დედების სალონიდიასახლისები
"მესამე შვილი რომ გვეყოლა, მე და ჩემი ქმარი მივხვდით"... - სამშვილიანი დედის საოცარი დასკვნები
"მესამე შვილი რომ გვეყოლა, მე და ჩემი ქმარი მივხვდით"... - სამშვილიანი დედის საოცარი დასკვნები
მივხვდი, ყველა ბავშვი სხვადასხვანაირია. დედმამიშვილებიც კი, რომლებიც ერთ ოჯახში გაჩნდნენ და ერთსა და იმავე პირობებში გაიზარდნენ. აღზრდას, ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მისი როლი, მგონი ცოტა გაზვიადებულია. ბავშვს დაბადებიდან დაჰყვება ტემპერამენტი, მიდრეკილებები, განვითარების თავისებურებები, ნიუანსები და ამაში ცუდი არაფერია. ჩვენს ცხოვრებაში თითოეული ბავშვი იმისთვის შემოდის, რომ რაღაც ახალი გვასწავლოს. პირადად მე უფრო მომთმენი და მშვიდი გავხდი.

არა, არ გეგონოთ, რომ ხმას არ ვუწევ. როგორ არა, ზოგჯერ მეც ვყვირი, მაგრამ ბევრი წვრილმანის გამო ისე აღარ ვღელავ, როგორც ადრე. მაგალითად, ჩემმა ბიჭმა
რომ თავისი ორგანო პირველად აღმოაჩინა და ზედიზედ 2 კვირა ხელი არ გაუშვია მისთვის. ხან "აძინებდა", ხან ქაჩავდა, ხან ბანდა. აღარ ვვარდები პანიკაში, როცა ან დედიშობილა დარბის, ან სამ ხელ ტანსაცმელში გახვეული. რომ დღემდე "სოსკას" წოვს და ისევ პამპერსი სჭირდება, რომ ზოგჯერ მთელი დღე მშიერია, ან ჩემზე მეტს ჭამს. აღარ ვნერვიულობ ვირუსებზე, ტილებსა და უზრდელურ სიტყვებზე. ასაკობრივ კრიზისზე კი უკვე ვხალისობ კიდეც. უკვე ვგრძნობ, როდის უნდა მივცე ბავშვს თავისუფლება და როდის დავუწესო საზღვრები.

რაც შეეხება საზღვრებს
შეზღუდვები აუცილებელია. ადრე მეგონა, თავისუფლება უნდა მივცე და მხოლოდ დარიგებებით მივუთითო სწორი მიმართულება-თქო. ეს მიდგომა არ ამართლებს. უნდა
იყოს მკაფიოდ განსაზღვრული, რის ნებას ვაძლევთ ბავშვს და რის ნებას - არა. გგონიათ, ბავშვებს წესები არ უყვართ? სინამდვილეში ადვილად ეგუებიან მათ. მთავარია არ დააბნიო და რაც მთავარია, თავად არ დაურღვიო შენივე დადგენილი წესები. მაგალითად თუ ეცოდინება, რომ "ტკბილეულს მხოლოდ ჭამის შემდეგ მივირთმევთ", "ჯერ გაკვეთილები, მერე მულტფილმები", "თუ ჭამის წინ ხელებს არ დაიბან, მშიერი დარჩები" და ა.შ., თუ ამ წესებს ყოველთვის დაიცავთ, აღარ გექნებათ იმის ახსნის პრობლემა, რატომ არ შეიძლება "ახლა" შოკოლადის ჭამა. წესი წესია.

რას ვფიქრობ ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე
მრავალშვილიან ოჯახში ბავშვის ასეთ განვითარებას ვერაფერი დაუდგება წინ. უმცროსები მაგალითს უფროსებისგან იღებენ. მე მგონი, ამ დროს ყველაზე მთავარია სწორად აღზარდო უფროსი შვილი, მაქსიმუმი ძალისხმევა ჩადო მასში, რადგან ის იქნება იდეალი, რომლის მიბაძვასაც უმცროსები აუცილებლად მოისურვებენ. უფროსი შვილი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს უმცროს და-ძმაზე. მაგრამ!!! უფროსი რომ სწორად გაიზარდოს, ამისთვის ერთი წლიდან მასწავლებლებთან ტარება არ არის საჭირო. უბრალოდ, მანეჟში ნუ გამოამწყვდევთ. გვერდით დაიყენეთ და ნება მიეცით, სამყარო თქვენთან ერთად შეიმეცნოს. დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა.

უფრო დავაფასე ოჯახური იერარქია
თავისუფლება და თანასწორობა? არა, ეს ხეირს არ დაგაყრით. მესამე შვილი რომ გვეყოლა, მე და ჩემი ქმარი მივხვდით - იერარქია ოჯახში აუცილებელია. დედა და მამა - ხელისუფლებაში არიან, ბავშვები - ხალხია. მამა ყველაზე მთავარი ფიგურაა, მას დედაც კი ექვემდებარება. უფროსი და - დანარჩენების მეთაურია. უფროსი ძმა უმცროსის მეთაურია, მაგრამ მას მოვალეობებიც აქვს. ერთი პრობლემაა - ვინც ოჯახის წევრი არაა, მას ავტორიტეტიც არ აქვს. მაგალითად, ნიკო არ უჯერებს ბებიას და ბაბუას, იმიტომ რომ "ჩვენთან არ ცხოვრობენ". ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ :)

მივხვდი - მე ვარ ფუძე და მე თუ ცუდად ვიქნები - ყველა ცუდად იქნება
ამიტომ ვისწავლე საკუთარი თავის გაფრთხილება. ადრე ვცხოვრობდი პრინციპით: "ყველაფერი საუკეთესო ბავშვებს". ახლა პირიქითაა - ბავშვებს დედაზე მეტად არაფერი სჭირდებათ. კმაყოფილი და დასვენებული დედა მათთვის საუკეთესო განძია. ბედნიერი დედა ოჯახში მშვიდი და ხალისიანი ატმოსფეროს გარანტია. ოჯახი ყოველთვის გრძნობს, რა იმალება დედის მზერაში და თუ დაინახეს, რომ დედა ცუდადაა, ბედნიერი წუთები მთავრდება. რას იზამ, ასე არიან ბავშვები მოწყობილნი.

ქმარი კიდევ ერთი ფუძეა

ამიტომაც დგას პირველ ადგილზე (ჩემს მერე, რასაკვირველია) და შემდეგ ბავშვები. ქმარს უპირობო პრიორიტეტს ვანიჭებ და ამას პირველ რიგში, შვილებისთვის მოაქვს სარგებელი.

სამი შვილის დედა ანა ბ.
ბეჭდვა