თამრიკო ჭოხონელიძე: "ასეთი ადამიანები არაკაცებად რჩებიან ჩემს თვალში, ყოველთვის უნდა დაერქვას სახელი ნამდვილ კაცს და ვითომ მამას, რომელსაც არაკაცი ჰქვია"
თამრიკო ჭოხონელიძე:  "ასეთი ადამიანები არაკაცებად რჩებიან ჩემს თვალში, ყოველთვის უნდა დაერქვას სახელი ნამდვილ კაცს და ვითომ მამას, რომელსაც არაკაცი ჰქვია"
ოჯახის ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია, უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი იმისთვის, რომ შექმნა კარგი ოჯახი და იყო კარგი მშობელი. ოჯახურ თემებზე თამრიკო ჭოხონელიძეს ვესაუბრეთ, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაგვანდო.

- როგორ ფიქრობთ ოჯახის შექმნისა და შვილის გაჩენისთვის რომელი ასაკია მისაღები?
- რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ოჯახის შექმნის ასაკს ვერ განსაზღვრავ. მაგალითისთვის არაერთი წყვილი მყავს სამეგობროში, მეტიც, ჩემმა დამ თინიკომ 19 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ თავიდანვე ცოლ-ქმარი იმდენად დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა ყველაფერს, რომ დღემდე სამაგალითონი არიან. მაგრამ, ამასთანავე არსებობენ წყვილები,
რომლებიც ოჯახებს ზრდასრულ ასაკში ქმნიან, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით, აქედან გამომდინარე წლოვანებაზე დამოკიდებული არაა და ამის განსაზღვრა რთულია. დედაშვილობა ამოუცნობი ფენომენია, რამდენი დედაშვილიც არსებობს, იმდენნაირი სიყვარულია, ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება განსაზღვრო ასაკი. ის ადამიანი, რომელიც ამბობს, 30 წლისამ განსაკუთრებულად განვიცადე შვილის დაბადება, ან მეტი ემოცია მქონდაო, მგონია, რომ ცოტა ნაკლულია. იმიტომ, რომ დედობრივი ინსტინქტი იმდენად ამოუცნობი, მაგრამ მყარია, რომ არ მგონია, თუნდაც 18 წლის გოგო ვერ აცნობიერებდეს იმ მოვლენას, რასაც შვილის დაბადება ჰქვია. ჯერ მარტო მაშინ ხდება უდიდესი რამ, როცა 9 თვის განმავლობაში მუცლით ატარებ შვილს. პირადად მე, როგორც კი შევიტყვე, რომ ჩემი შვილები ჩემში არსებობდნენ, სულ მქონდა მათთან კონტაქტი, დღე არ გადიოდა, რომ ჩემს
შვილებს არ დავლაპარაკებოდი. ჩემში გაოცებას იწვევს ასეთი მიდგომა ბავშვებისადმი – რაც უფრო მეტად მიიჩვევ, უფრო მოგეჯაჭვება და მერე ძალიან გაუჭირდება დედას გარეთ გასვლა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ შენს ცხოვრებაში იღებ ახალ ადამიანს, შვილს, რომელსაც ღმერთი გჩუქნის, კეთილი ინებე და ცოტა ნაკლებად გაბრძანდი გარეთ, სანამ ის ბავშვი პატარაა. მეცნიერების მხრიდან დამტკიცებულია, რომ ერთ აურაში, ერთ ბიოველში სხედან დედა-შვილი ბავშვის ჩასახვის დღიდან 3 წლამდე, ვერ წარმომიდგენია, თვეების ბავშვს როგორ ტოვებენ და როგორ გადიან დიდი ხნით, ან რა გული უძლებთ, ან რა ფიზიკა. მე ჩემს შვილებს აუცილებლობის შემთხვევაში ერთი საათით რომ დავტოვებდი, ტანით ვგრძნობდი მათ იმწუთიერ მდგომარეობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 3 წლამდე ჩემი შვილები ერთი დღით არ დამიტოვებია, იმიტომ, რომ მე ვგრძნობდი, მათ ყველაზე მეტად მე ვჭირდებოდი.
- ქალბატონო თამრიკო, ძიძის ინსტიტუტს, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა, ეწინააღმდეგებით?
- ცხოვრება მოვიდა ასეთი, რომ ქალმა დაკარგა თავისი სახე, ეს ყველაფერი კი კაცების ბრალია. ქალს დააკარგვინეს ქალობა, მამაკაცის ბრალი არ არის, რომ სამსახური დაკარგა, მაგრამ დალოცვილიშვილო, როდესაც ქალი დილას გადის სახლიდან საღამომდე, იმის გამო, რომ თანხა ოჯახს მოახმაროს, კეთილი ინებე და მძიმე ტვირთის მოტანაში მაინც დაეხმარე, ქუჩაში მაინც დახვდი და მიატანინე სახლამდე. ეს მაინც გააკეთე, როცა ფეხმორთხმული ზიხარ სახლში და ელოდები, როდის შემოვა დ შემოიტანს რაღაცას. ქალი იძულებულია ორმაგად იმუშაოს, შვილს კი ქალის ხელი რომ არ მოაკლდეს, იძულებული ხდება აიყვანოს ძიძა. მე არანაირად არ ვარ ამის მომხრე, მაგრამ ვაღიარებ, რომ ჩვენც დაგვჭირდა ძიძა. მარიამი სწავლობდა, მეც ხშირად მიწევდა გასვლა იმის გამო, რომ მხოლოდ მე ვარჩენდი ოჯახს და დღესაც ასეა. ბავშვთან ვიღაც ხომ უნდა დარჩენილიყო? ჰოდა, ავიყვანეთ ძიძა. მე არ ვუკრავ ტაშს ძიძის ინსტიტუტს, მაგრამ საჭიროებამ მოიტანა. მით უმეტეს, რომ ელენე უკვე ისეთ ასაკშია, კომუნიკაციას თავად ამყარებს ძიძასთან, მაგრამ სამ წლამდე არ შეიძლება ძიძა, იმიტომ, რომ ბავშვი ირევა და ვეღარ ერკვევა, ვინაა ძიძა და ვინ დედა. არ გინახავთ, რომ ძიძები უფრო უყვართ? ეს ტრაგედიაა, იმიტომ, რომ ბავშვი ვერ გარკვეულა ვის უნდა გაუნაწილოს სითბო. ის, რომ მშობლების ოთახიდან ძიძას გაჰყავს ბავშვი და თავის ოთახში იწვენს, უბრალოდ დანაშაულის ტოლფასია, იმიტომ, რომ იმ ბიოველს განგებ ურღვევ ბავშვს, რომელიც ღმერთმა გაჩუქა.
- მამის წვლილი შვილის აღზრდაში როგორი უნდა იყოს?
- ამ შემთხვევაშიც საქმე ასაკში არაა. ისევ ჩემი დისა და მისი ქმრის მაგალითი უნდა მოვიყვანო. 19 წლისანი იყვნენ, მშობლები რომ გახდნენ, ჩემი დის ქმარიც მსახიობია, თითქოს ბოჰემური ცხოვრების მოყვარულიც, მაგრამ მისთვის ოჯახი იყო და არის უპირველესი. ჩემმა შვილმა კოკომ 22 წლის ასაკში შექმნა ოჯახი, მაგრამ სამაგალითო მამაა, თუმცა არსებობენ კაცები, რომლებიც ვერც ერთ ასაკში ვერ იქნებიან კარგი მამები, იცით რატომ? იმიტომ, რომ დამოკიდებულება აქვთ ზედაპირული. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ბევრი ისეთი მამის შესახებ მესმის, რომელსაც სრულიად არაფერი ევალება, არა ბავშვის ჩაცმა, არა ჭამა, არა გასეირნება, არა ჯანმრთელობა, უბრალოდ, მან წელიწადში ერთხელ შვილის სიცოცხლის დაზღვევა, 200 ლარი უნდა გადაიხადოს. მაგრამ ამასაც რომ არ აკეთებს კაცი, შეიძლება კარგი მამა ეწოდოს? მან 200 ოჯახი რომ შექმნას, კარგი მამა ვერასდროს ვერ იქნება, იმიტომ, რომ მას აქვს ღამურას მდგომარეობა, არც ადამიანია და არც ცხოველი, არც მიწისაა და არც ცისა. ასეთ ადამიანს ხშირად მინდა, მივმართო, რას სჩადი უგნურო?! ნუთუ ვერ აცნობიერებ ცხოვრების არსს?! ამქვეყნად მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების დასკამაყოფილებლად მოევლინენ??? ასეთი ადამიანები არაკაცებად რჩებიან ჩემს თვალში, ყოველთვის უნდა დაერქვას სახელი ნამდვილ კაცს და ვითომ მამას, რომელსაც არაკაცი ჰქვია. სამწუხაროა, რომ ასეთი უყურადღებობის ფაქტები ყოველ მეორე-მესამე გაშორებულ ოჯახში ხდება. ამ დროს ძალიან იჩაგრება და ითრგუნება ბავშვის ფსიქიკა, მაგრამ ასეთ მამებს ეს ალბათ არ ადარდებთ. მე ძალიან დიდი შიშით ვუყურებ ამ მოვლენას, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოების წევრი უნდა გახდეს ბავშვი, რომელიც მაინც დაკომპლექსებული გაიზრდება და შეიძლება სადღაც სიბოროტემაც იფეთქოს მასში, ისე, რომ ვერ გაცნობიეროს. ალბათ გარკვეულწილად ანგარიშგება ჰქვია ამას, რატომ ამახინჯებენ ბავშვების სულებს, არ ვიცი.
mshoblebi
- რა უნდა გააკეთოს დედამ ასეთ დროს?..
- ყველაზე დიდ სირთულეს დედის მდგომაროება წარმოადგენს. ვერ მოვუწოდებ ვერც ერთ დედას, მამები ისე დახატონ, თითქოს არაფერი ხდება. ხშირად უთქვამთ, დედამ არ უნდა გააბაროტოს მამის მიმართ შვილიო. რასაკვირველია, ასე არ უნდა მოიქცეს, მაგრამ ისეც არ უნდა განაწყოს, რომ იდეალურია მამა, მეტიც, პირდაპირ ვამბობ, არც უნდა შეაყვაროს ადამიანი, რომელიც არის არარაობა. რადგან იმ ბავშვს პირველ რიგში დედის მიმართ გაუჩნდება ლოგიკური შეკითხვა, თუ ასეთი კარგია, რატომ არ არის მამა ჩვენთან ერთად. ამიტომ მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად იგნორირება უნდა მოახდინოს დედამ იმ არაკაცის. დოზირებულად უნდა უპასუხოს შვილს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბავშვმა კითხვა დაუსვა. ასეთი მამის არსებობას, ვთვლი, არარსებობა ჯობია. სამწუხაროდ, ასეთ დედებს ორმაგი პასუხისმგებლობის წინაშე დადგომა უხდებათ ხოლმე, რადგან მამისა და დედის როლიც მხოლოდ დედამ უნდა ითამაშოს. მგონია, რომ მთავარი მაინც ოჯახია, სადაც იზრდებიან. მე ვისზეც ვყვები, ვინც მყავს მხედველობაში, შვილის სიცოცხლის დაზღვევის ფულს რომ არ იხდის, გამოკვეთილად უარყოფითი ოჯახიდანაა, ამიტომ ვერც მოსთხოვ იმ ადამიანს ვერაფერს, რადგან მას პასუხისმგებლობის გრძნობაც კი ვერ ჩაუნერგეს. პირადად მე, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მარტოს მომიწევდა ჭაპანის გაწევა. ოჯახის დანგრევას და ორი ადამიანის გაშორებას, ვისაც გინდა ეხებოდეს ეს, საშინლად განვიცდი და როცა ეს ყველაფერი მე შემემთხვა და მერე უკვე ჩემს შვილს, საშინლად მეტკინა. ეს ჩემთვის უდიდესი ტკივილია, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ, მარიამს ეს არ ვაგრძნობინო, თუმცა მე გამიორმაგდა და გამითამგდა ის ტკვილი, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე.
- თავს უფლებას მივცემ გკითხოთ, ელენე რამდენად განიცდის იმას, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე არიან?
- ელენე პატარა, წელიწად-ნახევრის იყოს, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და ამ ფაქტს, როგორც ჩანს, კარგად ვერ უღრმავდება, თუმცა ხშირად ამბობს, რომ ენატრება მამიკო. მარიამზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორ შეუმსუბუქებს ამ ყველაფერს, რაც შეუძლია, აკეთებს, თუმცა ალბათ დადგება დრო, როცა ელენე უფრო სიღრმისეულ შეკითხვებს დასვამს.
- ხომ აქვს მამასთან კონტაქტი?
- კი, როდესაც იცლის მამა, მაშინ აქვთ კონტაქტი.
- რძალ-დედამთილობაზეც მინდა გკითხოთ, ვისზეა დამოკიდებული კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება, დამხვდურზე თუ შემომსვლელზე?
- დამხვდურზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, მაგრამ ასევე ისიც გასათვალისწინებელია, როგორ შემოდის ახალი წევრი. ყველა გოგოს აქვს ასაკი, როცა განებივრებულია თაყვანისმცემლებით. მახსოვს ასეთ სიტუაციაში ამა თუ იმ ბიჭზე ბებიაჩემი კითხულობდა, ვინ არის, ვისი ოჯახიდანაა, ვინ გაზარადა და ა.შ. ისიც მახსოვს, ერთ დღეს როგორ უკმაყოფილოდ ვთქვი, რა მნიშვნელობა აქვს ამას-მეთქი და მაშინ ბებომ მიპასუხა, ჩემს ასაკამდე არ დაგჭირდება მოსვლა, როცა თავადაც იტყვი ამ ფრაზებს და დასვამ ამ კითხვებსო და ასეც მოხდა. მაშინ გამახსენდა სოფო ბებო, როცა დავსვი ეს კითხვა, ვისი გაზრდილია, ოღონდ ეს მარტო რძლის შემთხვევაში არ იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ოჯახიდან მოდის ადამიანი. შეიძლება ადამიანი გარეთ თამაშობდეს ვითომ კარგს, ზოგადად ეს კრიტერიუმები ძალიან ზოგადია, ვისთვის რას ნიშნვას კარგი, ეს კიდევ საკითხავია. ჩემთვის კი კარგი ადამაიანი არის ზრდილი, რომელმაც იცის სალამი, სტუმრის მიღება, მადლობის თქმა და შეუძლია, დაინახოს მის მიმართ წასული პოზიტივი. თუ ახალგაზრდას ამის უნარი არ აქვს, ვთვლი, რომ ის გაუზრდელია. სამწუხაროდ, მე შემხვდა ცხოვრებაში ასეთი ადამიანი, არ დავაკონკრეტებ ვინ, თუმცა კი, მის შემთხვევაში ნამდვილად ვიკითხე, ნეტა რა ოჯახში გაიზარდა. არის ოჯახები, რომელთაც არანაირი ტრადიცია არ აქვთ, ელემენტარულიც კი. მაგალითად სამზარეულოში ფუსფუსის ტრადიცია არ აქვთ, სადილის მოზადების, სტუმრის გამასპინძლების, ოჯახის წევრებისთვის ამ ყველაფრის მირთმევის, საუზმე, სადილი, ვახშმის ტრადიცია არ გააჩნიათ. არადა, ამ ყველაფერს თავისი ბევრი პლუსი აქვს, თუნდაც ოჯახის შეკვრის მიზნით. ამიტომ დღეს ხშირად ვსვამ ხოლმე კითხვას, რა ოჯახიდან მოდის. მე ბედმა ნამდვილად გამიღიმა, იმიტომ, რომ ჩემი რძალი ანი, ძალიან კარგი დედის და ბაბუის გაზრდილია, პატარა ასაკში გარდაეცვალა მამა, მაგრამ საოცრად კარგი დედის გაზრდილია, რომელსაც მადლობას ვეუბნები ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის. როცა ჩვენს ოჯახში შემოვიდა ანი, საზეიმო განწყობა მქონდა, იმიტომ რომ დავინახე მისი კარგი აღზრდა და ჩემი შვილი უყვარს ძალიან. როდესაც მე, დედამთილი ანუ დამხვდური ვხვდები, რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი ასე ძალიან უყვარს, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა მოიღუშოს ამ დროს დედამთილი. არადა ხშირია შემთხვევა, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი ძალიან უყვარს, ვიღაც მესამე კი ცუდ ხასიათზეა და ეს მესამე სამწუხაროდ, ხშირად არის ბიჭის დედა. ყველა დედამთილს მინდა ვთხოვო, როცა საკუთარ თავში დაიჭერენ ეგოისტურ დამოკიდებულებას, გაეცალონ ახალგაზრდებს, სახლიდან გადით ამ დროს, დააცადეთ ახალგაზრდებს სიყვარული და გრძნობის გამოხატვა, იმიტომ, რომ ისინი ახალ ოჯახს, ახალ ფუძეს ქმნიან. შეიძლება ერთჭერქვეშ ცხოვრობდეს ორი თაობა, მაგრამ ახალ ცოლ-ქმარს მაინც თავისი ფუძე აქვს და უნდა აცადოს და შეარგოს ყველა დედამთილმა ახალგაზრდას სიყვარული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე და ანის ამ მხრივ იდეალური ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეგვეძლო ერთად გვეცხოვრა, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის, რაც მე არ მქონდა, ჩემს შვილსა და რძალს ჰქონოდათ, და ცალკე ვუქირავე ბინა. წელებზე ფეხი დავიდგი, ვიმუშავე ზედმეტად იმისთვის, რომ მათთვის ბინის ქირა გადამეხადა და ისინი ოჯახის შექმნიდან პირველ პერიოდში მაინც ყოფილიყვნენ მარტო. კარგად გაიცნეს ერთმანეთი, ალბათ ჰქონდათ სირთულეები, მაგრამ საკუთარი თავები თავადვე გამოსცადეს, რითაც მე კმაყოფილი ვარ.
- მაინტერესებს, რამდენად მკაცრი და მომთხოვნი დედა იყავით და როგორი ბებია ხართ?
- შეიძლება ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა ჩემში. ჩემი მოთხოვნები უკავშირდება იმას, რომ ელენემ საკუთარ თავს არაფერი დაუზიანოს და არ ავნოს. მაგალითად, "შტეფსელში" ხელი არ შეყოს. ამას რომ გააკეთებს ბავშვი, არავითარ შემთხვევაში არაა საჭირო სიტერიკის ატეხვა, შენი რეაქციით უნდა მიახვედრო ბავშვი, რა დააშავა, უნდა გაიკვირვო, ეს რატომ გააკეთა და აუხსნა. ბავშვმა თავიდანვე თუ არ გაითავისა, რომ ისაა პიროვნება და თუ არ მიხვდა იმას, რომ პიროვნებად თვლიან, რომელსაც განუმარტავენ ამა თუ იმ საკითხს, მერე პიროვნებად ვერ იქცევა. ამიტომ მე პატარა ასაკიდან ჩემს შვილებთან მქონდა კონტაქტი, არ მახსოვს, მათთვის რაიმე კითხვაზე მეპასუხოს: "მაცადე, არ მცალია", ყოველთვის ვპოულობდი დროს იმისთვის, რომ პასუხი გამეცა. რაც შეეხება გაბრაზებას, ორჯერ ახსოვთ ჩემი გაბრაზება ჩემს შვილებს, ისიც იმიტომ, რომ საკუთარ თავს უქმნიდნენ საფრთხეს, არ დამიჯერეს. მეორედ სერიოზულად გავუბრაზდი, იქამდე, რომ ცოტა ზედმეტიც კი მომივიდა და უკანატანზე მოვარტყი, რაც დღემდე ახსოვთ. ელენე უფრო მძიმე შემთხვევაა, იმიტომ, რომ გამოკვეთილად ჯიუტია, მაგრამ აქაც ვერევით და მოფერებით ვუდგებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაებეჭდოს ბავშვს ფრაზა: "ცუდი გოგო ხარ", ან "ცუდი ბიჭი ხარ", არ უნდა შეეჩვიონ ამ ფრაზას, რაც ცუდად იასახება მერე.
ციცი ომანიძე
თამრიკო ჭოხონელიძელ
"მარიამს რომ ოჯახი დაენგრა, გამიორმაგდა და გამიათმაგდა ის ტკვილი, რაც საკუთარ თავზე გადავიტანე"
44832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (49)
nino
1
თამრიკიო ზოგადად გალანძღე სიძე და მისი ოჯახი,ეს არ გეკადრება. აბა მახარაძეებს მოვუსმინოთ რას ამბობენ?! შენ ყოფილხარ მარიამის ოჯახის დანგრევის მიზეზი, როგორ შეიძლება შენთან ყველა ტყუოდეს და შენ ერთი ("იდეალური") იყო მართალი?! მე ვიცნობ მახარაძეებს და ნორმალური,პატიოსანი,მშრომელი ხალხია.ელიტას არ წარმოადგენენ და ესაა მათი "ნაკლი".
01:41 / 28-11-2016
თეკლა
0
სწორად მსჯელობს თუმცა არ დავეთანხმევი რომ მხოლოდ ოჯახია ადამიანის სახე. სულიდან მოდის ყველა ადამიანური. თქვენ ხომ გაქვთ კარგი ოჯახი რატომ დაენგრა ოჯახი მარიამს თუ ამ ლოგიკით ვიმსჯელებთ. არანაირად არ ვარ ბოღმიანი არც ამათი რამე მაქვს საწინააღმდეგო. უბრალოდ არ მიყვარს ორ ურთიერთ საწინააღმდეგო რაღაცის თქმა.ოჯახი თუ კარგია ათჯერ რომ გათხოვდეს კაია მაინც და თუ ცუდი გასათხოვარიც არ ვარგაა სადაური ლოგიკაა.რაც შეეხება მამის პონტს არაა აუცილებელი ბავშვს ბავშვობა დააკარგინო და დაუჯდე და მოუყვე. ყველაფერს თავის ასაკი აქვს.შეილება შენთვის ცუდი ქმარი იყო მაგრამ.მამა კარგი გახდეს. ხდება ეგეც. ისე ყველაფერი ბედის და ადამიანის განვითარებაზეა დამოკიდებული თორე არავის არ სურს ოჯახი დაემგრეს და იწვალოს. მსახიობებზე და მომღერლებზე გული არ დაგწყდეთ კაცები ეგოისტები არიან და ვერ იტანენ თუ ქალი მათზე მეტად კარჰადაა წარმოჩენილი.
02:14 / 27-11-2016
mako
0
მამაზე ცუდი შვილთან არ უნდა თქვაო- ერთმა მირჩია, ეს ალბათ იმ შემთხვევაში, როდესაც ისეთი არაფერია, მაგრამ როდესაც მამას ბევრი ეშლება გარშემო ყველასთან ურთიერთობაში ჯობია შვილმა გაიგოს რომ ასეთი საქციელი არ არის კარგი, ისიც რომ ისეთივე უვარგისი არ გაიზარდოს.
15:05 / 01-01-2016
ნაირა
0
ქალბატონი თამრიკო მე თქვენი თაობის გახლავართ ჯერ კიდევ ანსამბლ,,მზიურიდან მახსოვხართ და მიყვარხართ..თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ ჩამიარა მეც ზუსტად თქვენაირად ვფიქრობ რაც მე არ მქონია შევეცდები რომ ჩემს შვილებს და რძლებს ჰქონდეთ წელებზე ფეხს დავიდგამ და ამას აუცილებლად გავაკეთებ.. განა რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო
14:49 / 18-08-2015
0
ქალბატონო თამრიკო ღმერთმა ამრავლოს თქვენაირი დედა და დედამთილი..მე თქვენი თაობის ქლბატონი გახლავარ ანსამბლ,,მზიურიდან მახსოვხარტ დამიყვარხართ..თქვენს მსჯელობიდან გამომდინარე მთელმა ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ გაირბინა..მეც ზუსტად თქვენნაირად ვფიქრობ რაც მე არ მქონია შევეცდები რომ ჩემ რძლებს და შვილებს ჰქონდეთ..წელებზე ფეხს დავიდგამ და ამას აუთცილებლად გავაკეთებ.....განა რამდენი ხანი უნდა ვიცოცხლო ....
14:33 / 18-08-2015
მსგავსი სიახლეები