"ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე" - 35 წლის მაკა ხოხონიშვილი მეათე შვილს ელოდება
"ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე" - 35 წლის მაკა ხოხონიშვილი მეათე შვილს ელოდება
მაკა ხოხონიშვილი ჯერ მხოლოდ 35 წლისაა და უკვე 9 შვილის დედაა, მეათეს რამდენიმე თვეში ელოდება. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

- 19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა, 21 წლის ასაკში მეორე მეყოლა და ასე მიჰყვა ერთმანეთს 9 შვილი. ექვსი გოგო და 3 ბიჭი მყავს, მეოთხე ბიჭს ველოდებით.

- ბავშვების აღზრდაში
ვინმე გეხმარებოდათ?
- ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, უფრო გამიჭირდა, განსხვავებული რეჟიმი აქვთ და ყველას უნდა შევუწყო ხელი.

- თითოეულ მათგანს თქვენ ეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში?
- სკოლაში შვიდი ბავშვი დადის, წარმოიდგინეთ, როგორ შევძლებ შვიდი ბავშვის მეცადინეობას? თავდაპირველად ვცადე, მაგრამ მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა ასე, მერე ძალიან ცუდად გავხდი, უძილობები დამეწყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასწავლებელი აგვეყვანა. ბავშვები საპატრიარქოს
სკოლაში სწავლობენ. სწავლის საფასურს არ ვიხდით, მხოლოდ კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს ვანაზღაურებთ. ჯერ სკოლის ბავშვებს ვამზადებ, როცა სკოლაში მიდიან, ბაღის ბავშვებს ვუბრუნდები,მათაც ვამზადებ და მიმყავს ბაღში. საღამოს სანამ ყველა თავს მოიყრის სახლში, ძალიან დაძაბული ვარ, უფროსებს ყოველ ერთ საათში ვურეკავ და ვკითხულობ, სად და როგორ არიან.
mshoblebi
- უფროსები რამდენად იღებენ პატარების აღზრდაში მონაწილეობას, გეხმარებიან?
- ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ მეხმარებიან. სკოლის გამო ძალიან დატვირთულები არიან, სკოლიდან მასწავლებლებთან, ცეკვაზე ან ხატვაზე მიდიან, როცა შინ ბრუნდებიან, უკვე ძალიან გვიანია. მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. დიდი ხანი არ არის, რაც დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ძალიან რთული ორსულობა მაქვს, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ამიტომ ის მეხმარება.

- თქვენი მეუღლე მუშაობს?
- წლები დედამთილთან და მამამთილთან ვცხოვრობდით. ძალიან ვიყავით უფროსებზე დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, ცხოვრების არაფერი გაგვეგებოდა. მერე მოხდა ისე, რომ დედამთილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბინის გაყიდვა გახდა საჭირო. ხუთი შვილით დავრჩით ღია ცის ქვეშ. დედამთილი და მამამთილი რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენ კი ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.

- სახელმწიფო, როგორ გეხმარებათ?
- გვაქვს სოციალური დახმარება, ბავშვებსაც აქვთ დახმარება, მაგრამ ეს მიზერული თანხაა. ზოგადად საქართველოში მრავალშვილიანობის სტატუსი არ არსებობს. ჩემთვის ბავშვების სწავლა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩაცმა-დახურვა, ამიტომ ის თანხა, რასაც ბავშვები იღებენ, მთლიანად მათ სწავლა-განათლებას ხმარდება. მიჭირს თვიდან თვემდე თავის გატანა. ხალხი რომ არ მეხმარებოდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა.
mshoblebi
- ვინ ხალხს გულისხმობთ?
- ძალიან მეხმარება და ყველანაირად გვერში მიდგას ჩემი მოძღვარი, მამა იოანე კიკვაძე. ღვთის წყალობით, გამოჩნდებიან ხოლმე კეთილი ადამიანები, ვინც სურვილს გამოთქვამენ დაგვეხმარონ. ხალხის დახმარების გარეშე თავს ვერ გავიტანდით. სახელმწიფოსგან უფასო საკვებიც გვეკუთვნის, მაგრამ მხოლოდ პური გამომაქვს.

- თქვით, რომ ცეკვაზე და ხატვაზე დაგყავთ ბავშვები. გადასახადს ჩვეულებრივად იხდით თუ გაქვთ შეღავათები?
- უფროსი ბიჭი არაჩვეულებრივად ხატავს, დამყავს ხატწერაზე. მერია გვაფინანსებს, მაგრამ არ არის ის დონე, რაც მას სჭირდება. ახლა უკვე სერიოზული კერძო, მომზადება უნდა, რომ გაჰყვეს ამ საქმიანობას, კერძო მასწავლებელს კი მერია არ გვიფინანსებს. არავის არ მოსწონს, როცა სოციალური გაფინანსებს, მაგალითად, ცეკვის წერეზე ბავშვს არ სვამენ ცეკვის ნახაზში, არ გამოჰყავთ კონცერტებზე. თუ არ გაუშვებ საზღვარგარეთ, რაც 370 ევრო ჯდება, არ გადაჰყავთ ანსამბლში. მე კი ამის საშუალება ნამდვილად არ მაქვს, ამიტომ ვაპირებ მომავალი წლიდან აღარ ვატარო, რომ უფრო არ დაწყდეს გული. ასეა ექიმების შემთხვევაშიც. სადაც არ იხდი ფულს, მომსახურებაც ის ხარისხი არ არის, რაც უნდა იყოს. სადაც შენ გინდა, იქ ვერ მიდიხარ, ამიტომ ისევ ფულის გადახდა ან სიცხიანი ბავშვით დაუსრულებელ რიში დგომა გიწევს.
mshoblebi
- წამლებზე თუ გაქვთ შეღავათები?
- წამლებს ჩვეულებრივად ვყიდულობ, არაფერი შეღავათი არ მაქვს. ახლაც 100 ლარის წამლები გამოუწერა პატარას ექიმმა და სრულად ვერ ვუყიდე, რადგან არ მქონდა საშუალება. სახელმწიფო ცოტა მეტად უნდა ზრუნავდეს მრავალშვილიან ოჯახებზე.

- ბინა თქვენს საკუთრებაშია?
- ეს იყო პოლიციის შენობა, აბაშიძის ბიუროდან შემოგვასახლეს. ჩვენს საკუთრებაში არ არის. მეუბნებიან, რომ აქედან არავინ გაგვასახლებს, ოფიციალურად გაფორმებას გვპირდებიან. სამი წელი გახდება, რაც აქ ვცხოვრობთ. მეცხრე შვილი ამ სახლში გვეყოლა. სირცხვილია, როცა ცხრა შვილი მყავს და სახლის დაკანონებაზე დავრბივარ. გაიზრდებიან ბავშვები და აღარავის ემახსოვრება, რომ ათი შვილი გავაჩინე. წელიწად-ნახევარია, რაც ჩემმა მეუღლემ მუშაობა დაიწყო სადისტრიბუციო კომპანიაში, გაგვიმართლა, რადგან კომპანიის მეპატრონე ჩემი მეუღლის მოგვარე აღმოჩნდა და ძალიან უწყობს ხელს. მე ისეთი გაჭირვება გამოვიარე, დღევანდელი ყოფით ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. ვიხდიდით ქირას, არ მუშაობდა მეუღლე, მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე, 300 ლარზე ვიყავით დამოკიდებული. ამ დროს ქირას 200 დოლარს ვიხდიდით, სახლში სადაც ქარი ისე ქროდა, როგორც ქუჩაში. "დასკოჩილი" გვქონდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ყინავდა. მხოლოდ ქირის გადახდაზე ვიყავით გადასული, ნახევრად მშიერი გვყავდა შვილები. ჩვენს ყოფაზე ფიქრიც არ მინდოდა, როგორც კი ფიქრს ვიწყებდი, ცხარე ცრემლით ვტიროდი.

- აქ შემოსახლებაში ვინ დაგეხმარათ?
- ეს იყო ღმერთის დიდი წყალობა. პატრიარქმა კერკირადან ჩამოაბრაძანა სპირიდონ ტრიუმფიტელის წმინდა ნაწილები. სიონში მოსალოცად წავედით მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ერთად. ყოველთვის მიჭირს მატერიალური საზრუნავის თხოვნა უფლისთვის. რომ მივედით წმინდა ნაწილებთან, მოკრძალებით ვთხოვე, იცი, რაც უფრო გვჭირდება და ძალიან გთხოვ, დამეხმარე-მეთქი. ორ კვირაში, საერთოდ, რომ არ ველოდებოდით ისე მოგვარდა ბინის პრობლემა. გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. აბაშიძის ბიუროში ორი-სამი თვის ქირის დაფარვის თხოვნით ჩავედი. სრულიად შემთხვევით ნაცნობი გოგო შემხვდა, რომელმაც მირჩია აქ შემოვსახლებულიყავით. თავიდან შემეშინდა, პრობლემები არ შგვქმნოდა და უარი ვთქვი. როცა მეორედ ჩავედი, უკვე ხელმოწერილი საბუთი დამახვედრა. ასე შემოვსახლდით აქ, რისთვისაც უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ. ამის მერე ამოვისუნთქეთ, დახმარებაც მოგვიმატეს, მეუღლემ მუშაობა დაიწყო და ნელ-ნელა დალაგდა ყველაფერი. არვინ თქვას, ჩემს შვილებს მე ვინახავო, უფალი ინახავს ყველას შვილს. ეს გაჭირვება იმიტომ გამოვიარე, რომ ყველაფრის ფასი გამეგო.
მერი ბლიაძე
37054
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (30)
მაია
0
ვაიმე ხარ თუ ვიღაც, რა ეტყობა ამ ბავშვებს საწყლობის, მოვლილ-გაწკეპილები არიან, ცეკვავენ, ხატავენ, სწავლობენ, მეტი რა გინდა? ზოგს ერთი ან ორი შვილი ყავს და ნაგავსაყრელზე ათენებენ და აღამებენ და დედ-მამა არც კითხულობს სად არიან თავის შვილები.... ეს ბავშვები ბევრნი რომ არიან იმიტომ არიან საწყლები? მე მგონი რომ პირიქით, საწყალი ის არის ვისაც შვილების გაჩენის ეშინია და არა ისინი ვისაც მზრუნველი დედ-მამა ყავს...უფალს ვთხოვ გააძლიეროს და გაამრავლოს საქართველოში ასეთი ოჯახები!!!!!!!!
19:50 / 04-10-2016
მაია
0
ვაიმე ხარ თუ ვიღაც, რა ეტყობა ამ ბავშვებს საწყლობის, მოვლილ-გაწკეპილები არიან, ცეკვავენ, ხატავენ, სწავლობენ, მეტი რა გინდა? ზოგს ერთი ან ორი შვილი ყავს და ნაგავსაყრელზე ათენებენ და აღამებენ და დედ-მამა არც კითხულობს სად არიან თავის შვილები.... ეს ბავშვები ბევრნი რომ არიან იმიტომ არიან საწყლები? მე მგონი რომ პირიქით, საწყალი ის არის ვისაც შვილების გაჩენის ეშინია და არა ისინი ვისაც მზრუნველი დედ-მამა ყავს...უფალს ვთხოვ გააძლიეროს და გაამრავლოს საქართველოში ასეთი ოჯახები!!!!!!!!
19:50 / 04-10-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?