თანამედროვე მშობლების უმრავლესობა ბებია-პაპების მზრუნველ გარემოცვაშია გაზრდილი. ამიტომ ძალიან უკვირთ, როცა მათი მშობლები ისეთივე ენთუზიაზმით არ ერთვებიან შვილიშვილების მოვლის საკითხში. თანამედროვე ბებიები ყოველთვის არ არიან თანახმა, შვილიშვილებს უარონ.
„გათხოვების დღიდან ჩემი თუ ჩემი მეუღლის მშობლები მოსვენებას არ მაძლევდნენ, „აბა, შვილიშვილს როდის გვაჩუქებ“, „როდის დავიჭერთ ხელში პირველ შვილიშვილს“, „მალე შვილიშვილებიც გაგვჩენოდეს“ და მსგავსი ტექსტებით. გავაჩინე და სად არ არიან ახლა ბებიები? სანახავად რომ მოდიან, ბავშვი ისევ მე მიჭირავს, უფრო მეტად ვწუხდები. თუ გამომართმევენ, მხოლოდ სათამაშოდ. თუ ატირდა და გაჭირვეულდა, ისევ მეძახიან და უკენ მაძლევენ. დედაჩემიც ასეა და ჩემი დედამთილიც. ცოტა ხნით დედამთილთანაც გადავედით, ვიფიქრე, მასთან რომ ვიცხოვრებ, უფრო მომეხმარებათქო. ერთ თვეში გამოვიქეცი - ბავშვის მოვლაზე ოჯახი მოვლაც დამემატა და უფრო გადავიქანცე. ქმარი დილიდან საღამომდე მუშაობს. თუ ბავშვის დატოვება ვთხოვე რომელიმეს, ხომ ათასი საქმე გამოუჩნდებათ და თუ დაიტოვეს, საათზე იყურებიან, როდის მივალ. რა სჭირთ ამ ბებიებს, მარტო მე „გამიმართლა“ ასე თუ თქვენთანაც იგივე ხდება“ - ეს პოსტი ერთ-ერთი დედების ჯგუფიდანაა.
„დედამთილმა გამომიცხადა, ბავშვის მოვლის ძალა აღარ მაქვსო, 56 წლის ვარ უკვეო. ჩვენი ბებიები როგორ გვივლიდნენ 70-80 წელს მიტანებულები?“ - წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.
„დედაჩემი გევრდით სადარბაზოში ცხოვრობს, 2-3 თვე ისე გავა, ბავშვის სანახავად არ მოდის. არ ვაწუხებ და ეტყობა გადაწყვიტა, თვითონაც აღარ შეიწუხოს თავი“ - წერს კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა.
რა ხდება, მართლაც შეიცვალნენ ბებიები? ფსიქოლოგებს ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ახსნა აქვთ. ამ შეხედულების მიხედვით, თანამედროვე მშობლები მარადიული ბავშვები არიან. ჩვენი მშობლების თაობისთვის საბჭოთა ცხოვრების წესით ცხოვრობდა. მუშაობდნენ და მთელ თავის დროს სამსახურს, ექსკურსიებს, მივლინებებს უთმობდნენ. ბავშვები 1 წლიდან შეჰყავდათ ბაგაში, ზაფხულში სოფლებში უშვებდნენ ბებიებთან. თუ ბებო სახლში ჰყავდათ, ის ზრუნავდა ბავშვებზე, სანამ ბავშვის მშობლები საბჭოთა მომავალს იშენებდნენ. დრო გავიდა, მათი შვილები გაიზარდნენ, უკვე შვილიშვილებიც ეყოლათ, მაგრამ ისინი კვლავ ძველებურად ცხოვრობენ - თავიანთი ცხოვრებით. ან იმდენად დაიღალნენ მუშაობით, შემდეგ 90-იანი წლების ქაოსიტა და ტვირთით, რომ აღარ უნდათ, კვლავ რუტინაში ჩაეფლონ.
ასეა თუ ისე, ბებიებს შვილიშვილები ადრინდელ ბებიებზე ნაკლებად ნამდვილად არ უყვართ. უბრალოდ, ყველაფერი იცვლება, მათ შორის ბებია-პაპების ცხოვრების წესი და ემოციური მდგომარეობაც. თუ ინიციატივას არ იჩენენ, დახმარება სთხოვეთ, დახმარება და არა თქვენი ჩანაცვლება მუდმივად. თან თხოვნის ტონით და არა ისე, თითქოს ვალდებულებას ახსენებთ. დახმარებაზე პატარა ბავშვიან ოჯახს უარს არავინ ეტყვის, თქვენც შეძლებთ გამოთავისუფლებული დრო საკუთარ თავს ან ერტმანეთს მოახმაროთ.