როცა ქალი სახლში ზის ბავშვებთან, მას არ უნდა მიახალოთ ასეთი ფრაზები... ყველა ქალს, რომელიც სახლში ზის ბავშვთან, ხშირად უწევს ისეთი რეპლიკების მოსმენა, წამიერად რომ მწყობრიდან გამოიყვანს. გავარკვიოთ, რომელი ფრაზები არ უნდა უთხრათ ასეთ დედებს.
ამერიკელმა ემი ნილსენმა, რომელიც წარსულში პერსპექტიული ბუღალტერი იყო, ახლა კი დედაა, დიასახლისი და თან ბლოგერი, შეადგინა იმ რეპლიკების სია, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ შინ ბავშვებთან მჯდომ ქალებს. თავისი მრავალწლიანი ოჯახური გამოცდილების "სიმაღლიდან" მან გააანალიზა, რატომ აღიზიანებს ყველა დედიკოს ერთი და იგივე.
მე ვერ გავჩერდებოდი სულ სახლში ბავშვებთან
სინამდვილეში, გაჩერდებოდნენ. რასაკვირველია, ეს დამღლელი და ერთფეროვანია. მაგრამ მე ეს გზა იმიტომ არც ამირჩევია, რომ ის უფრო მარტივია, არამედ იმიტომ, ჩემთვის ეს ყველაფერ დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია.
დედობა ჩემთვის არ არის მთლად ყველაფერი
გაოცდებით, მაგრამ არც ჩემთვის და ასევე ბევრი დიასახლისი დედისთვის. სულაც არ არის შინ ბავშვებთან მჯდომი ყველა ქალი რობოტი, რომელსაც მხოლოდ დალაგება, ცხვირის მოწმენდა და პამპერსის გამოცვლა შეუძლია. ისინი ყველაფრის მოსწრებას ცდილობენ, წიგნების კითხვასაც, ახლის გაგებას და განვითარებას, არა როგორც მხოლოდ დედები და დიასახლისები. უბრალოდ, მათ სახლში ერთი-ორი (ხან მეტიც) მნიშვნელოვანი საზრუნავი აქვთ, ამ დიდი ძალისხმევისთვის კი კაპიკს არ უხდიან.
ჩვენ ვერ ვაძლევთ თავს იმის ფუფუნებას, რომ მე არ ვიმუშავო
ეტყოდით ბაღში თქვენი შვილის მასწავლებელს "არაფრით არ ვიმუშავებდი ბაღის მასწავლებლად"? ასეთი რამის თქმა დიასახლისისთვის მინიმუმ უტაქტობაა. ჩემმა ქმარმა და მე ოჯახური შემოსავლების თითქმის ნახევარი გავიღეთ მსხვერპლად, რადგან გვჯერა, რომ ჩვენი შვილებისთვის ასე უკეთესია, თუ მათთან ის იქნება, ვისაც ისინი ყველაზე მეტად უყვარს. ამის "ფუფუნება" რომ მქონოდა, გამუდმებით ვზოგავდი ფულს, ვეძებდი ფასდაკლებებს, ათასგვარ შეღავათს, შინიდან საკეთებელ საქმეს, ყველაფერს, რომ შემძლებოდა გამუდმებით ბავშვებთან ყოფნა.
არ ნანობთ, სამსახურიდან რომ წამოხვედით?
დიახ, ვნანობ, მადლობა, რომ იარაზე მარილი მომიყარეთ. სამსახური დავტოვე კარიერის პიკზე და შემეძლო კიდევ ბევრისთვის მიმეღწია. დიახ, საღამოობით როცა ოჯახური საქმეებით გადაქანცული ვარ, თავში გამუდმებით მიტრიალებს "არადა, შემეძლო...", მაგრამ დგება მორიგი დილა და ისევ ბავშვებს ვაპურებ სამზარეულოში – და ბედნიერი ვარ.
არ გრძნობთ, რომ დეგრადირებთ, აღარ ვითარდებით?
ხანდახან თავს ხელში ავიყვან და კითხვას ვიწყებ, სპორტს, რაიმე ახალს ვსწავლობ. არ მინდა, მარტო დედა ვიყო. მე ქალიც ვარ, ცოლი, მზარეული, დამწყები მწერალი, მუსიკოსი და მეცნიერი. ჩემი ინტერესები სხვადასხვა სფეროზე ვრცელდება და როგორც თქვენ, მეც მინდა, რომ ჩემი წარმატებები შეფასებული და შემჩნეული იყოს. და საერთოდაც, მინდა მსოფლიოს ყველა ქალმა მომბაძოს და სამსახურიდან წამოვიდეს. პატივს ვცემ თქვენს უფლებას მოიქცეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით, და მინდა ჩემ მიმართაც იგივე დამოკიდებულება გამოიჩინოთ.
რა ჯობს უთხრათ "შინაურ" დედიკოს? "რა შესანიშნავად მოიქეცით, რომ ეს გზა აირჩიეთ!" "რა ბედნიერი ბავშვები გყავთ!" "იმედი მაქვს, თქვენი ახლობლები კმაყოფილები არიან, რომ თქვენ მათთან ხართ..." და ბოლოს, ჩვენი შვილები მეტისმეტად პატარები არიან, რომ ღირსეულად დააფასონ ჩვენი ტიტანური შრომა, თუმცა ცოტა აღიარება ჩვენი მეგობრებისგან, მეზობლებისა და უცნობებისგანაც კი, დაგვეხმარება ვიგრძნოთ საკუთარი მნიშვნელობა რთულ ცხოვრებისეულ არჩევანში, რომელსაც ვაკეთებთ, ბავშვებთან სახლში დარჩენილნი.