როგორ უნდა შეათავსოთ კარიერა და ოჯახი - მრავალშვილიანი ცნობილების გამოცდილი რჩევები
როგორ უნდა შეათავსოთ კარიერა და ოჯახი - მრავალშვილიანი ცნობილების გამოცდილი რჩევები
მართალია, ამბობენ, ბევრი შვილი დიდი დარდი და დიდი სიხარულიაო, მაგრამ ალბათ ადამიანისთვის იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როცა მშობელი ხდება. ჩვენს რეალობაში ძნელია, იყო მრავალშვილიანი დედა, წარტამებული ქალი და ოჯახსაც არ მოაკლო ყურადღება. უამრავი ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ ბევრი შვილის გაჩენისგან ოჯახმა თავი შეიკავოს, თუნდაც არამდგრადი ეკონომიკური მდგომარეობა, დაძაბული ცხოვრების რიტმი, კარიერა და ა.შ.
ჩვენს მრავალშვილიან რესპონდენტებს ნანუკა ლითანიშვილს, ქეთა ლორთქიფანიძესა და ნათია გოგოჭურს გამოცდილების გასაზიარებლად დავუკავშირდით.

ქეთა ლორთქიფანიძე, მსახიობი, ხუთი
შვილის დედა:

- საერთოდ, რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, უფრო მეტს ასწრებ. საკმარისია, არ ვიყო დატვირთული, ყველაფრის კეთება მეზარება, დრო არ მყოფნის არაფრისთვის. აქედან გამომდინარე, მთავარია შინაგანი შემართება და ადამიანი ყველაფერს ასწრებს. რა თქმა უნდა, მყავს ძიძა, რომელიც მეხმარება, მაგრამ მე ჩემი მხრივ, ვასწრებ ბავშვებთან ურთიერთობას, რამდენიმე სამსახურში სიარულს, მაგობრებთან ერთად გართობას და სადილის კეთებას, მთავარია, გამოზომო დრო ყველაფრისთვის და არ დაგეზაროს საქმის კეთება.

- ყოველთვის გინდოდათ გყოლოდათ ბევრი შვილი, თუ ცხოვრებამ მოიტანა ეს?
- სანამ დედა გავხდებოდი, აზრად არ მომსვლია, რომ ბევრი შვილი მყოლოდა, ერთ, მაქსიმუმ ორ შვილზე ვფიქრობდი, მაგრამ ნათქვამია, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო და მართალია. როდესაც პირველი ვაჟი გამიჩნდა,
ბედნიერების განცდა ასე მძაფრად პირველად მაშინ დამეუფლა და ვთქვი, რომ ჩემს თავს ამ წუთებს აღარ მოვაკლებდი. მას შემდეგ მომინდა, 7 შვილი მყოლოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობამ ხელი აღარ შემიწყო და ხუთზე შევჩერდი, თუმცა კიდევ ორს სიამოვნებით გავაჩენდი.

mshoblebi

- ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევა, როცა კარიერის, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, დედები თავს იკავებენ ბევრი შვილის გაჩენისგან...
- ამ საკითხზე მე ძალიან პირადული და სუბიექტური პასუხი მაქვს, საბედნიეროდ, გამიმართლა იმაში, რომ ძალიან კეთილი ადამიანები შემხვდნენ სამსახურებში. ჩემთვის არასდროს ყოფილა დამრკოლება ორსულობა, ჩვილი შვილი და ა.შ. "ღამის შოუს სტუდია", "თავისუფალი თეატრი" თუ სხვა დამსაქმებლები ყოველთვის ხელს მიწყობდნენ ასეთ სიტუაციებში. როდესაც "შუა ქალაქში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, ძალიან მიჭირდა იმის გამხელა, რომ 6 თვის ორსული ვიყავი, მაგრამ დათო გოგიჩაიშვილთან შევედი და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. ღიმილით მიიღო შექმნილი ვითარება და... მას შემდეგ სამი წელი ვითანამშრომლე მათთან. "შუა ქალაქის" პერიოდში გავაჩინე მეოთხე შვილი და "დავიწყე" მეხუთე. 6 თვის ორსული ვიყავი, როცა "იდიოტოკრატიაში" გადამიღო ავთო ვარსიმაშვილმა, "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერიდან სამ კვირაში მეოთხე შვილი გავაჩინე. ფეხმძიმემ, კვირა დღეს სწორედ ეს სპექტაკლი ვითამაშე, ორშაბათს "შუა ქალაქის" რეპეტიციაზე ვიყავი, სამშაბათს "პრაგონი" მქონდა, ოთხშაბათს ჩავწერეთ და ხუთშაბათს ვიმშობიარე. აქედან კარგად ჩანს, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ყველა ქალს ვუსურვებ, შეხვდეს ისეთი ადამიანები კარიერულ ცხოვრებაში, რომ არ დაბრკოლდნენ და ყველას მოვუწოდებ, არასდროს დააბრკოლონ ქალები, რომლებიც შვილს ელოდებიან. შვილი ისეთი რამაა, მისი დარდი მირჩევნია, სრულიად უდარდელობას.

სცენარისტი ნათია გოგოჭური - პროდიუსერი, ზაზა კოლელიშვილის მეუღლე, 5 შვილის დედა:

mshoblebi
- როგორ ახერხებთ, იყოთ კარგი დედა, კარგი ცოლი, კარგი დიასახლისი?
- და ვარ რომ კარგი დედა, კარგი დიასახლისი, კარგი დედა? (იცინის) ჩვეულებრივი დედა ვარ, კარგი დიასახლისობის რა გითხრა, ისეთი დიასახლისი ვარ, რომელიც სავალდებულოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მგონია, რომ კარგი მეგობარი და კარგი ცოლი ვარ, რადგან ჩვენს ოჯახში ყოველთვის პირველი იყო მამა და მერე დანარჩენი ყველაფერი. მამა თუ კარგადაა, ჩვენც კარგად ვიქნებით, - ამ დევიზით გავზარდე შვილები, თუმცა ზაზა ჩემზე აკეთებდა აქცენტს და ამბობდა, მთავარია, დედა იყოს კარგადო. არ ხდებოდა ერთი ადამიანის გაფეტიშება, ბავშვებსაც არ ვაგრძნობინებდით და არ ვეუბნებოდით იმას, რომ ისინი ყველაზე კარგები და ყველასგან გამორჩეულები იყვნენ. ადამიანმა ცხოვრების ყოველი წუთი და წამი უნდა გადაანაწილოს მათთვის, ვინც უყვარს, ოჯახი ხომ სიყვარულია?!. თუ ეს გადანაწილებული გაქვს, ყველაფერი მოგვარდება. ხშირად გვქონია გაჭირვებაც, გაუგებრობაც, კამათიც, მაგრამ დღემდე სიყვარულით მოვედით.

mshoblebi

- ყოველთვის გინდოდათ, ბევრი შვილი გყოლოდათ?

- უნდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ყველა ასაკში მიყვარდა. მე არ მახსოვს, მაგრამ ჩემი მეგობარი მარინა კახიანი მეუბნება ხოლმე, შენ ხშირად იძახდი, რომ 5 შვილი უნდა გყოლოდაო... მერე უკვე ცხოვრებამ მოიტანა შვილები, უფლის ნება იყო და მოგვცა ბევრი შვილი. არ გეგონოთ, რომ ეგოიზმი მხოლოდ ერთი შვილის ყოლაა, ბევრი შვილის ყოლის სურვილიც ეგოიზმია. მართალია, ძნელია ბავშვების გაზრდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არავინ გეხმარება, მაგრამ არ ვარ მომხრე იმისა, რომ ამბობენ, შვილს სწავლა, ჩაცმა-დახურვა უნდაო და ამის გამო იკავებენ თავს გაჩენისგან. რისი გაკეთების საშუალებასაც გაძლევს უფალი ერთი შვილისთვის, იმას მოგცემს მეორესთვის, მესამესთვის და ა.შ.

mshoblebi

- თუმცა, ჩვენს რეალობაში მრავლადაა ასეთი ფაქტები...

- ზოგი შვილს საერთოდ არ აჩენს და მაინც ბედნიერია, ეს ძალიან ინდივიდუალურია. შეიძლება, კარიერული თვალსაზრისით უფრო წარმატებული მეც ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენს ოჯახში შემდგარი და შემოქმედებითად ჩამოყალიბებული გახლდათ ზაზა, ამიტომ ჩემს თავში მოვძებნე ძალა, რომ მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი კი არ გავმხდარიყავი და ჩემს კარიერაზე კი არ გადამეტანა აქცენტი, არამედ ხელი შემეწყო ზაზასთვის და იმავდრულად მეკეთებინა ჩემი საქმე. მე ვრეალიზდი ოჯახში, ბავშვებში, თუმცა არ დავკარგე ჩემი საქმე, ვწერ სცენარებს, ვეწევი საზოგადოებრივ საქმიანობას, ჩემს შვილებს ვუდგავარ გვერდში და ამით ვარ ბედნიერი. როცა ოჯახში ერთი ადამიანი უფრო წარმატებულია, თუნდაც იყოს ეს ქალი, მაშინ ქმარმა ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი მეუღლეს და თუ საჭირო გახდება, უკანაც უნდა დაიხიოს გარკვეულ საკითხებში. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი ურთიერთგაგებაა ოჯახი.
ხშირად მახსენდება დედაჩემი, რომელიც წარმატებული გახლდათ კარიერული თვალსაზრისით, ერთდროულად სამ სამსახურში მუშაობდა, მაგრამ სამი შვილისთვის ყურადღება არ მოუკლია. ასაკში რომ შევიდა, ყოველთვის იმას იძახდა, არაფერი იმაზე დიდი არ შემიქმნია, ვიდრე შვილებიო. ამ ქვეყნიდან არაფერი მიგვაქვს, საკუთარი სისხლისა და გენის დანატოვარი კი ყველაზე ძვირფასია ადამიანისთვის. მერწმუნეთ, ოჯახი და სიყვარული პირველია და იცოდეთ, რომ ოჯახურ ბედნიერებაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს და ვერსად იპოვით.

მსახიობი ნანუკა ლითანიშვილი - მსახიობ ზურა გეწაძის მეუღლე, ოთხი შვილის დედა:

mshoblebi

- 4 შვილის გაჩენა არ დამიგეგმავს, თავისთავად მოხდა ყველაფერი. ჩემს მესამე და მეოთხე შვილებს შორის სხვაობა 13 წელია, უფროსები უკვე წამოზრდილები იყვნენ, როცა მეოთხე შემეძინა, მეხმარებიან და ყველაფერს ვახერხებ. ადამიანი ეჩვევა ყველა გარემოებას, ჭირიდან დაწყებული, ლხინით დამთავრებული, ადაპტაციას ახერხებს ყველა სიტუაციაში. იმ პერიოდში, როცა სამი პატარ შვილი მყავდა, საქმით დიდად გადატვირთული არ ვიყავი, რადგან 90-იანი წლები, მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე, ბნელი და გაჭირვებული იყო, არსად არაფერი ხდებოდა. თეატრში მაინც ვმუშაობდი, მაგრამ შემოქმედებითი კუთხით ცოტა საქმე მქონდა.

- მართალია, უფროს შვილებს იმდენი ენერგია არ სჭირდებათ, რამდენიც პატარას, მაგრამ სამაგიეროდ, დღეს საქმე გაქვთ უფრო მეტი, როგორ უთავსებთ ამ ყველაფერს ერთმანეთს?
- ვიტყვი, რომ უფროსებს პატარაზე არანაკლები ყურადღება სჭირდებათ, ისინი ბევრად უფრო ნერვების მომშლელები და სადევნები არიან, ვიდრე პატარა. იმათ უნდა სდიო მთელი დღე, არკვიო, სად არიან, ღამე 4 საათზე რომ არაა სახლში, ფიქრობ, მშვიდობიანად დაბრუნდეს და ა.შ. პატარა კი გყავს შენთან ერთად და ხედავ, როგორ და რას აკეთებს. როდესაც წინასაპრემიერო პერიოდი მაქვს, რეპეტიციები გადაბმულადაა დანიშნული, ნუცა დედაჩემთან მიმყავს, მაგრამ საღამოს სახლში ვაბრუნებ, რადგან სხვაგან არ რჩება, თუმცა, ყოფილა შემთხვევებიც, დილის 11 საათზე მიმიყვანია თეატრში და საღამომდე ჩემთან ერთად იქ ყოფილა, მაგრამ თავად ამით დისკომფორტი არ განუცდია. როგორც საჭმლის რეცეპტები არ მაქვს, ასე ვარ ამ საკითხშიც - არ მაქვს რაიმე რეცეპტი, როგორ მოვახერხოთ საქმისა და ოჯახის შეთავსება. ადამიანი ნებისმიერ რაღაცას ეჩვევა და ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის პოვნაა ალბათ ზუსტად ადამიანობის არსი.
შვილის გაჩენის საკითხი ძალიან ინდივიდუალური თემაა, ამიტომ ვერც მოვუწოდებ ვინმეს, გააჩინეთ ბევრი შვილი-მეთქი და ვერც იმას ვიტყვი, თავი შეიკავეთ-თქო. თუმცა, ჩემს უმცროს მეგობრებს სულ ვეუბნები, თქვენი ასაკის რომ ვიყო, კიდევ ერთ შვილს გავაჩენდი-მეთქი, რადგან ჩემთვის პატარა ბავშვი ხალისია. ცოტა ხნის წინ ძმისშვილი შემეძინა, ისიც ნანუკა ლითანიშვილია, მისი დაბადებით ახალი სისხლი "წამოვიდა", სტიმული მომეცა ცხოვრებაში. ჩემი აზრით, ამომავალი წერტილი ბავშვია.

mshoblebi

- კიდევ ერთ შვილს გააჩენდით?
- რომ ვიყო ასაკით პატარა, გავაჩენდი. ახლა უკვე იმხელა შვილები მყავს, ცოტა მეუხერხულება. მე ცოტა ცუდ დროში მომიწია პირველი სამი შვილის გაზრდა, მაშინ არაფერი არ იყო, ახლა კი შვილის გაზრდა სახალისოცაა. ბავშვი არის გართობა და ასე, გართობა-გართობაში უნდა გაიზარდოს. პატარაობაში ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში და ასეც გავაგრძელე (იცინის).

- კარიერულ წინსვლაში ოჯახმა, შვილებმა დაგაბრკოლათ?
- კარიერულ წინსვლაში რამაც დამაბრკოლა, ესა გახლდათ ის ყოფა, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით. 90-იანი წლები არის ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენი თაობის ადამიანებისთვის, მაშინ დავკარგეთ ის წლები, როცა შეიძლებოდა, შემოქმედებითად მეტად დავხარჯულიყავით და ასევე უფრო მეტი გვესწავლა. ამიტომ ოჯახს ვერ დავაბრალებ დაბრკოლებას, ვინაიდან ხელშეწყობა ჩემი მშობლებისა და ჩემი ქმრისგან ყოველთვის მქონდა.


ციცი ომანიძე
7304
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```