"რძალი ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ ქმრის გამზრდელი დედა იყოს მისი პარტნიორი ქმართან ურთიერთობაში" რძალ-დედამთილის ინსტიტუტი ყველა ეპოქასა და საუკუნეში აქტუალურია. ეს გახლავთ მარად სადავო თემა, რომლის დარეგულირების საკითხიც კი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ჩვენ ხათუნა ხოფერიას დავუკავშირდით, რომელიც დღესაც კი, როდესაც მისი შვილები გაყრილები არიან ცოლებთან, რძლების ქომაგი და გულშემატკივარია, მეტიც, იმასაც კი ამბობს, რომ გოგონებთან დედა-შვილური დამოკიდებულბა აქვს.
- რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ რძალ-დედამთილის ურთიერთობა თავიდანვე ნორმალურად დაიწყოს. ზოგი ამბობს, დამხვედრზეა ეს დამოკიდებულიო, ზოგიც - შემოსვლელზეო. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში?
- რძალ-დედამთილის პრობლემა საუკუნეებია არსებობს, მაგრამ რა ჯობია და რა - არა, ასე ვერ იტყვი. არის შემთხვევები, როცა რძლის დამსახურებაა, რომ ოჯახში ნორმალური სიტუაციაა და ასევე არის შემთხვევები, როცა დედამთილის ძალისხმევით მიიღწევა ეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ოჯახში მყარი და დალაგებული ურთიერთობის განმსაზღვრელი მაინც ქმარი, ანუ მამაკაცია. მას უნდა ჰქონდეს მკვეთრად დაფიქსირებული პირადი დამოკიდებულება ამ ორი უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანის მიმართ. ის, რომ ერთია დედა და მეორე – ცოლი, უნდა ჩანდეს და იგრძნობოდეს მის ქმედებებსა და დამოკიდებულებებში და არასდროს არ უნდა ჩაერიოს რძალ-დედამთილის ურთიერთობაში კაცი. როცა ერევა კაცი და მასში აზრის ჩამოყალიბებისთვის იწყება ბრძოლა, ზუსტად აქ ფუჭდება საქმე. ჩემი პირადი გამოცდილებიდან დედებს ვურჩევდი, გაცნობიერონ ერთი რამ: როცა მათ შვილს მოჰყავს ცოლი, ის გადადის სხვა ასაკობრივ და ქცევით კატეგორიაში და არ უნდა ჰქონდეს დედას ბიჭის მიმართ იგივე ქცევები და იგივე დამოკიდებულება, როგორიც ეს ცოლის მოყვანამდე ჰქონდა. არიან ეგოისტი დედები, რომლებსაც ძირითად შემთხვევებში ეს თვისება ახასიათებთ, იმიტომ რომ ჰყავთ ან ერთი შვილი, ან მთელი ცხოვრება მიძღვნილი აქვთ მათთვის, პირადი ნაკლებად გააჩნიათ და მწვავედ აღიქვამენ მესამე პირის ჩარევას ამ ურთიერთობაში. როდესაც ქალს არ აქვს სამსახური, საქმე და მისი საქმიანობის სფერო მხოლოდ ოჯახი და შვილებია, მესამე, ახალი პირის შემოსვლას მწვავედ აღიქვამს და ყველანაირად ცდილობს, თავისი სტატუსი თუ საჭიროება, ალბათ ასე ჯობია, დავარქვათ, დაიცვას. თუმცა, ასევე არსებობენ რძლები, რომლებიც საღად ვერ უდგებიან რძალ-დედამთილობის საკითხს, გაგონილი აქვთ მხოლოდ ნეგატიური ინფორმაცია, მათი გონება მეტად ვეღარ წვდება სიტუაციას და დედამთილს ექცევიან, როგორც დედამთილს და არა როგორც იმ ქალს, რომელმაც მათი საყვარელი ადამიანი გააჩინა, გაზარდა. ამასთან, არ ცდილობენ, თავადაც გახდნენ მათი მეორე ნახევრების დედების შვილები, მერე ასეთ მდგომარეობას ახლავს გაურკვევლობა, ხანდახან ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც უზრდელობასაც აქვს ხოლმე ადგილი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ურთიერთობას.
ზოგადად, ძალიან კარგი ინსტიტუტია რძალ-დედამთილობის, ეს ორი ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ერთმანეთთან ახლოს, იმიტომ, რომ დედამთილის გარეშე ძალიან გაგიჭირდება შენი მეორე ნახევრის შეცნობა, მისი ბოლომდე გაცნობა. ყოველთვის უნდა ეცადოს რძალი, რომ ქმრის გამზრდელი დედა იყოს მისი პარტნიორი ქმართან ურთიერთობაში, ისევე როგორც დედამთილი უნდა ეცადოს, რომ რძალთან ჰქონდეს განსაკუთრებული დამოკიდებულება, იმიტომ, რომ შვილიშვილებს, რომლებიც რძალმა უნდა გააჩინოს და გაზარდოს, დედამ უნდა ასწავლოს შენდამი, ანუ ბებიისადმი სიყვარული, თუ რძალმა, ანუ ბავშვის დედამ არ მოინდომა, ბავშვს სათანადოდ არ ეყვარები, ხოლო თუ რძალს უყვარხარ, სახვანაირად უყვარხარ შვილიშვილსაც. ზოგადად, ადამიანები უფრო მეტად თუ დაფიქრდებიან საკუთარ ურთიერთობებზე, ბევრად უფრო წყნარი და მშვიდი ცხოვრება გვექნება.
- რაც შეეხება კონკურენტობის თემას, არის შემთხვევები, რომ რძლებიცა და დედამთილებიც ერთმანეთს კონკურენტებად აღიქვამენ, რატომ ხდება ეს?
- პირადად ჩემთვის კონკურენტობა ესაა თითიდან გამოწოვილი თემა, რეალურად სულ სხვა მომენტია. დედამთილს როცა საკუთარი პირადი ცხოვრება, საქმე, კარიერა ნაკლებად აქვს, ის აღიქვამს რძალს როგორც მესამე პიროვნებას, რომელიც ერევა დედა-შვილის ურთიერთობაში, გარკვეულწილად დედამთილი ფიქრობს კიდეც, რომ კარგავს წონას შვილის თვალში და რთულად ეგუება ამას. რძლების მხრიდანაც არის ხოლმე ისეთი ქმედება, როცა ცდილობენ, დაიკავონ დედის ადგილი. მე ერთხელ ვთქვი, რომ ბიჭები ძალიან დიდხანს რჩებიან დედაზე ჭიპლარგამობმულნი, ხშირია, როცა მიდის 70 წლის დედა და ჭიპლარზე გამობმული 40-45 წლის ბიჭი მიჰყვება. ჭიპლარის ჩაჭრის ერთ-ერთი რეალური და საღი მომენტი არის ის, როცა კაცს ცოლი მოჰყავს, ამ დროს თვითონ დედამ უნდა შეუწყოს ხელი, რომ მოხდეს ჭიპლარის გაჭრა და ფუნქციების გადაცემა იმ ადამიანზე, ვის მიმართაც შვილი ვალდებულია, ბევრად მეტი სითბო გამოხატოს. ამის მიუხედავად, შვილი შვილია და ამ სტატუსს ვერაფერი შეცვლის, მაგრამ რძალიც არის შვილი, ყველაზე ძვირფასი ადამიანის, შვილიშვილის დედაა და ჩემი დამოკიდებულება მისდამი უპირველესად სწორედ ამ ფქტორიდან მომდინარეობს.
- რაც შეეხება წყვილის ურთიერთობაში, გადაწყვეტილებებში დედამთილის ჩარევას დოზირებულად, საჭიროა ეს?
- მოდი, ამას ჩარევას ნუ დავარქმევთ, ეს უფრო რჩევაა. რჩევა კი შეიძლება მეზობელმა მოგცეს და გაითვალისწინო. ამას ალბათ უფრო რჩევის სახე უნდა ჰქონდეს და რჩევა კი საწყენი არ უნდა იყოს.
- პირადად თქვენ, როგორი ურთიერთობა გქონდათ დედამთილთან, როცა ახალი რძალი იყავით, ახლდა ამ ყველაფერს დაძაბულობა?
- მე მყავდა და მყავს რუსი დედამთილი. არ ვიცი, მისი თუ ჩემი დამსახურებაა ის, რომ არაჩვეულებრივი დამოკიდებულბა გვაქვს დღემდე. მეტიც, მე მას დღესაც კი დედას ვეძახი. სიმართლე გითხრათ, მე უფრო ვაქტიურობდი, რომ მას საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა და ჩარეულიყო, ვიდრე თავად.
- მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მიმართვის საკითხში, ადრე აუცილებლობასავით იყო დედას დაძახება, ახლა ზოგი დეიდათი მიმართავს, ზოგი - პირდაპირ სახელით.
- მიუხედავად იმისა, რომ მე ქმარს გავეყარე, იმ პერიოდშიც კი, როცა ჩვენ უკვე გაშორებულები ვიყავით, დედას ვეძახდი ჩემს დედამთილს და მას შემდეგ, რაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა, მიმართვის ფორმა არ შემიცვლია, დღემდე ასე მივმართავ. მე არ მინდოდა, ჩემს რძლებს სახელით მოემართათ ჩემთვის და ეს პოზიცია თავიდანვე დავუფიქსირე მათ. მაგალითად, თიკა ხათუნა დეიდას მეძახდა, ახლა კი ორივე რძალი გაშორებულია ჩემს შვილებს, თან ორივე გაიზარდა უკვე და ფორმაც შეიცვალა.
- ერთია გქონდეთ რძალთან კარგი ურთიერთობა და მეორეა – მეგობრობდეთ მასთან...
- სიმართლე გითხრა, მე არ ვამბობ ხოლმე, ჩემი შვილი, ან ჩემი რძალი ჩემი მეგობარია. მეგობარი არის უცხო ადამიანი, რომელთანაც გიყალიბდნება კარგი ურთიერთობა, ჩემი რძლები ბავშვები იყვნენ, ჩემს ოჯახში რომ შემოვიდნენ და მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულბა არის დედა-შვილური, ჩემს ხელში გაიზარდნენ და ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნებათ. გათხოვდებიან თუ რას იზამენ, არ ვიცი, მაგრამ მათ ჩემს გულში ყოველთვის ექნებათ საკუთარი ადგილი და ეს ჩემმა შვილებმა იციან.
ციცი ომანიძე
ასევე იხილეთ: "რძალ-დედამთილს შორის ურთიერთობის გაფუჭება მაინც დედამთილის ბრალია"
როგორ მიმართავენ ცნობილი სახეები დედამთილებს
"ძიძის აყვანა იმისთვის, რომ დედა კაფეში დაჯდეს, ჩემთვის მიუღებელია"