საზოგადოების აზრის ზემოქმედებით ამა თუ იმ საქციელის ჩადენა უფრო გოიმობად მიმაჩნია 27 თებერვალს სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' მორიგი სეზონი დაიწყო, მაყურებელი ისევ ჩაერთო უკვე ოჯახის წევრებად ქცეული გმირების ცხოვრებაში. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ანი ტყებუჩავას შევხმიანებოდით და მისი აზრი ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე თქვენთვისაც გაგვეზიარებინა.
- ტრადიცია, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს შენში...
- ჩემში ყველაზე დიდ პროტესტს იწვევს ქელეხი. ადრე შორი გზიდან სამძიმარზე მისულ ადამიანს რომ ასადილებდნენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ძალიან დიდ მატრაკვეცობად მიმაჩნია უშველებელი სუფრის გაშლა, უამრავი ხალხის დაპატიჟება, ამასობაში შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს, რჩება ნაწყენი და ა.შ. მოკლედ, დროთა განმავლობაში ამ ტრადიციამ ძალიან ცუდი სახე მიიღო. ადრე სულ სხვანაირად იყო საქმე, ამზადებდნენ კერძებს და მიცვალებულის სახელზე ურიგებდნენ გლახაკებს, რაც ძალიან დიდი მადლია. დღეს კი, ადამიანი რომ გარდაიცვლება, ჭირისუფალი ახლობელი ადამიანის დაკარგვით მიღე-ბულ ტკივილთან ერთად იმაზე ფიქრობს, რა ქნას, როგორ გააკეთოს ქელეხი და ა.შ. თუნდაც, ქორწილების გამო რომ ვარდებიან ვალებში, რა საჭიროა, ვერ ვხვდები.
- ანა, გერლფრენდ-ბოიფრენდობის ინსტიტუტზე როგორია შენი მოსაზრება?
- ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ამიტომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც უნდა. ბაბუაჩემი თუ ფიქრობს, რომ წყვილი ქორწინებამდე ერთად არ უნდა ცხოვრობდეს, ეს უნდა შეასრულოს მან, მე თუ განსხვავებული აზრი მაქვს, ჩემი შეხედულებისამებრ უნდა მოვიქცე. მაგრამ თუ შენი ეს ქმედება, ანუ თანაცხოვრება ქორწინებამდე, მენტალობის გამო გიქმნის პრობლემას, მერე ამის გამო ყველას ბოდიში უნდა უხადო, ახსნა-განმარტებები აბარო და ფსიქიკაში ვერ ლახავ ამ ბარიერს, მაშინ არ უნდა გააკეთო და უნდა მოიქცე ისე, როგორც შენთვის მისაღები და მარტივია.
- როგორ ფიქრობ, რა დადებითი და უარყოფითი მოაქვს ქალიშვილობის ინსტიტუტს?
- თუ ურთიერთობა სათანადოდ არაა მომწიფებული, მაშინ ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგა, მაგრამ თუ ამას გააკეთებ, შემდეგ იმ ადამიანს დაშორდები, ოჯახში კი ეს ''საომარი'' თემა გახდება, დაფიქრება სჯობს. ასეთი ნაბიჯი მაშინ უნდა გადადგა, როცა შენს საქციელზე პასუხისმგებლობის აღება შეგიძლია. არავისი საქმე არაა, ვინ ვისთან ცხოვრობს, ვინ გათხოვდა ქალიშვილი, ვის ჰყავდა 8 კაცი, 7 ბოიფრენდი თუ 37 ქმარი. რატომღაც ქალიშვილობა დასაცინი გახდა და ''ტეხავს''. თუ ადამიანი 28-30 წლისაა, იცის, რომ უნდა ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება, მაგრამ ვერ შეხვდა ადამიანს, რომელთანაც ინტიმური ურთიერთობა ექნებოდა, არ გაუჩნდა მძაფრი შეგრძნებები, რომ ეს გაკეთებინა, მაშინ რა ქნას? იმის გამო, რომ ვიღაც თვლის, ქალიშვილობა გოიმობაა, ძალით ხომ არ გააკეთებს ამას? საზოგადოების აზრის ზემოქმედებით ამა თუ იმ საქციელის ჩადენა უფრო გოიმობად მიმაჩნია, ვიდრე ქალიშვილობა 30 წლის ასაკში.
- ოჯახის უფროსობა ვისი ფუნქციაა?
- საერთოდ, ოჯახის უფროსობა დამახინჯებული და კარიკატურული ფორმაა. ჩემთვის ძალიან დიდი შვებაა, რომ ჩემს ოჯახში მამაჩემია ჩემი იმედი, ქალმა შეიძლება ბევრი რაღაცის უფლება არ მისცეს თავს, კაცი კი გააკეთებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, არის საკითხები და საქმეები, რომლის მოგვარებისთვისაც ქალს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, კაცი კი ამას მარტივად აკეთებს, ეს ასეა, მათ გენურ კოდში დევს. ცუდი არაფერია იმაში, თუ ჩემი ქმრის იმედი მექნება და დაყრდნობილი ვიქნები მის ძალაზე, კაცი უნდა იყოს კიდეც ძლიერი, ქალიც მაშინაა ბედნიერი, როცა გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავს.
- რაც შეეხება ღალატს, ჩვენს ქვეყანაში ღალატს სქესი აქვს?
- კი, რამდენად თანამედროვედაც უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი საზოგადოება, ეს მაინც ასეა: როცა ქალი ღალატობს კაცს, ეს გრძნობებს უკავშირდება, მილიონი პრობლემა შეიძლება იყოს, მაგრამ ქალის ღალატის მიზეზი მაინც კაცის უყურადღებობა მგონია, რის ფონზე ქალიც იმისკენ მიიწევს, ვისგანაც მეტ სითბოს იღებს. როცა ქალს გრძნობები და ემოციები აკლია, ალბათ, მერე ღალატობს კაცს. გათვლებითა და გამორჩენით სხვა მამაკაცთან ურთიერთობის აწყობის მაგალითს არ განვიხილავ. როცა ქალის ღალატი გრძნობებს უკავშირდება, ეს უფრო საშიშია, კიდეც რომ აპატიოს კაცმა, შეიძლება, ქალს აღარ უნდოდეს. მამაკაცის ღალატის 90% ინერციაა, მეგობრები ერთმანეთს გაჰყვებიან თუ რაღაც ასეთი გოიმობები ხდება.… არის შემთხვევები, როცა ვითომ ქალები აწუხებენ ყურადღებით მამაკაცებს და ''აბა, მე კაცი ვარ და რა გავაკეთოთი'' იმართლებენ თავს და ა.შ. ზოგი არის სულგრძელი და შეუძლია ღალატის პატიება. თუ მეორე ნახევარი დააფასებს ამას და ღალატს არ გაიმეორებს, პატიებას აქვს აზრი, თუმცა მიტევება ყველას არ შეუძლია.