ქალი, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს, ისე უნდა იკვებებოდეს, რომ მიღებული კალორიები მასაც ჰყოფნიდეს და ბავშვსაც ქალი, რომელიც ბავშვს ძუძუს აწოვებს, ისე უნდა იკვებებოდეს, რომ მიღებული კალორიები მასაც ჰყოფნიდეს და ბავშვსაც. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, როგორ გააკეთოს ეს. ზოგიერთს ჰგონია, რომ ბევრი უნდა დალიოს, მეორენი ტკბილეულსა და ფქვილეულს მიირთმევენ... მეძუძური ქალის მდგომარეობა ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ იგი სტაბილური არ არის, ამიტომ გარემო ფაქტორების ზემოქმედებით ადვილად იცვლება. მაგალითად, ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, ვიტამინების ან მინერალური მარილების ნაკლებობა შესაძლოა სერიოზული დარღვევების მიზეზად იქცეს. მეძუძური დედა მკაცრ დიეტას არ უნდა იცავდეს. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. ნებადართულია: მჭლე ხორცი და თევზის კერძები, ყველი, ხილი, ბოსტნეული, ფაფები.
დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას. ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. მეძუძურმა დედამ დღეში ჩვეულებრივზე 700-1000 კკალ-ით მეტი, ანუ დაახლოებით 3200-3500 კკალ უნდა მიიღოს. დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს 120-130 გ ცილას (აქედან 60%-ს - ცხოველური წარმოშობისას), 500 გ ნახშირწყლებს, 100-120 გ ცხიმებს (აქედან 20% მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს).
სანიმუშო რაციონი ასეთია: 200 გ ხორცი, ფრინველი ან თევზი, 1 ლიტრი რძე, 100-150 გ ხაჭო, 20-30 გ ყველი, 1 კვერცხი, 500-600 გ ბოსტნეული (200 გ კარტოფილი), 200-300 გ ხილი.
ნახშირწყლები ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წყაროა, ამიტომ ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, დაღერღილი მარცვლეულის პური, ფაფები აუცილებელია. ერიდეთ ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (ტორტებს, ტკბილეულს), რადგან მათ ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, ვიდრე სარგებლობა: ბავშვს ებერება მუცელი, დედიკო კი წონაში იმატებს. ცხიმები აუცილებელია ღვიძლის კვებისთვის, ზოგიერთი ვიტამინის შეწოვისთვის, მაგრამ საკვებში მისი ოდენობა 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მსუქანი ხორცი, სოფლის რძე, შემწვარი პროდუქტები და ერბოზელილი ცომი მავნე ცხიმებს შეიცავს, ზღვის თევზი და მცენარეული ზეთი - სასარგებლოს. ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა ვიტამინების წყაროც არის. მათი უკმარისობისას რეკომენდებულია ვიტამინების კომპლექსის მიღება. მარგებელია ასევე ასკილის ნაყენი, გაყინული ხილი და კენკრა, ჩირის კომპოტი, ხორბლის ფაფა. მშობიარობის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ რკინისა და სხვა ელემენტების უკმარისობის პროფილაქტიკას. რკინის წყაროა ხორცი, ფოსფორისა - თევზი (უმჯობესია მოხარშული), კალციუმისა - რძე და რძის პროდუქტები.
რა ეკრძალება მეძუძურ დედას?
მეძუძურ დედას ეკრძალება ნებისმიერი ალკოჰოლური სასმლის, მათ შორის ლუდის მიღება. ალკოჰოლი სწრაფად გადადის რძეში და არასასურველ გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებაზე.
ზოგადი რჩევები
*ერიდეთ ტკბილ გაზიან სასმელს. ხშირად სვით ნატურალური წვენი.
*მარილი ზომიერად მიიღეთ. უმჯობესია, გამოიყენოთ იოდიანი მარილი ნატრიუმის დაბალი შემცველობით.
*იკვებეთ აუჩქარებლად, საკვები კარგად დაღეჭეთ.
*ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მუშაობას - შეკრულობამ შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
*რაციონიდან ამოიღეთ ზვიგენის ფილე და სამეფო სკუმბრია - ეს თევზები დიდი ოდენობით შეიცავს ტყვიას, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ბავშვს. ტყვიას ასევე დიდი ოდენობით შეიცავს დაკონსერვებული თინუსი და მისი ფილე.
*მშობიარობის შემდეგ ყოველგვარი საკვები რაციონში სათითაოდ შეიტანეთ და დააკვირდით ბავშვის რეაქციას.
* მოერიგეთ ალერგიის და შებერილობის გამომწვევ პროდუქტს.
მომზადებულია mkurnali.ge-ს მიხედვით
ასევე იხილეთ: 7 სუპერპროდუქტი მეძუძური მეძუძური დედებისთვის