ბევრი ბავშვი ფიქრობს, რომ ბებია და ბაბუა მშობლებზე კეთილები არიან - ყველაფერს გპატიობენ, ყველა თხოვნას გისრულებენ და არც საჩუქრები ავიწყდებათ. არადა საკუთარ შვილებს ისინი სხვანაირები ახსოვთ, თავიანთ შვილებს ასე არ ანებივრებდნენ და არც ამდენ რამეზე ხუჭავდნენ თვალს. როგორც აღმოჩნდა, ბებია-ბაბუების კეთილშობილებას მეცნიერული საფუძველი აქვს - ამჯერად უკვე სამეცნიერო მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ ხანდაზმულ ასაკში ადამიანები გაცილებით კეთილები ხდებიან.
საქმე ჰორმონალურ ცვლილებებშია. ასაკოვანი ადამიანების ორგანიზმი მეტ ოქსიტოცინს გამოიმუშავებს - სიყვარულის ჰორმონს. ის მათ ტვინზე მოქმედებს და სიყვარულის ნამდვილ ტალღებს წარმოქმნის.
ამერიკელი მეცნიერი პოლ ზაკი ოქსიტიცინის დონეს 18-დან 99 წლის ასაკის ადამიანებში იკვლევდა. ის მათ ვიდეოკადრებს აჩვენებდა პატარა ბავშვების გამოსახულებით და პარალელურად ამ ჰორმონის დონეს ამოწმებდა. ჩატარებულმა ცდებმა დაამტკიცა, რომ რაც უფრო ასაკოვანი იყო ადამიანი, ამ კადრების ნახვის შემდეგ უფრო იზრდებოდა მის სხეულში ოქსიტოცინის დონე.
მანამდე სხვა კვლევამაც დაადასტურა, რომ ასაკოვან ადამიანებს შვილიშვილებთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ. ექსპერიმენტის მონაწილეებს რიგ-რიგობით უჩვენეს მათი შვილების და შემდეგ შვილიშვილების ფოტოები. პარალელურად კი ტვინის რეაქციას მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიით ამოწმებდნენ.
აღმოჩნდა, რომ შვილიშვილების ფოტოების დანახვისას აქტიურდებოდა ტვინის ის უბნები, რომლებიც ემოციურ ემპათიას, გრძნობებს უკავშირდება. ხოლო საკუთარი შვილების ფოტოები მათ ტვინში ააქტიურებდა იმ ზონას, რომელიც კოგნიტურ, რაციონალურ და ლოგიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი.
ამის ფონზე ცოტა უცნაურად ჟღერს ახალგაზრდა დედების ჩივილი, რომ ბებიები ისე ხშირად და ენთუზიაზმით აღარ იტოვებენ შვილიშვილებს მოსავლელად. ამასაც თავისი ახსნა მოეძებნება. თანამედროვე ქალები შვილებს გვიან აჩენენ, შესაბამისად, მათი მშობლებიც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში ხდებიან ბებია-ბაბუები და იმდენი ენერგია აღარ აქვთ, რამდენიც ბავშვის მოვლას სჭირდება. მეორე მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე ბებოები ხანდაზმულ ასაკამდე აგრძელებენ მუშაობასა და აქტიურ ცხოვრებას. ასეთ ბებოს შვილიშვილების მოსავლელად საკმარისი დრო აღარ რჩება.
"გათხოვების დღიდან მოსვენებას არ მაძლევდნენ, შვილიშვილს როდის გვაჩუქებო და სად არიან ახლა ბებიები? 2-3 თვე ისე გავა, ბავშვის სანახავადაც არ მოდიან, არათუ მოსახმარებლად"
"ბებიები და ბაბუები მტრები არ ვართ, ნუ წააგვართმევთ შვილიშვილებთან ურთიერთობის ბედნიერებას - რატომ ჰგონიათ ახალგაზრდებს, რომ ბებიებისა და ბაბუების აღზრდის მეთოდით შვილებს ღუპავენ?!..."
მეცნიერების დასკვნა - ბებიები, რომლებიც შვილიშვილებს უვლიან, 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ