''ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოფილ რძლებთან ძველებურად ვიქნები''
''ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოფილ რძლებთან ძველებურად ვიქნები''
''ტრადიცია ჩემთვის არის საუკუნეების განმავლობაში ერში ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი. ვერ ვიტყვი, რომ მის მიმართ დიდი კრიტიკით გამოვირჩევი. გარკვეულ ტრადიციაში ეროვნულობა გამოიხატება და რაც ეროვნულს უკავშირდება, მისადმი დადებითად ვარ განწყობილი'', - აღნიშნა ხათუნა ხოფერიამ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- ხელის თხოვნა, ნიშნობა აღარ არის აქტუალური. წყვილი ხშირად თანაცხოვრებას ქორწინებამდე იწყებს.
- ადრე კომუნიკაცია ბევრად ნაკლები იყო, ამიტომ არსებობდნენ ხანუმები, შუამავლები და მაჭანკლები, რომლებიც დიდ პასუხისმგებლობას იღებდნენ საკუთარ თავზე თუნდაც იმ
კუთხით, რომ გოგოც და ბიჭიც ჯანმრთელი ყოფილიყვნენ, არკვევდნენ ოჯახის მდგომარეობას და სხვა უამრავ დეტალს, ერთგვარად ტელეფონის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელის მოვალეობას ასრულებდნენ. ახლა ეს ტრადიცია ვეღარ იარსებებს, რადგან, უბრალოდ, აღარ არის საჭირო.
რაც შეეხება ქორწინებამდე თანაცხოვრებას, ამ საკითხს ნეიტრალურად ვუყურებ, არ მივიჩნევ, რომ გადასარევია, მაგრამ ამით ქვეყანაც არ დაიქცევა. გააჩნია, რა ასაკში ხდება და ურთიერთობის რა ფაზაში. ნამდვილად არ მივესალმები შიშველი ემოციების, შორით ტრფობისა და მოტაცებების ფონზე შექმნილ ოჯახს, ამას ნამდვილად სჯობს, ერთმანეთი საწოლშიც გაიცნონ და სანამ დაქორწინების ვალდებულებას აიღებენ თავზე, გარკვეული პერიოდი ერთად იცხოვრონ, ვფიქრობ, ეს უკეთესია.

- ძიძა დღევანდელ ცხოვრებაში ბავშვის ცხოვრებაში ზოგჯერ მშობელზე დიდ ადგილს იკავებს.
- დედას
ვერანაირი ძიძა ვერ შეცვლის. რამდენად მოუმზადებელიც უნდა იყოს დედა, როცა ბავშვი გრძნობს, რომ ის მის გვერდითაა, თავს დაცულად გრძნობს. ძალიან ბევრი გოგონა სამსახურის დაკარგვის შიშით არ სარგებლობს დეკრეტული შვებულებით, სამსახურმა უნდა მისცეს გარანტიები, რომ ის არ დაკარგავს სამუშაო ადგილს, ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს. დედამ ბავშვი გარე სამყაროსთან მარტო არ უნდა დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შვილი ჩემი გაზრდილია, ბექა 4 წლინახევრის იყო, მე რომ დეპუტატი გავხდი, მანამდეც კი ვმუშაობდი, მაგრამ სამ წლამდე სრული კონტაქტი მქონდა ბავშვთან, ძმები ერთმანეთთან საუბარში მაინც იტყვიან ხოლმე, შენ დედა გახსოვს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთან ურთიერთობის ნაკლებობა გამოყოლილი აქვთ.

- ყველა დედას შვილისთვის კარგი მეგობარი, კარგი მეორე ნახევარი უნდა, ამ საკითხებში ჩარევას როგორ უყურებთ?
- შერჩევით და სელექციით არ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ რჩევა მიმიცია, მითქვამს, რაც არ მომწონებია და მერე, როცა ფაქტის წინაშე დამდგარან, არ გამიშვია შანსი ხელიდან, შემეხსენებინა ჩემი ნათქვამი. რაც შეეხება პირადი ცხოვრების თემას, ერთია რჩევის მიცემა და მეორეა ის, რომ მოგწონს გადაწყვეტილება და ხელს უწყობ. ბექასა და თიკას ურთიერთობით კმაყოფილი რომ ვიყავი და ძალიან მინდოდა, მაქსიმალურად ვუწყობდი ხელს. ხელის შეშლას კი აზრი არ აქვს, არ ვარ ისეთი უჭკუო ადამიანი, რომ ჩემს თავზე ავიღო ისეთი რამ, რაც ვიცი, არ გამომივა. თუმცაღა ჩემი აზრი არასდროს დამიფარავს მათგან, პირდაპირ სახელებით ვეუბნები ხოლმე, ვინ და რატომ არ მომწონს.

- რაც შეეხება რძალდედამთილობას, ბოლო პერიოდში ამ მხრივ სიტუაცია აშკარად დალაგდა.
- როცა დედა ნაკლებადაა დაკავებული საკუთარი პირადი ცხოვრებით, სამსახურით და მისი მთელი ცხოვრება აგებულია შვილზე, შვილის დაოჯახებას ცოტა ძნელად აღიქვამს. მიაჩნია, რომ შვილს კარგავს, ჰგონია, რომ ბევრის უფლება აქვს და აქედან გამომდინარე აქტიურად ერევა მათ ურთიერთობებში. პირადად მე ეს პრობლემა ნამდვილად არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გაეყარა ცოლს, დღემდე ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს რძლებთან. ორივესთვის ნათქვამი მაქვს, რაც უნდა მოხდეს, რამდენი წელიც უნდა გავიდეს, ისინი ჩემი რძლები იქნებიან, იმიტომ რომ ჩემი შვილიშვილების დედები არიან და მათთან ურთიერთობაზე უარს ვერასდროს ვიტყვი. თუ ჩემი შვილები დააპირებენ მეორე ოჯახის შექმნას, უნდა იცოდნენ, რომ მე ჩემს რძლებთან ძველებურად ვიქნები. უნდა შეეგუონ იმ სტატუსს, რომელიც ჩემთვის მთელი ცხოვრება ექნებათ იმ ადამიანებს. თუ არ ითვალისწინებენ თავიანთ ყოფილებს, მაშინ გამითვალისწინონ მე.

იხილეთ სრულად
6364
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```