ყველაზე ცუდ დღეში დედისერთა ბავშვების მშობლები არიან სპეციალისტებს არაერთხელ დაუდასტურებიათ, რომ ქალის სილამაზისა და ჯანმრთელობის მთავარი წყარო შვილია, უფრო სწორად, ბევრი შვილი.
მრავალშვილიანობას იმაზე მეტი სიკეთე მოაქვს ქალის ორგანიზმისთვის, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია. ბევრი შვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ჩვენს დიდ ბებიებს საშვილოსნოს, ძუძუსა და საკვერცხეების დაავადებები იმდენად ხშირად არ აწუხებდათ, რამდენადაც მათ შთამომავლებს. რასაკვირველია, ამას ხელს უწყობდა ჯანსაღი გარემო და ისიც, რომ აბორტების ფენომენი ასე მასობრივად არ იყო ათვისებული, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ უწინ ქალები გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ.
ორიოდე საუკუნის წინ ქალისთვის 6-9 შვილი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. შესაბამისად, მთელი რეპროდუქციული ასაკის განმავლობაში ქალის ორგანიზმი ოსულობით ან ძუძუთი კვებით იყო დაკავებული. აქედან გამომდინარე, მთელის სიცოცხლის განმავლობაში საშუალოდ მხოლოდ 40-50 მენსტრუალური ციკლი ჰქონდათ "თავისუფალი". თანამედროვე ქალს კი, რომელიც 2-3 შვილს აჩენს - 10-ჯერ მეტი, ანუ 450 "თავისუფალი" ციკლი. ქალის ბუნებრივი მისია ხომ შვილების გაჩენაა, ხოლო როცა მისი რეპროდუქციული სისტემა "ცარიელზე" მუშაობს, დარღვევებიც მაშინ იწყება.
სანამ შვილებს აჩენს ქალი, მანამ არის ის ახალგაზრდა. როცა ფეხმძიმედაა ან ძუძუს აჭმევს, საკვერცხეები "ისვენებენ", ამიტომ კლიმაქსის პერიოდიც მათთვის გვიან დგება. თუ დააკვირდებით, მრავალშვილიანი დედები ჩვეულებრივზე უფრო აქტიურებიც არიან და ახალგაზრდულადაც გამოიყურებიან. თან, რაც უფრო მეტი შვილი ჰყავთ, თითქოს მით უფრო უადვილდებათ მათი გაზრდა.
მრავალშვილიან ოჯახში მშობლისთვის დამახასიათებელი სტრესი და შფოთვა ნაკლებია - ამ მხრივ ყველაზე ცუდ დღეში დედისერთა ბავშვების მშობლები არიან. ბავშვსაც ძალიან უჭირს, რადგან მასზეა კონცენტრირებული მშობლების ყველა შიში, მოლოდინი და ამბიცია. დედაც ზოგჯერ ერთ შვილთან მეტად იღლება, რადგან შვილი გამუდმებით მას სთხოვს თამაშსა და გართობას. ხოლო როცა ოჯახში სხვა ბავშვებიც არიან და მათ შორის სხვაობა 4 წელს არ აღემატება, ისინი ერთმანეთს ართობენ და ამ მისიისგან დედა თავისუფალია.
ზოგჯერ ქალს ბევრი შვილის გაჩენის ეშინია, რადგან ჰგონია, რომ ყველას ვერ მიაქცევს ყურადღებას. არადა, წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მრავალშვილიან ოჯახებში ბავშვებს მშობლების ყურადღება აკლიათ, თურმე, მითია (ლაპარაკია ისეთ ოჯახებზე, სადაც მრავალშვილიანობა ცოლ-ქმრის არჩევანი და ნებაა და არა გასაჭირის თანმდევი პროცესი). სინამდვილეშიი ასეთ ოჯახებში თავის წილ ყურადღებას ყველა იღებს, თავის წილს და არა გადამეტებულს. საშიში სწორედ ისაა, როცა დედის ყურადღება ერთადერთ შვილს დასტრიალებს. ეგოისტობაც ამით იწყება და განებივრების პრობლემაც იჩენს თავს.
და-ძმების გვერდით კი ბავშვი ყველა სოციალურ უნარს ოჯახშივე ითვისებს. სწავლობს საკუთრების სხვისთვის გაზიარებას, მეგობრობას, თანამოაზრეების შეძენას, დამოუკიდებლობის დაცვას. ბავშვს უყალიბდება შეგრძნება, რომ მარტო არ არის ამქვეყნად, რადგან ნებისმიერი საფრთხის წინაშე და-ძმები გუნდურად იბრძოლებენ. უფროსის გარდა, ყველა მომდევნო ბავშვს ჰყავს ორიენტირი, ვისგანაც რაიმე უნდა ისწავლოს. ამიტომაა, რომ მრავალშვილიან ოჯახებში ბავშვები სწრაფად ვითარდებიან.
ასე რომ, თამამად იყოლიეთ ბევრი შვილი, ვერც საკუთარ თავს და ვერც თქვენს პირმშოს ამაზე უკეთეს სჩუქარს ვერ გაუკეთებთ. ნუ ანაცვალებთ მას კარიერასა და კომფორტს, გახსოვდეთ, რომ მომავალს მხოლოდ ბავშვები ქმნიან.