცებს ბავშვებს არ ვაჭმევ, ვერიდები, ჯერ მაინც პატარები არიან. ვერ ვიტყვი ყოველდღე და ყოველ წუთას სამზარეულოში ვტრიალებ-მეთქი, მაგრამ კვირაში სამჯერ მაინც მიჩნდება სურვილი, რამე უცხო მოვამზადო.
- რა რჩევას მისცემ დიასახლისებს, რომლებისთვისაც ხშირ შემთხვევაში ცხოვრება რუტინული ხდება?
- რუტინული ხდება ცხოვრება, როცა ქალის ადგილი მხოლოდ სამზარეულოშია... ერთ რაღაცაზე, მაგალითად, მხოლოდ ბავშვებზე, მხოლოდ სამზარეულოზე, ან ოჯახის ქალობაზე არ უნდა ჩაიციკლო. ხელი არ უნდა აიღო თავის მოვლაზე, მნიშვნელობა არ უნდა დაკარგოს იმან, გასუქდები თუ გახდები, რადგან უკვე გათხოვილი ხარ. აუცილებლად უნდა იყოს ქალი ფორმაში, იმიტომ, რომ შენმა ქმარმა როგორიც მოგიყვანა, იმაზე უკეთესი თუ არა, უარესი არასოდეს უნდა გახდე, რათა ყოველთვის მოსაწონი იყო მისთვის, ასევე უნდა გქონდეს ცხოვრების ხალისი, თუ ასე არაა, შენს მეორე ნახევარსაც დაუკარგავ ხალისს, რომ შენთან ერთად გაატაროს მთელი ცხოვრება. ქალმა უნდა შეუთავსოს ერთმანეთს შვილები, გარე სამყარო და ქმარი, რომელსაც ხშირად უნდა აუხსნათ სიყვარული და ასწავლოთ შვილებს სასიყვარულო სიტყვები, იმიტომ, რომ ძალიან გემრიელი და ტკბილი მოსასმენია, როცა შვილი გეუბნება მიყვარხარო, ეს სრულიად სხვა გრძნობაა. გახსოვდეთ, ბავშვი არის ოჯახის სარკე, რასაც ჩასძახებთ, იმას ამოგძახებთ. შვილის წინაშე ხუმრობითაც კი არ აუწიოთ ხმას, იმიტომ, რომ ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მათ ფსიქიკაზე, ესაუბრეთ ტკბილად და მშვიდად ბავშვებსაც და ერთმანეთსაც. მოკლედ, ოჯახის შექმნამდე კი არ უნდა იბრძოლოთ ოჯახისვის, დაოჯახების შემდეგ იფიქრეთ ამაზე, რადგან მერე უფრო მეტად საბრძოლველია, რათა იდეალური ოჯახი გქონდეთ.

ქეთი კეკელია: "ხვალ ისევ პასიურ ცოხვრებაში რომც გადავინაცვლო, ამის კეთებას მაინც გავაგრძელებ"
mshoblebi
- ადამიანი, რომელსაც ერთი ან მეტი სამსახური აქვს, წინასწარ არასდროს ფიქრობს, დაუდგება თუ არა ცხოვრებაში პასიური ეტაპი, თუმცაღა ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა და არასდროს არ უნდა თქვა არასდროს... ასეთი რაღაც მოხდა ჩემს ცხოვრებაშიც. 18 წლიდან დავიწყე მუშაობა, 26 წლის ასაკში გავთხოვდი, ერთი წლის მყავდა შვილი, როცა სამსახურს დავუბრუნდი, მაგრამ მოგვიანებით მქონდა ჩავარდნები. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, მაგრამ ხან მქონდა სამსახური, ხან - არა. მით უმეტეს ჩვენი პროფესია მსახიობის პროფესიას ჰგავს, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე არ ვართ დამოკიდებულები და რაღაცას შენც უნდა მოერგო და უნდა მოირგო კიდეც. ამიტომ ორჯერ მქონდა ჩავარდნა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რთულად გადასატანი იყო ეს პერიოდი ჩემთვის, მყავს ორი შვილი და ამაზე მოსაწყენად და საფიქრელად ბევრი დრო არ მქონია. რასაკვირველია, ძალიან კარგია. როდესაც ხარ დაკავებული და თან შენთვის საყვარელ საქმეს აკეთებ, მაგრამ როცა პასიური ეტაპი დგება, ყურები არ უნდა ჩამოყარო, ადრე თუ გვიან ფორტუნა შენც გაგიღიმებს. ტრაგიკულად არ მახსენდება ეს ეტაპი, რადგან ერთის ჩანაცვლება მოხდა მეორეთი. ჩემი საქმიანი პაუზები ჩემს ოჯახს და შვილებს არ უკავშირდება, იყო პერიოდი, როცა ის კონკრეტული შეთავაზება არ მაწყობდა, ასევე იყო შემთხვევა, როცა დილით აღარ შემეძლო ადრე ადგომა და მივხვდი, რომ მიჭირდა ამის გაკეთება და ა.შ. ბევრი ნიუანსია, რომელსაც ადამიანი ყურადღებას აქცევ.
- ცხოვრებაში პასიური ეტაპის დადგომის შემდეგ თუ გახდი ტიპური დიასახლისი, თუნდაც სამზარეულოში მეტად თუ ფუსფუსებდი?..
- თუ გიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, იმპროვიზაციები, ამისთვის დროს ყოველთვის პოულობ. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა კულინარიული რუბრიკის წაყვანა მომიწია და მაშინ ბევრი რაღაც ვისწავლე, ფანტაზიორობა დავიწყე სამზარეულოში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დაკავებული ვარ, ვგიჟდები გამრიელი რაღაცების გაკეთებაზე, ყოველთვის ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს, მაქვს რამდენიმე საყვარელი საიტი, საიდანაც გემრიელ კერძებს ვაკეთებ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტია. მიყვარს, როცა ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კულინარიულ შედევრებს ვახვედრებ და მოწონებას იმსახურებს. ასე რომ, ხვალ ისევ პასიურ ცოხვრებაში რომც გადავინაცვლო, ამის კეთებას მაინც გავაგრძელებ.
- რჩევა მინდა მისცე დიასახლისებს, როგორ გაიმრავალფეროვნონ ცხოვრება, ვისაც არ აქვს სამსახური და ყოველდღიურობა მოსაწყენი ხება...
- მყავს ახლობლები, რომლებსაც ცხოვრებაში არ უმუშავიათ, ან ცოტა ხანს მუშაობდნენ და დღემდე ამბობენ, რომ არც აქვთ მუშაობის სურვილი, ასევე ჩემს ირგვლივ არიან ისეთებიც, ვისაც ძალიან უნდა მუშაობა და ამის გამო ქმნიან ტრაგედიას... არადა მე მიმაჩნია, რომ ამით თავი არ უნდა დაიტანჯო, პირიქით, უნდა ისიამოვნო ყოველი წამით და ყოველი მომენტით, თუ, რა თქმა უნდა, შენ არ ხარ მთავარი შემომტანი ოჯახში და ეს უმუშევრობა ყოფით პრობლემებს არ გიქმინის.


ანა კოშაძე: "სახლში ყოფნაც ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან შეუძლიათ, შვილებს მეტი დრო დაუთმონ"
mshoblebi
- პირველი შვილი, მაშო რომ გავაჩინე, 20 წლის ვიყავი და მაშინ ჩემი ცხოვრების მანძილზე შედარებით პასიური ეტაპი მქონდა, თუმცა ვსწავლობდი და სიარულს ვასწავლიდი ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ამას დისკომფორტი არ შეუქმნია ჩემთვის. ხანდახან ცოტა მენატრება ის პერიოდი, იმიტომ, რომ ბევრ დროს ვატარებდი შვილთან, ახლა ერთადერთი, რასაც ვუჩივი, დროის დეფიციტია, თორემ სხვა მხრივ ჩემი საქმე ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს სამსახურები, ვვარჯიშობ, დამყავს ბავშვები აქეთ-იქით, საღამო მაინც სულ მათ ეკუთვნით. ყველანაირად ვცდილობ, ჩემი ყურადღება არ მოაკლდეთ სამსახურის გამო. მიუხედავად დროის დეფიციტისა, მაინც ასე ყოფნა მირჩევნია. როცა პასიურად ხარ, უფრო ეშვები, რამდენიმე დღე გადაბმულად სახლში რომ ვარ, თითქოს თავს ნაკლებად ვუვლი, ბევრს ვჭამ... სახლში გამუდმებით ვსუსნაობ ხოლმე... ამიტომ მაინც აქტიური ცხოვრება მირჩევნია, დაე, ვინატრო ხოლმე შვებულებები (იცინის).
- გართობის წესი შეიცვალე ოჯახის შექმნის შემდეგ?
- კი, ყოველდღიურად მეგობრებთან ერთად ვერ გავდივარ, იმიტომ, რომ თავი აღარ მაქვს. დილის 9-ის ნახევრიდან გასული რომ ხარ და ათასგან რომ ხარ ნამყოფი მთელი დღის განმავლობაში, საღამოს ბავშვების დაძინების შემდეგ კიდევ ჩაიცვა და სადმე გახვიდე, წარმოუდგენელია. რასაკვირველია, კონცერტებზე, სპექტაკლებზე დავდივართ, მეგობრებსაც ვსტუმრობთ, მაგრამ იშვიათად. ბავშვების გაჩენამდე ამას ყოველდღიური სახე ჰქონდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ძალიან ვნერვიულობ.
- რა რჩევას მისცემდი იმ ქალებს, რომელთაც არ აქვთ სამსახური და სახლში სხედან?
- სახლში ყოფნაც ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან შეუძლიათ, შვილებს მეტი დრო დაუთმონ, არანაკლები სამუშაოა ოჯახში, სახლშიც შეიძლება თავშესაქცევი საქმის გამონახვა, ასე რომ, მე არ მგონია, რომ დეპრესია უფრო მეტად შეიძლება იმას დაემართოს, ვინს სახლშია, გარეთ გასვლაც სტრესულია, გააჩნია, ვინ სად გრძნობს თავს კარგად....

ციცი ომანიძე
17072
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
sofo
0
მე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდის სახლში ჩემ შვილებთან და არ ვიმუშავებდი. ნეტა მქონდეს იმის საშუალება რომ მუშაობა არ მჭირდებოდეს. როცა შვილი გყავს და მითუმეტეს ორია ან მეტი მოდუნებული და სახლში ჯდომა ნამდვილად არ მოგიწევს. ნერვებ მოშლილი სამსახურში ვზივარ დილით ატირებულებს რომ ვტოვებ ((((((
09:42 / 07-07-2015
nia
0
ყველაზე დიდი საქმე და წვლილი ცხოვრებასი სვილების აგზრდააა
23:43 / 14-12-2014
0
ბავსვები კველაზე დიდი და სარპიანი საკმეა.მე ასე ვტვლი.მადლობა გმერტს რომ ესენი არიან.
20:00 / 02-11-2014
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი