40 წლის ნათია წიგნაძე 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა. ამბობს, რომ ბევრი შვილი ბედნიერებაა და მათი აღზრდა არც ისეთი რთულია, როგორც შორიდან ჩანს. ყველაზე დიდ ენერგიასა და ძალას სწორედ შვილები აძლევენ. დამეთანხმებით, არ არის ადვილი, იყო 10 შვილის დედა, სწორად გაანაწილო დრო და შვილებს სათანადო ყურადღება მიაქციო, ამასთან, საკუთარი თავისთვისაც დაგრჩეს დრო, თუმცა ნათია ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს.
- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი მეგობრის ოჯახში გავიცანით. მალევე დავოჯახდით. მე წარმოშობით კახეთიდან ვარ, თუმცა წლების განმავლობაში თბილისში ქირით ვცხოვრობდით. გავიგე, რომ მუნიციპალიტეტები ხელშეკრულებით აძლევდნენ მრავალშვილიანებს ბინებს. დავწერეთ განცხადება და თელავის რაიონში სოფელ რუისპირში ორი წლის ვადით დაგვითმეს ბინა.
- პირველი შვილი რამდენი წლისას გეყოლათ?
- პირველი შვილი 17 წლის ასაკში მეყოლა. ძალიან პატარა ვიყავი და დედობა გააზრებული არ მქონდა. მერე და მერე მივხვდი, რამხელა ბედნიერებაა, გერქვას დედა. ჩემი უფროსი შვილი უკვე დაოჯახებულია და შვილიშვილებიც მყავს.
- თავიდანვე ოცნებობდით ბევრ შვილზე?
- ბევრ შვილზე არასოდეს მიფიქრია. ყველაფერი თავისთავად მოხდა. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ აბორტის, ეს ჩემთვის ყოვლად დაუშვებელია. ღმერთი როცა ბავშვს სიცოცხლეს ჩუქნის, არავის აქვს უფლება, მას სიცოცხლე წაართვას. დღეს 10 შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია ვარ.
- ალბათ არ არის მარტივი ათი შვილის გაზრდა. ვგულისხმობ მატერიალურ უზრუნველყოფას. როგორ ართმევთ თავს? რა არის თქვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი?
- ჩემი მეუღლე ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მარჯვენასაჭიანი მანქანა ჰყავდა და კანონის მიხედვით აეკრძალა მუშაობა. რაც აქ გადმოვედით, დროებით სოციალურიც შეგვიჩერდა. მინდა, უფრო მეტად მოგვაქციოს მთავრობამ ყურადღება. კომუნალურების გადახდა ძალიან მიჭირს. გაზი არ გვაქვს, ზედა სართულზე ბავშვებს დენით ვათბობ და 200 ლარამდე მომივიდა გადასახადი. დაფინანსებაშიც ვერ მოვყევით. დაბლა შეშის ღუმელი გვიდგას. მოგეხსენებათ, არც შეშა ღირს იაფი. გადამეწვა წყლის გამათლობელი და ძალიან ვწვალობ. ღუმელზე ვედროებით ვათბობ წყალს და ისე ვბან ბავშვებს. რამდენიმე ჯგუფში ვითხოვე დახმარება, მეორადი გამათბობელით მაინც დაგვხმარებოდნენ, მაგრამ არავინ გამოგვეხმაურა.
დიდი პრობლემაა ონლაინსწავლება. ჩევენს სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა და ისევ ონლაინსწავლებაზე გადავედით. სახლში ოთხი მოსწავლე მყავს. ერთი სასკოლო ბუკი აქვთ, დანარჩენი დაზიანდა და ვერ იყენებენ. დღეგამოშვებით შედიან გაკვეთილზე. თუმცა, ღმერთის წყალობით, ვუძლებთ...
- ყველაზე პატარა შვილი რამდენი წლისაა?
- წლის და ორი თვის ხდება. როგორც გითხარით, უფროსი გოგო გათხოვილია. მეორე ბიჭი მასთან და სიძესთან ერთად ცხოვრობს. 14 წლის გოგო მყავს და ძალიან მეხმარება, ყველაფერში გვერდში მიდგას, ჩემი მარჯვენა ხელია. ზოგადად დედმამიშვილები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე. ამიტომაცაა ბევრი შვილი კარგი, ერთმანეთის სიყვარულს და ერთმანეთზე მზრუნველობას სწავლობენ.
- სოფელში მეურნეობას თუ ეწევით?
- როგორც გითხარით, აქ პანდემიის დროს გადმოვედით. ჯერჯერობით საკუთრებაში მიწის ნაკვეთი არ გვაქვს, ოფიციალურად არ გვეკუთვნის. თუმცა ჩემმა ახლობელმა შემოგვთავაზა, რომ დაგვითმობს. ვნახოთ, როგორ შევძლებ, ნაკვეთის დამუშავებას და დათესვასაც სახსრები უნდა. თუ მექნება შესაძლებლობა, აუცილებლად მივყოფ მეურნეობას ხელს. ბავშვების დახმარება რომ ჩაირიცხა, სწორედ მაშინ მოგვიწია აქ გადმოსვლა. ის 1600 ლარი სახლის რემონტს და საჭირო ნივთების შეძენას მოვახმარეთ.
სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი ბედნიერებაა ამდენი შვილის ყოლა. ხშირად მეუბნებიან, როგორ ვუძღვები ყველაფერს. არაფერი არ შეედრება იმ ბედნიერებას, როცა ამდენი ბავშვია ოჯახში. დაღლა და ყველა პრობლემა გავიწყდება, როცა თავისი პაწაწინა ხელებით გეფერებიან.
- თქვენ რამდენად გრჩებათ დრო საკუთარი თავისთვის?
- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემი თავისთვის ყოველთვის მაქვს დრო. არასოდეს ვაკლდები სამეგობროს, ექსკურსიებს და ა.შ. მეუღლე რჩება ბავშვებთან და მე მიშვებს. ჩემი შვილები არ ჩაატარებენ დედის დღეს, რვა მარტს, ჩემს დაბადების დღეს, რომ საჩუქარი არ გამიკეთონ. შარშან დაბადების დღეზე ფული შეუგროვებიათ, მოტყუებით მიმიყვანეს რესტორანში, დაბადების დღე გადამიხადეს. საოცრად ემოციური იყო ეს მომენტი ჩემთვის, სიხარულით ვტიროდი. ყველა ჩემი შვილი, სიძე, მეუღლე, იქ იყვნენ. როცა მეუღლე შენზე ფიქრობს, ზრუნავს, გვერდით გიდგას, შეუძლებელი არაფერია, ყველაფერს გაართმევ თავს.
- ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ბევრ შვილს. რას ეტყვით ამ ადამიანებს?
- ეს ნაცნობი ფაქტია ჩემთვის. ბევრს ვითომ ხუმრობით უთქვამს, მეტი საქმე არ გაქვთ, სკამი ან ტელევიზორი არ გქონდათ ოჯახშიო? საქმეც რომ მაქვს, სკამიც, ტელევიზორიც და კარგი მეუღლეც მყავს, ამიტომ მყავს ამდენი შვილი. ჩემთვის პირველ რიგში ის არის დიდი ბედნიერება, რომ ჩემი ათი ნაწილი რჩება დედამიწაზე. იმ ათი ნაწილიდან კიდევ რამდენი ნაწილი დარჩება?
მერი ბლიაძე