ვინც სამუშაო დღის შემდეგ შინ დაქანცული ბრუნდება და ოჯახშიც უამრავი საქმე ხვდება, ნამდვილად სჭირდება საქმის გასაიოლებელი ხერხები ყოჩაღ, დიასახლისებს, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს ასწრებენ - ეს რჩევები მათ არაფერში სჭირდებათ. სამაგიეროდ, მათ, ვინც 8-9-საათიანი სამუშაო დღის შემდეგ შინ დაქანცული ბრუნდება და ოჯახშიც უამრავი საქმე ხვდება, ნამდვილად სჭირდება საქმის გასაიოლებელი ხერხები. ყველა დიასახლისს თავისი "საფირმო" მეთოდები აქვს (იმედია, მათ კომენტარებში გაგვიზიარებთ), მე ჩემსას გაგიზიარებთ.
ამჯერად საქმე სადილების მომზადებას ეხება. ეს იოლი საქმე არ არის. როცა სამზარეულოში ფუსფუსის დრო ყოველდღე არ გაქვთ, სამუშაო კვირის სამყოფი საბაზო მარაგი წინასწარ უნდა შექმნათ. ამ მარაგის წყალობით ძალიან სწრაფად ასაუზმებთ, ასადილებთ ან ავახშმებთ ოჯახის წევრებს.
1. დასვენების დღის გარკვეული პერიოდი საგანგებოდ დაუთმეთ ამ მარაგის შექმნას. სასურველია, ოჯახის რომელიმე წევრი გეხმარებოდეთ. თუნდაც მეუღლე. თუ უარზეა, აუხსენით, რომ საქმე მის ჭამასაც ეხება. ამით დაიყოლიებთ.
2. თითქმის ყველა სადილი ხახვის შუშვით იწყება. გაფცქვნისა და წვრილად დაჭრის დრო რომ არ დაკარგოთ, თავისუფალ დროს გაფრცქვენით და ხორცსაკებ მანქანაში გაატარეთ დაახლოებით 10 თავი ხახვი (უფრო სწორად, მეუღლეს გაატარებინეთ. ამით ძალას დაზოგავთ). ეს გატარებული მასა ნაწილ-ნაწილ ნებისმიერი სადილისთვის გამოდგება. მაცივარში ერთ კვირაზე მეტ ხანსაც ძლებს. თუ უფრო დიდხანს შემოგრჩათ, საყინულეში შედგით. როცა დაგჭირდებათ, საჭირო რაოდენობა "ამოჩიჩქნეთ". ქვაბში ჩააგდებთ თუ არა, ჩვეულებრივ ახალგაფცქვნილს დაემსგავსება. რაც მთავარია, საყინულე არც სუნს უცვლის, არც გემოს.
3. არანაკლები დრო და ნერვები სჭირდება მწვანილის გარჩევას, რეცხვასა და წვრილად დაჭრას. ამ ყველაფრის გაკეთება მაინც მოგიწევთ, ოღონდ თავისუფალ დროს. გარეცხეთ, ოდნავ შეაშრეთ და დაჭერით დიდი რაოდენობით მწვანილი. თითო სახეობა (დაჭრილი) თითო კონტეინერში მოათავსეთ და საყინულეში შეინახეთ. საკმაოდ დიდხანს ინახება. როცა დაგჭირდებათ, უკვე გამზადებულს გამოიღებთ, საჭირო რაოდენობას ამოაკლებთ და ქვაბში ჩაყრით. ისეთივე სურნელოვანი იქნება, როგორც ახლად დაჭრილი. ოღონდ გაითვალისწინეთ, კონტეინერი სწრაფადვე უნდა შეაბრუნოთ საყინულეში, რომ დარჩენილმა მწვანილმა ლღობა არ დაიწყოს.
4. იყიდეთ რამდენიმე ულუფა ხორცი (თუნდაც გატარებული). მომზადეთ კატლეტები და გაყინეთ. ნებისმიერ დროს შეგეძლებათ შეწვათ და ცხელ-ცხელი მიირთვათ, თითქოს ახლახან გააკეთეთ. მხოლოდ გარნირს მოამზადებთ და სრულფასოვანი სადილიც მზად არის.
5. ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ გუფთები და გაყინოთ. წვენს იოლად მოამზადებთ, მთავარი საწვალებელი - გუფთები ხომ უკვე მზად გექნებათ.
6. გარეცხეთ და გახეხეთ ბორშისთვის საჭირო ინგრედიენტები. შემდეგ თეფშზე დაყარეთ, შესაფუთი ცელოფნის პარკი (ჟგუტსაც ეძახიან და ყველგან იყიდება რულონზე დახვეული) გადაახვიეთ. ერთი კვირის განმავლობაში ნამდვილად გაძლებს. ბორშს კი, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, სამსახურიდან მოსული უცებ მოამზადებთ.
7. საყინულეში კარგად ძლებს და ოჯახს სწრაფად დააპურებთ ყველის, ხაჭოს ან კარტოფილის "ვარენიკებით". ესენიც ჯობია სახლში თქვენი ხელით დაამზადოთ და შემდეგ გაყინოთ. ბევრად უფრო ჯანსაღი პროდუქტი გამოგივათ.
ამ რჩევებს რამდენიმე სუსტი წერტილი აქვს:
1. ბევრი ხორცია საჭირო, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ჩემი ბიუჯეტის ანალიზმა დაადასტურა, რომ ოჯახის (განსაკუთრებით კაცების) დანაყრება ხორცის გარეშე გაცილებით ძვირი ჯდება. ამიტომ ისევ ამ პროდუქტზე ვაკეთებთ არჩევანს, თუნდაც ეკონომიის გამო.
2. ამ მარაგის შესაქმნელად საკმაო დრო და ენერგიაა საჭირო, დასვენების დღე კი ძირითადად ერთია, თუ გაგიმართლათ - ორი. ამიტომ ამ დღეს დამხმარე უნდა გყავდეთ. თუ მარტომ მოგიწიათ შრომა, ესე იგი სამსახურში დასვენებული კი არა, დასასვენებლად მიხვალთ... თუმცა, ვერც ამით გაგაკვირვებთ. ბევრი დიასახლისისთვის "დაქანცული შაბათ-კვირა" უკვე ცხოვრების წესია.
მარიამ ლ.