ნანა ფაჩუაშვილი: "ხშირად 50 წლის კაციც დამოკიდებულია დედაზე..."
 ნანა ფაჩუაშვილი: "ხშირად 50 წლის კაციც დამოკიდებულია დედაზე..."
მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის პირადი ცხოვრება სიმძიმებითაა სავსე - პირველი მეუღლე შეუღლებიდან ოთხთვე-ნახევარში დაეღუპა, მალევე გაიგო, რომ ორსულად იყო... ბიჭი გააჩინა... რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა ადამიანს, რომელსაც კვლავ დაუკავშირა ცხოვრება, მასთან გოგონა შეეძინა... მეორე მეუღლესთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, როცა სული დალია... საშინლად გაუჭირდა ამის გადატანაც... თუმცა, ცხოვრება გრძელდება... ქალბატონ ნანას ორი შვილიშვილი და ერთი შვილთაშვილი ჰყავს... მიუხედავად მისი ასაკისა, ყველაზე თავად ზრუნავს, დღემდე ძალიან აქტიურია და ცდილობს, შვილსაც და შვილიშვილებსაც ყურადღება
არ მოაკლოს.

- ქართველ დედებს განსაკუთრებული ტრადიციები, ჩარჩოები გვაქვს. მშობლობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქართველი დედა კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას იღებს და ეს კარგია თუ არა, არ ვიცი, რადგან ზოგჯერ ამით თამამდებიან შვილები. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ოჯახში ასე იყო და არის. მე ზედმეტად ყურადღებიანი და პასუხისმგებლობით სავსე ვარ, რითაც ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვვნებ. შვილებს დამოუკიდებლობას ნაკლებად ვაჩვევთ, ჩემში ეს ნაკლი არის. ბევრ რაღაცას ვიღებ საკუთარ თავზე, რაც მგონია, რომ კარგი არაა. ბავშვი პატარაობიდნავე უნდა მიაჩვიო ბრძოლას, შერკინებას და საკუთარ თავზე მეტი რაღაცის აღებას. მე პირიქით ვიქცეოდი, ამ ყველაფერს ვაცილებდი შვილებს. შვილების დაოჯახების შემდეგაც კი არ ჩამომიშორებია პასუხისმგებლობა. შვილიშვილების შემთხვევაშიც იგივენაირი დამოკიდებულება
მაქვს, როგორც შვილებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ 18 წლის ლევანიკო მყავს და 25 წლის ანი, რომელსაც უკვე ოჯახი აქვს და მე დიდი ბებიაც ვარ. დიდი ბებიის პირობაზე მაინც ძალიან ვაქტიურობ, ზოგჯერ საკუთარ თავთან მაქვს მონოლოგი, რომ ეს არაა საჭირო, რომ ეს არ უნდა გავაკეთო. მხოლოდ მე კი არ ვარ კარგი დედა და კარგი ბებია, ესაა ტიპიური ქართველი ქალის მიდგომა ოჯახის და შვილების მიმართ. ლევანი შედარებით უფრო დამოუკიდებელია და ეს მომწონს.
მაინც მგონია, რომ შვილები დამოუკიდებლად უნდა აღვზარდოთ, არაა ეს იოლი, მაგრამ სასურველია, ბავშვი თავიდანვე მივაჩვიოთ დამოუკიდებლობას და არ ავიღოთ საკუთარ თავზე ისეთი რაღაცები, რაც ჩვენი გასაკეთებელი არაა.

- აღზრდის დღევანდელ მეთოდებს როგორ აფასებთ?
- დღეს ბავშვის აღზრდაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ძიძა, რადგან ქალების დიდი ნაწილი დაკავებულია და ორიენტირებულია იმაზე, რაც შეიძლება მეტი მისცეს შვილს -განათლება, სხვადასხვა წრე და ა.შ. ამის ფონზე დედა თითქოს იცდენს აღზრდის თემას, უფრო ყოფით საკითხებზე არიან გადასულები და ორიენტირებულები. რასაკვირველია, ეს კარგია, მაგრამ აღზრდა კიდევ სხვა მეთოდს მოითხოვს, რაც ვფიქრობ, ნაკლებად აქვთ შესწავლილი დედებს. მან სულიერად უნდა მიაქციოს ყურადღება, ბავშვს ბევრი რამ უნდა ასწავლოს დედის სითბომ. არსებობს გამონათქვამი, ბავშვი მუცელშივე უნდა აღზარდო, რომ დაიბადება, უკვე გვიანაა მისი აღზრდაო, თუმცა მთალდ ასეც არაა... ვინაიდან ბავშვები ძირითადად ძიძებთან არიან, ძიძებს აქვთ დიდი პასუხისმგებლობა, რომ გარკვეული წვლილი შეიტანონ აღზრდის საკითხშიც.

- თქვენ ყოველთვის დაკავებული იყავით, გყავდათ ძიძა?
- 19 წლის უკვე დედა ვიყავი, ყოველთვის აქტიურობით გამოვირჩეოდი და დღესაც ასეა, თუმცა მეხმარებოდნენ მშობლები. ხანდახან ჩვენ ისეთი ცუდი შვილები აღმოვჩნდებით,
ბავშვი თუ გათამამებულია, ბებიას ან ბაბუას ვაბრალებთ, მათ გაათამამესო. რეალურად, ბავშვის აღზრდა მშობლების ხვედრია და ეს სიმძიმე მშობლებმა უნდა ზიდონ გარკვეულ წლამდე. უცხოეთში შვილებს 16-17 წლის ასაკში სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებენ, ჩვენთან კი ასე არ არის, ხშირად 50 წლის კაციც დამოკიდებულია დედაზე. ცუდია თუ კარგია, ეს ჩვენი ტრადიციებია, გარკვეულწილად ვერევით შვილების ცხოვრებაში, თუნდაც პროფესიის არჩევაში. ზოგჯერ შეიძლება მხოლოდ რჩევით, მაგრამ ამას უნდა გადავეჩვიოთ და ბავშვებს უნდა მივანიჭოთ აზროვნების, ქმედების თავისუფლება.

- პროფესიის არჩევაში ჩარევა ახსენეთ, ასევე ერევიან ხოლმე პირადშიც...
- პირადში არ უნდა ჩაერიოს ადამიანი და მეც არასდროს ჩავრეულვარ, იმიტომ რომ ადამიანი მაინც იმას გააკეთებს, რაც მას უნდა და ცხოვრებას მაინც იმ რჩეულს დაუკავშირებს, რომელთანაც წარმოუდგენია ბედნიერი ყოფა. თუ ამაში ვინმე ხელს შეუშლის, მთელი ცხოვრება უკმაყოფილო იქნება... ამიტომ პირადი თემა თავად უნდა გადაწყვიტონ, ან უნდა გაბედნიერდნენ, ან ცხვირი უნდა წაიტეხონ (იცინის).

- ქალბატონო ნანა, პირველი შვილი უკვე ქვრივმა გააჩინეთ, ეს ალბათ ძალიან რთული იყო..
.
- მართლაც ასეა, მაგრამ ჩემთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და პროფესია იყო და არის, ამიტომ ჩემი მთელი რესურსები ორივე მხარეს მოვახმარე და ხანდახან ვამბობ ხოლმე, გამომელია რესურსი-მეთქი. უკვე 70 წელს გადავცდი და ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, ადამიანმა თავისთვის რაღაც უნდა დაიტოვოს, ვგულისხმობ რესურსს, თუნდაც საკუთარი თავის ოდნავ განებივრებას და ა.შ. ადამიანი რომ შემომხედავს, შეიძლება იფიქროს, რა თქმა უნდა, ნანას თავისი თავისთვის სცალიაო, მაგრამ ეს ყველაფერი გარეგნული შეხედულებაა... მე მსახიობი ვარ და მუდამ ფორმაში უნდა ვიყო, დღემდე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ოჯახს და პროფესიას არაფერი დავაკლო, რაშიც გადის ცხოვრება. ამას არ ვნანობ, მაგრამ ქალებს მინდა ვურჩიო, რესურსების რაღაც ნაწილი საკუთარი თავისთვის შემოინახონ, შეძლებისდაგვარად საკუთარი თავი გაანებივრონ და უნდა ეცადონ, თვითონაც კმაყოფილები წავიდნენ. მე ვიცი, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები ძალიან კმაყოფილები არიან, რასაც მე მათი ყურადღებით, სიტყვებით ვგრძნობ, მაგრამ ჩემს თავთან მარტო რომ ვრჩები, ვხვდები, ჩემთვის ცოტა რამ დავიტოვე და არ ვიცი, ეს სწორია თუ არა.

- ბებიობაზეც მინდა გკითხოთ, რამდენდაც ვიცი, თქვენი შვილიშვილი ანი თქვენთან ერთად ცხოვრობდა გათხოვებმადე...
- კი, ასე იყო, ჩემი ვაჟი და მისი შვილი ლევანიკო ერთად ცხოვრობენ, მარტონი არიან კაცები, ჩემს ბიჭს მეუღლე არ ჰყავს, ამიტომ მე მიწევს მათი მოვლა. ჩემი განრიგი ასეთია: დილას მივდივარ ტელევიზიაში, მერე - ვაკეში ჩემს კაცებთან, შვილთან და შვილიშვილთან, შემდეგ შვილთაშვილს შევუვლი ხოლმე, ვეხმარები ფიზიკურად, ეკონომიკურად და ა.შ. და შემდეგ ვუბრუნდები ჩემს საქმიანობას. ძალიან აქტიური ვარ და ძალიან ვიღლები. და აი, ამ საუბარში ცრმელიც კი გადმომვარდა, იმიტომ რომ უცებ ჩემი თავი შემეცოდა, თუმცა უამისოდ არ შემიძლია, ესე იგი მე მაინც ვაკეთებ იმას, რაც მინდა...

- დედამთილობასა და სიდედრობაზე როგორია თქვენი შეხედულება?
- უსიყვარულოდ არაფერი არ ხდება, ბევრ რამეს ვერ აიტან და ვერ გააკეთებ, თუ სიყვარულით არ გაქვს ოჯახი შემქნილი. როდესაც ოჯახი ინგრევა, ჩარევა ყოვლად გამორიცხულია... მე ჩემს რძალთან აუცილებელი ურთიერთობა მაქვს, ოღონდ გარკვეული პერიოდის შემდეგ შევძელი, რომ გვქონოდა ურთიერთობა. როგორც სიდედრი, ვფიქრობ, კარგი ვარ, მიყვარს ჩემი სიძე, ვგულისხმობ შვილიშვილის, ანის ქმარს. ჩემი ქალიშვილი უცხოეთშია, იქაური სიძე მყავს და მათ ძალიან ოფიციალური ურთერთობები აქვთ, რაც ჩემთვის ცოტა უცხოა.

- დასასრულ, ოჯახის სიმყარეზე მინდა გკითხოთ... თქვენი გამოცდილებიდან უთხარით ჩვენს მკითხველს, რისი ატანა ღირს, როდისაა კარგი თვალის დახუჭვა, როდის არ უნდა გაჩუმდნენ და ა.შ.
- ურთიერთპატივისცემა და სიყვარულია მთავარი, ეს ყველაფერს შეგაძლებინებს. როცა ოჯახი სიყვარულით იქნება, მეტი რაღაცის მოთმენა გიღირს. მერე ბავშვი ჩნდება, ჩვენს ყოფაში ამ ყველაფრის გადალახვა მთლად იოლი არ არის, ამიტომ მე ორივე მხარეს მოვუწოდებ, მნიშვნელოვანია მართვა გონებით და არა ემოციით. ჩვენს რეალობაში ისეთი სიტუაციები იქმნება, რომ მოთმინება ძალიან ბევრს ნიშნავს, გონებით უნდა პრობლემის, ურთიერთობის გადაჭრა. ოჯახის შექმნამდე კი წყვილმა ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოს, დაფიქრდნენ ერთმანეთის თვისებეზე, ხასიათზე და მიიღონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან, თუ არადა თამაშიდან უნდა გავიდნენ, რადგან ბოლომდე მაინც ვერ შიენარჩუნებენ ურთიერთობას, ამიტომ მნიშვნელოვანია პატივისცემა, მოთმინება და სიყვარული.

ციცი ომანიძე
5829
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ტრიო
0
შესანიშნავი მსახიობი და შესანიშნავი ადამიანი. დიდხანს იცოცხლეთ და იხარეთ, ქალბატონო ნანა :)
00:50 / 22-05-2019
xatuna
0
Rogor mometsona tkveni natkvami- gaitavison ROM shvilebi Ara Aris mati sakutreba.amas ROM mixvdeba qartveli dedebis 85% an merits mashin amdeni ojaxebi agar daingreva.gaushvit shvilebi gansakutrebit bichebi taviant gzazeeee!
07:55 / 11-02-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?