"როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, დედამთილი ცდილობს თავისი დაკანონებული წესები, უცვლელი და ხელშეუხებელი დარჩეს..."
"როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, დედამთილი ცდილობს თავისი დაკანონებული წესები, უცვლელი და ხელშეუხებელი დარჩეს..."
დედაშვილობაზე, მის მნიშვნელობაზე, აღზრდის ფორმებსა და მიდგომებზე, ოჯახურ ტრადიციებზე გვესაუბრა ქალბატონი ბელა ალანია.

- დედაშვილობა ისეთი ღვთიური გრძნობაა, რომლის მსგავსი კოსმოსში არაფერი გამოგონილა. მე და ჩემს შვილებს გვაქვს შეუცვლელი ურთიერთობა. ისინი ჩემში მხოლოდ დედას არ ხედავენ, მე მათთვის ვარ მეგობარი, მესაიდუმლე. ჩემი ლოცვა ყოველთვის გზას უნათებს მათ. მადლიერი ვარ უფლის, რომ მომანიჭა ისეთი მისიის შესრულების უფლება, როგორიც დედაშვილობაა.

- თინეიჯერობის ასაკი ცოტა რთული პერიოდია. თქვენმა შვილებმა, როგორ გადალახეს ეს ასაკი, რაიმე
სირთულეებს ხომ არ წააწყდით?
- ჩემი შვილები 21-22 წლისები არიან და ეს რთული ასაკი უკვე გაიარეს. შეიძლება არც დამიჯეროთ, მე საერთოდ არ მიგრძნია ეს პერიოდი. ბავშვობიდანვე მათთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. ვესაუბრებოდი როგორც თანასწორს, რჩევებსაც ვეკითხებოდი. ხშირ შემთხვევაში მათი რჩევა არ მჭირდებოდა, მაგრამ ამას ვაკეთებდი მიზანმიმართულად, რათა მათ ეგრძნოთ საკუთარი აზრის მნიშვნელობა ოჯახში. ეს მიდგომა გარკვეულწილად გვეხმარებოდა იმაში, რომ ისინი გაზრდილიყვნენ თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები, ჰქონოდათ სწრაფვა განვითარებისკენ, წინსვლისკენ. როცა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას გრძნობდნენ, მათგანაც მოდიოდა ნდობა, იყვნენ ძალიან გულწრფელები, გულღიები. თუ რამე უმნიშვნელო უთანხმოება ან უსიამოვნება ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ჩვენ მათ პრობლემებში არ ჩავერეოდით, ყველაფერი თავად უნდა მოეგვარებინათ. ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემები ძალადობის, შეურაცხყოფის
გარეშე, ცივილურად მოეგვარებინათ.
mshoblebi
შვილებთან ერთად

- ახლა რამდენად ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს?
- შეუცდომელი არავინაა, მათ შორის მეც. არ ვთვლი, რადგან მათზე უფროსი ვარ, ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანი ან მართებულია. შეიძლება მშობელს კეთილი ნება ჰქონდეს, მაგრამ ცდებოდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა მიმიცია მათთვის რჩევა, მაგრამ აღმოჩენილა, რომ ისინი ყოფილან მართლები. ხშირად ვსაუბრობთ, ვკამათობთ. სწორედ კამათში მოდის გამოსავლის მიგნება ან გადაჭრის გზების პოვნა. არასოდეს არ მწყინს, თუ ჩემს რჩევას არ გაითვალისწინებენ. როცა მშობლები რაიმეს შესრულება აიძულებენ ბვშვს, ვთვლი, რომ ესეც ძალადობის ერთგვარი ფორმაა. როცა ბექა აბარებდა უნივერსიტეტში, ვურჩიე, ჩაებარებინა იურიდიულზე, მაგრამ მე უბრალოდ ვურჩიე, ძალა არ დამიტანებია. ეს ისეთი საკითხია, თუ შემდეგ ცხოვრებაში არ გაუმართლებს კარიერაში ან რაიმე არ მოეწონება, მთელი ცხოვრება ემახსოვრება და გისაყვედურებს.

- თქვენი შვილები იმ ასაკში არიან, არ არის გამორიცხული, მალე სიდედრი ან დედამთილი გახდეთ. როგორია თქვენი შეხედულება რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე?
- ყველაფერი უფლის ნებაა (იღიმის). როდესაც შალვას გავყევი, მისი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ. შესაბამისად რძალდედამთილობის თემები არ შემხებია. ზოგადად მე ვთვლი, საქართველოში მკაცრი შეფასებები ახლავს ამ თემას. თუ დედამთილზე ან სიდედრზეა საუბარი, რატომღაც ხშირ შემთხვევაში ცუდ ფაქტორთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კარგთან.
mshoblebi
- რატომ ჩამოყალიბდა ასეთი სტერეოპიტი?
- ეს ძალიან სათუთი თემაა. ვფიქრობ, ეს ადამიანის ეგოიზმის ან უფლებების შეზღუდვის შიშის ბრალია. როცა გოგონა შედის უცხო ოჯახში, რატომღაც ფიქრობს, რომ მოხდება მისი უფლებების შეზღუდვა და მისტირის თავისუფლებას. ირთვება თვითდამკვიდრების, თავდაცვის მექანიზმი, დედამთილს კი სურს ოჯახში წამყვანი პოზიციის შენარჩუნება, აქედან იწყება შეუთავსებლობა, კონფლიქტები. თაობათა შორის შეხედულებების სხვაობა დიდ როლს თამაშობს დაპირისპირებაში. ახალ თაობას სხვა აზროვნება და ინტერესები აქვს, ძველ თაობას - სხვა. როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, დედამთილი ცდილობს თავისი დაკანონებული წესები, ტრადიციები უცვლელი და ხელშეუხებელი დარჩეს. ავიწყდება, ადამიანს, რომელიც სულ ახლახან შემოვიდა ოჯახში, სჭირდება თბილი მიდგომა, სიყვარული, თანადგომა, ხელშეწყობა რათა ახალ გარემოს შეეგუოს. საერთო ჯამში წვრილმანი პრობლემებიდან იქმნება სერიოზული დაპირისპირება, რაც ანადგურებს და ძირს უთხრის ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობას. არის ოჯახები, სადაც დედამთილია იგივე სიტუაციაში. შემოდის რძალი, ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, იმდენად დიდ გავლენას ახდენს მეუღლეზე, რომ დედასა და შვილს შორის ურთიერთობა ფუჭდება.

- რძალ-დედამთილის თანაცხოვრებაზე რა აზრის ხართ?
- ეს ბოლო პერიოდის აქტუალური თემაა. რომ არ შეეზღუდოს წყვილს თავისუფლება, არჩევენ ცალკე ცხოვრებას. ჩემი შვილები გაიზარდნენ ბებიაჩემის და დედაჩემის დახმარებით, რომლებიც ჩვენთან ცხოვრობდნენ. მე და შალვა ბედნიერები ვიყავით, ვინაიდან ისინი მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი შვილების აღზრდაში. ფიზიკურადაც, მორალურადაც, მატერიალურადაც ყოველთვის მხარში გვედგნენ. მე ასეთი ოჯახის მომხრე ვარ.

- როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორი დედამთილი იქნებით?
- შევეცდები ჩემი შვილების პირად ურთიერთობაში არ ჩავერიო. თუ შევატყობ, რომ რამე რჩევა და დარიგება სჭირდება, ამას გავაკეთებ ძალიან კეთილად და უვნებლად. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე არ მგონია, მკაცრი და მომთხოვნი დედამთილი ვიყო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელვანია, ჩემი შვილები იყვნენ ბედნიერები და ამისთვის თავს არ დავზოგავ.

- ბოლო პერიოდში გახშირდა ოჯახური ძალადობის ფაქტები, როგორ ფიქრობთ, რა არის ამის გამომწვევი მიზეზი?
- გეთანხმებით, გახშირდა როგორც პირადი, ასე არაპირადი ძალადობის ფორმები, შანტაჟი, მორალური ზეწოლა, დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ქალების და ბავშვების ცემის, მკვლელობის ფაქტები. ვფიქრობ, ყოველივე ამის გამომწვევი მიზეზია სიღატაკე, უმუშევრობა, გაჭირვება, სოციალური უსამართლობა. ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. აუცილებელია სახელმწიფომ შეიმუშაოს ძალადობასთან ბრძოლის გეგმა, შეიქმნას სამუშაო ადგილები. სულ ცოტა ხნის წინ ვეცნობოდი სტატისტიკას, 2013 წლიდან 2014 წლამდე 62%-ით მეტი ქალია მოკლული საქართველოში. ეს არის საშინელი ციფრი. იმატა თვითმკვლელობის, ქალების დასახიჩრების ფაქტებმა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი წყვეტს, რომ ესა თუ ის ძალადობის ფაქტი, რომლის მომსწრეც გახდა, მას არ ეხება. ეს არის ძალიან ცუდი მიდგომა. არ შეიძლება ამის მოთმენა, თვალის დახუჭვა. არ შეიძლება გულგრილად უყურო, როგორ სცემენ ბავშვებს, ქალებს. ამ პროცესზე თითოეული მოქალაქეა პასუხისმგებელი. ამოვიღოთ ხმა, ჩავერიოთ კონფლიქტებში და ყველამ ერთი აგური დავდოთ ჯანსაღი მომავლის შენებაში. ძალადობა თრგუნავს ადამიანის თავისუფლებას, მის ნებას. კარგია, რომ 2012 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება და ოჯახში ძალადობა აღიარებულ იქნა კრიმინალად.
საერთოდ კი, ოჯახი უნდა იყოს ჭრილობების მოშუშების ადგილი. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობებზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ პირველ რიგში საკუთარი "ფარული მტერი", ანუ ეგოიზმი, აგრესია უნდა დავთრგუნოთ. როცა სხვისგან კეთილგანწყობას მოვითხოვთ, თვითონ უნდა ვიყოთ ასევე განწყობილი. მოთმინებით, სითბო და სიყვარულით ოჯახის სიმტკიცისთვის უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე დაპირისპირებით, სიჯიუტით და მოუთმენლობით.
მერი ბლიაძე
16811
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
თათია
0
შემჭამა ჩემმა დედამთილმა. ნივთი ვერ გადამიადგილებია, ხელი არაფერს არ ახლოო. გეთანხმებით ქ0-ნო ბელა, სანამ ახალგაზრდა ხარ, მაშინ მიხარია ყველაფერი, მერე რა ჯანდაბად მინდა. მომწონხართ იცოდეს ეს.
02:13 / 19-07-2016
maia garuchava
0
გეტანხმებით ქ-ნო ბელა.ჩემი დედამთილი კარადიდან ჭიქის გადაადგილების უფლებას არ მაძლევდა
00:25 / 30-03-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?