ნათია წლებია, მარტო ზრდის თავის ერთადერთ შვილს. ქმარმა მოულოდნელად იგი 7 წლის გოგონასთან ერთად თბილისში, ნაქირავებ ბინაში დატოვა და მას შემდეგ ბავშვს მამა არ უნახავს. ახლა გოგონა პირველი კურსის სტუდენტია და მამას არ ახსენებს. როგორც დედა ამბობს, იყო პერიოდები, როცა პატარას მამა ძალიან ენატრებოდა, დედას ის გაუთავებლად ეკითხებოდა, როდის ნახავდა მამას, ამის გამო ხშირად ტიროდა.
დედას კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა, რადგან მანაც არ იცოდა, სად იყო მისი ქმარი და სახლიდან რატომ წავიდა.
ქმრის გაუჩინარებიდან სამი წლის შემდეგ კი შეიტყო, რომ ყოფილმა ქმარმა, მასთან განქორწინების გარეშე, სხვა ოჯახი შექმნა, მაგრამ ერთხელაც არ გახსენებია საკუთარი შვილი, რომელსაც ასე ძალიან ენატრებოდა მამა.
მისთვის არც ალიმენტის გადახდაზე უფიქრია და არც იმაზე, უბრალოდ რომ მოენახულებინა იგი.
38 წლის ნათია:- ცხოვრებაში ამდენი ტკივილიანი დღის გადატანა თუ მომიწევდა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ლაღი და კარგი ბავშვობა მქონდა, სკოლა წარმატებით დავამთავრე და უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე.
თბილისში მეგობარ გოგონასთან ერთად ბინა ვიქირავე და ერთად ვცხოვრობდით.
მან გამაცნო ჩემი ყოფილი მეუღლე და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ერთმანეთი შეგვიყვარდა და მესამე კურსზე ვიყავი, როცა მას ცოლად გავყევი. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მიყვარდა... როცა ამ სიტყვას ვამბობ, ჩემს თავზე ვბრაზდები. როგორ შეიძლება ასეთი კაცი შემყვარებოდა?.. ნათქვამია, სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო და მართლაც ასე ყოფილა. ფაქტია, სიყვარულისგან თვალები დაბრმავებული მქონდა და ის უარყოფითი მხარეები, რაც მას უამრავი ჰქონდა, მაშინ არ დამინახავს.
მალე დავფეხმძიმდი და გოგონა გაჩნდა. მარის დაბადებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთმანეთს ვეხმარებოდით, უნივერსიტეტი ასე დავამთავრე. დათო იმერეთის ერთ-ერთი ქალაქიდან იყო. ოჯახი რომ ერჩინა, ვაჭრობა დაიწყო. ნაქირავებში ვცხოვრობდით, ჩემს მშობლებს შევეცოდეთ და ბინა დაგვიგირავეს, სამუშაო ფულიც მისცეს და თითქოს ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.
ძირითადად, სახლში ვიყავი, შვილს ვუვლიდი. ბუნებით ეჭვიანი არ ვარ და მის ერთგულებაში ეჭვი არასდროს შემპარვია. რას წარმოვიდგენდი, ასე საშინლად თუ მოგვექცეოდა.
ერთ დღეს გამომიცხადა, ვალებში ჩავვარდი და დროებით ნაქირავებში უნდა გადავიდეთო. მეც დავეთანხმე, ჩემი მშობლების დაგირავებული ბინიდან გამომიყვანა და ქირით გადავედით. ის 10000 დოლარი, გირის ფული თან წაიღო, იმის გარდა 2000 დოლარამდე სავაჭროდ ჰქონდათ მიცემული. ვხედავდი, ბოლო დროს უხასიათოდ იყო, საუბარსაც გაურბოდა. ამბობდა, პრობლემები მაქვსო.
არ ვიცოდი, რით დავხმარებოდი, ჩემს ძმას ვუთხარი - ვალებში ჩავარდა და ძალიან განიცდის-მეთქი. დამატებით 1000 დოლარი გამომიგზავნა და ისიც მივეცი. ბოლოს სახლშიც აღარ მოდიოდა, მეუბნებოდა, მევალეებს ვემალებიო. რომ ვურეკავდი, ამბობდა, ქალაქიდან ვარ გასულიო და ვინ იცის, რას არ იმიზეზებდა ხოლმე. სინამდვილეში, თურმე, ქუჩის მეძავში გამცვალა...
- საყვარელი გაიჩინა?
- ფაქტობრივად, გამძარცვა, ჩემი მშობლების ფული მიითვისა და გადაიკარგა. ბავშვი მეორე კლასში იყო, მამამისი სახლიდან რომ წავიდა. არც გვიჩხუბია, სახლიდან გაიპარა.
განაგრძეთ კითხვა