დედების სალონიდიასახლისები
"ეკა ვერ იტყვის, რომ მე მას რამე ვაწყენინე და არც მე მახსოვს მსგავსი რამ მისგან"
"ეკა ვერ იტყვის, რომ მე მას რამე ვაწყენინე და არც მე მახსოვს მსგავსი რამ მისგან"
ლალი ბადურაშვილი ტრადიციების მოყვარული ქალბატონი გახლავთ. მასთან საუბარი საახალწლო თემით დავიწყეთ, მსახიობმა მისი საფირმო გოზინაყის რეცეპტიც გაგვიმხილა, ამასთან ერთად რძალ-დედამთილობის, ბებია-შვილიშვილობის თემაც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ.

- ბავშვობიდან დღემდე ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები, ჩემს პატარაობაში ასე მომრავლებული რესტორნები სად იყო?! ერთმანეთთან დავდიოდით სტუმრად... ნათესავები ვიკრიბებოდით... ჩემს ოჯახში მეკვლის ტრადიცია მკაცრად დაცულია. ჩემი უფროსი ბიჭის მეგობარი გიორგი გეგეჭკორი, გოგი გეგეჭკორის ვაჟი უკვე მერამდენე წელია არც ვიცი, რაც ჩემი მეკვლეა. ერთ კორპუსში ვცხოვრობდით, მერე ჩვენ გავყიდეთ ბინა
და იქვე ახლოს ვიყიდეთ, გია და გიორგი სამხატვრო აკადემიაშიც ერთად სწავლობდნენ და მეგობრობენ უკვე ბევრი წელია. დაახლოებით 25 წლის წინ, გიორგი ჩვენი მეკვლე იყო და ის წელი მართლა კარგად წავიდა, მეორე წელიწადს ჩემი სიძეები გახლდნენ მეკვლეები და მაინცდამაინც სახარბიელო წელიწადი არ გვქონია, ამიტომ გიორგი, რომელსაც მეგობრები გოიკას ეძახიან, გავაფრთხილე, გოიკ, ახალ წელს სანამ შენ არ მოხვალ მეკვლედ, კარს არავის გავუღებ-მეთქი. დღემდე გოიკა ჩვენი მეკვლეა, მირეკავს ხოლმე, დეიდა ლალი, მოვდივარო. კიდევ კარგი, ახლოს ვცხოვრობთ (იცინის).
- რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, გაგვიმხილეთ თქვენეული გოზინაყის რეცეპტი...
- ჩემი შვილები მეუბნებიან, შენნაირ გემრიელ გოზინაყს არავინ აკეთებსო. ამის მთელი საიდუმლო ისაა, რომ მე
აუცილებლად ვხალავ ნიგოზს. ჩემი გოზინაყი არაა ქათქათა თეთრი, მოყავისფროა, მოხალული, მაგრამ გემრიელი. როგორც ყველა, მეც სამჯერ წამოვადუღებ თაფლს, მესამე წამოდუღებაზე ვყრი მოხალულ ნიგოზს, ადუღებიდან 10-15 წუთის შემდეგ ვდებ დაფაზე და ვჭრი.. განსაკუთრებულს არაფერს ვაკთებ, გარდა იმისა, რომ ნიგოზს ვხალავ.
- ქალბატონო ლალი, რძალ-დედამთილობის თემაზე მინდა გკითხოთ. ვისზეა დამოკიდებული ამ ურთიერთობის ჯანსაღად აწყობა?
- ზოგადად რთულია ეს საკითხი. ჩემ დროს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რძალი რომ დედამთილთან ცხოვრობდა, დღეს ნაკლებადაა ამის მსურველი. სანაცნობოში მყავს ერთი ულამაზესი გოგონა, რომელიც დედამთილთან ცხოვრობდა, ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა, მაგრამ თავი მოიკლა, სანამ ქმართან ერთად ცალკე არ გავიდა საცხოვრებლად. ოჯახი ყველანაირად უწყობდა ხელს ყველა საქმეში, დღეს ყველაფერი მისი გასაკეთებელია, მაგრამ ასე ურჩევნია.
მე მთელი ცხოვრება დედამთილთან ერთად ვცხოვრობდი... როცა მათ ოჯახში შევედი, ჩემი დედამთილი განათლების მინისტრის მოადგილე გახლდათ, 28 წლის დაქვრივდა, მაგრამ აღარ გათხოვილა, მთელი ცხოვრება შესწირა ერთადერთ შვილს. განათლების სამინისტროში ოთარაანთ ქვრივს ეძახდნენ... ურთიერთობებში სიმკაცრით გამოირჩეოდა, მაგრამ ჩემ მიმართ სრულიად განსხვავებული იყო. არ მახსოვს მისგან რაიმე საწყენი ან მკაცრი სიტყვა. მეტიც, თუ მე და ჩემი მეუღლე წავკამათდებოდით, ყოველთვის ჩემი მხარე ეკავა, მერე შეიძლება ცალკე ეთქვა, შენი მხარე კი დავიჭირე, მაგრამ ბოლომდე მართალი მაინც არ იყავიო.
- ამის მაგალითზე ალბათ თქვენც კარგი დედამთილი იყავით და ხართ...
- ეკა და ერეკლე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მერე და მერე გაუჩნდათ გრძნობა, შექმნეს ოჯახი. ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემდეგ ვერ შეეწყვნენ და დაშორდნენ, არც ერთს ვადანაშაულებ და არც მეორეს. ჩვენ ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ეკა ვერ იტყვის, რომ მე მას რამე ვაწყენინე და არც მე მახსოვს მსგავსი რამ მისგან, მარტივად საურთიერთო გოგოა, თავხედური მოქცევა არ მახსოვს მისგან და ისიც ვერ გაიხსენებს ჩემგან რაიმე საწყენს. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ჩვენ დღემდე ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს, ბევრი ოჯახი ინგრევა, რის შემდეგაც მტრად ეკიდებიან ერთმანეთს, მიდის ბავშვით მანიპულირება, არ უშვებენ მამასთან და ა.შ. მე კი ეს არ მიგრძნია, ფლორა და იმედა დღემდე ჩემთვის საუკეთესო მეგობრები არიან. წყვილის დაშორების შემდეგ ორივე მხარეს უნდა ეყოს გონიერება იმისა, რომ როცა ოჯახი ინგრევა, ეს ბავშზე არ აისახოს.
- ნინიზე მინდა გკითხოთ, ამბობთ ხოლმე, რომ ნინი თქვენი ქალიშვილიცაა და შვილიშვილიც... რთული არაა, ბებიამ უსმინო შვილიშვილის კრიტიკას? ბევრ კარგსაც ამბობენ, თუმცა კრიტიკა და ჭორებიც ხშირია...
- მე მომხრე ვარ იმისა, რომ ადამიანი რაც არის, ის თქვან მასზე. ინტერვიუს თუ წაიკითხავს, გადაირევა, სულ მეუბნება, ლალი, სირცხვილია, ნუ მაქებო. არ ვაქებ, მაგრამ, რა ვთქვა, რომ უხმო, მახინჯი და ბრუციანია??? არაა ასე და როგორ ვთქვა? ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა სწორედ მისი ტოლებისგან მიუღია ლანძღვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ რაღაცა არ მოგწონს, მიეცი ობიექტური შენიშვნა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაუმსახურებლად ასხამენ ლაფს და ვერ ვხვდები რატომ... ალბათ შურის ფაქტორია, შურმა კი დაღუპა ჩვენი ხალხი. როდესაც ნინი გათხოვდა, ვიღაცამ ფეისბუქში დაწერა, როგორც იქნა, გათხოვდა ეს მახინჯიო... ის გოგო, რომელმაც ეს დაწერა, ოჯახში რომ შევა, ხომ წარმოგიდგენიათ რანაირი იქნება? იქვე დააყარეს, შენ რა ბოღმა ყოფილხარო.
- ელენემ გაგიორმაგათ ბებიობის შეგრძნებები?
- რასაკვირველია. როდესაც შვილიშვილი გიჩნდება, თავად ახალგაზრდა ხარ, ამ ასაკში კი ეს პატარა გოგო რომ შემოგვემატა, მაგიჟებს... ყველას თავისი შვილიშვილი უყვარს, ბავშვი ყველა კარგია, თუ დაბანილი და მოვლილია. მაგრამ ელენე არის ბავშვი, რომელიც არ ტირის, 9 საათის განმავლობაში ირბენს წინ და უკან, მაგრამ არ იტირებს. მეცინება, ისეთი გამჭოლი მზერა აქვს... ფლორასთან და იმედასთან იზრდება, ჩემთან კვირაში ორჯერ ან ერთხელ მოდის, ახლა უკვე მცნობს, მაგრამ უფრო პატარა რომ იყო, ვავიწყდებოდი, მე კი ჩემი მძივებით ვამახსოვრებინებდი თავს, ავუხმაურებდი, გავახსენდებოდი და მერე წამომეტანებოდა ხოლმე... ერეკლე სრულიად არანორმალური ბაბუაა... უკვე ერიდება ფლორასთან და იმედასთან მისვლა, გავუჭირე საქმეო, იძახის ნახევრად ხუმრობით. მაგრამ როცა ბავშვი ძიძას გაჰყავს სასეირნოდ, სანახავად გარბის. გუშინ მეუბნებოდა, კორიდორში რომ გამოვდიოდი, გამომეკიდა და ლიფტში შემომიხტაო... გახარებული იყო... ეს პატარა და საცარი გოგო ალბათ ახალ წელსაც გვესტუმრება და კიდევ უფრო გაგვილამაზებს ამ დღესასწაულს.

ციცი ომანიძე

ბეჭდვა