როგორც ნიკა ამბობს, კარგი დედა ვარ სულ რაღაც სამი თვის წინ ალანა გაგლოევა დედა გახდა, მისმა გათხოვებამ და ორსულობამ საკმაოდ ''ჩუმად'' ჩაიარა, მიუხედავად იმისა, რომ ალანას პერსონის მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა. ალანა გვიამბობს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება დაოჯახებისა და შვილის შეძენის შემდეგ.
- ალანა, საუბარი შვილით დავიწყოთ. როდის დაიბადა?
- დაიბადა 26 მარტს, 4 კილო და 100გრ., 51 სმ. ბუნებრივად ვიმშობიარე, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. სხვათა შორის, ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწრო. თავიდან ჩემს მხარდასაჭერად იყო შემოსული, მაგრამ საბოლოოდ მთელ პროცესს დაესწრო და ერთი წუთით არ დავუტოვებივარ.
- როგორი იყო მისი ემოცია ბავშვის პირველად დანახვისას?
- ვერ აგიხსნი, ყველანაირი ემოცია ეწერა სახეზე. სიხარული, ბედნიერება, გაოცება – ყველაფერს ერთად განიცდიდა, ხელში პირველად მას დააჭერინეს და ისეთი გახარებული იყო, მგონი, არც უნდოდა, რომ ჩემთვის გადმოეცა (იღიმის).
- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?
- ჩემს შვილს ბიძის, ჩემი მაზლის სახელი ჰქვია – გუგა. ბავშვობაში ძმებმა, ჩემმა ქმარმა და მაზლმა, ერთმანეთს პირობა მისცეს, თუ ბიჭები ეყოლებოდათ, ერთმანეთის სახელებს დაარქმევდნენ, ბავშვობის დანაპირები ორივემ შეასრულა.
- შვილს მარტო ზრდი, თუ გყავს ძიძა ან დამხმარე?
- არ მყავს ძიძა, მარტო ვზრდი, მაგრამ მოდის ბებიაჩემი, დედაჩემი სამსახურის მერე და შაბათ-კვირასაც მეხმარება. მთელ დღეს მე და ბავშვი ერთად ვატარებთ.
- როგორი გასაზრდელია გუგა?
- ზოგადად მშვიდი, კეთილი და მოღიმარი ბიჭია, ზედმეტად არ ჭირვეულობს, თუ რამე არ აწუხებს. მგონია, რომ ჭკვიანი ბავშვია (იღიმის).
- როგორი ორსულობა გქონდა?
- შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგი, საერთოდ არაფერი მიგრძნია, არ შევუწუხებივარ ტოქსიკოზს, არანაირი გართულება არ მქონია რაიმე სუნზე და ა.შ. ხასიათიც არ შემცვლია.
- შენი მეუღლის შესახებ მოგვიყევი.
- ჩემი მეუღლე გახლავთ ნიკა გუგეშაშვილი. პროფესიით იურისტია, მაგრამ მისი საქმიანობის სფერო საკუთარი ბიზნესია. ერთმანეთს 5 წელია ვიცნობთ, ჩემმა ბავშვობის მეგობარმა გამაცნო და 4 წელია, ერთად ვართ და ერთად ვცხოვრობთ.
- როგორია ალანა ცოლისა და დედის ამპლუაში?
- შეიძლება ითქვას, რომ საჭმლის მომზადება კარგად მეხერხება, ერთადერთი, რაც არ მიყვარს, უთოობაა. საოჯახო საქმეებიდან ყველაფერს ვაკეთებ, ისე, როგორც სხვა დიასახლისები. რაც შეეხება იმას, როგორი დედა ვარ, მიჭირს პასუხის გაცემა, როგორც ნიკა ამბობს, კარგი დედა ვარ.
- პატარას დაბადებამ თუ გაგრძნობინა, რომ ახლა უწინდებურად თავისუფალი აღარ ხარ?
- არანაირად ბავშვზე გადავერთე. შვილის შეძენის შემდეგ გართობის წესიც შემეცვალა. ჩემს რამდენიმე მეგობარს შეეძინა შვილი, თითქმის ყველანი ტოლები ვართ, ამიტომ ახლა ჩვენს პატარებთან ერთად ერთმანეთს ვსტუმრობთ. პალატაში რომ შემომიყვანეს, მაშინვე გავაცნობიერე, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ასეთი თემები მეორეხარისხოვანია ამ პატარა არსებასთან შედარებით. სამშობიაროში ყოფნისას უკვე სხვა რაღაცებზე დავიწყე ფიქრი, ყველათობა არ მოგვკლებია, უბრალოდ, წესი შეგვეცვალა (იღიმის). გაგრძელება