სოციალური ქსელი რამდენჯერმე ააფორიაქა ბავშვიანი სტუდენტებისა და მათი კეთილი ლექტორების ფოტოებმა ბოლო დროს სოციალური ქსელი რამდენჯერმე ააფორიაქა ბავშვიანი სტუდენტებისა და მათი კეთილი ლექტორების ფოტოებმა - ჩვილბავშვიანი სტუდენტი გოგონები ზოგჯერ იძულებულნი არიან პატარები უნივერსიტეტში წაიყვანონ, იქ კი გულთბილი ლექტორები ბავშვის "დროებით მოვლას" საკუთარ თავზე იღებენ. ეს ფოტოების სწორედ ამის ამსახველი კადრებია, რომლებიც გამოქვეყნებისთანავე ინტერნეტჰიტებად იქცნენ.
ამ ფოტოზე თსუ-ს ლექტორი ლექციაზე სტუდენტის შვილს აძინებს. ფოტო ფეისბუქში რამდენიმე საათში ინტერნეტჰიტად იქცა. სხვადასხვა გვერდზე ფოტოს 10 000-მდე მოწონება, 2 ათასამდე გაზიარება და ამდენივე კომენტარი აქვს.
ფოტოზე აღბეჭდილია უახლესი ქართული ლიტერატურის ლექტორი სოფო ძნელაძე, რომელიც თავისი სტუდენტის გოგონას აძინებს იქამდე, სანამ პატარას დედიკო კოლოქვიუმს წერს.
ეს კი ერთი წლის წინ გადაღებული ფოტო და ილიაუნის ლექტორი, ირინა ებრალიძეა სტუდენტის პატარასთან ერთად.
სამწუხაროდ, ამ თბილ ფოტოებს დადებითის გარდა უარყოფითი და აგრესიული კომენტარები ერთვის, რომელსაც ბავშვის დედა ასე ეხმაურება.
"ხალხო, ეს ჩემი ლექტორი და ჩემი შვილი ემილია... 1 წლის წინ გადაღებული ფოტოა. შემთხვევით ნახა მეგობარმა და ამ დილით ვნახე ეს პოსტი. გადახედეთ კომენტარებს, თუ იცით, როდის მიხვდება ეს საზოგადოება, რომ ბავშვი არ ნიშნავს სახლში ჯდომას და სხვისგან რჩენას. მით უმეტეს, ჩემს სიტუაციაში. ეს რა ფენომენია ყველაფრის ასე უაზრო გაკრიტიკება..." - წერს ბავშვის დედა, რომელიც კომენტარების ავტორებმა გაკიცხეს ბავშვის სასწავლებელში წაყვანის გამო.
სხვათა შორის, სტუდენტის ბავშვით სიაარული ლექციაზე პირველად ებრაელმა ლექტორებმა დაუშვეს ისრაელში.
მათ გადაწყვიტეს, ნება დართონ სტუდენტებს, რომელთაც შვილი ჰყავთ და დატოვება არ შეუძლიათ, თან ატარონ პატარები ლექციაზე. თუ ბავშვი წამოიტირებს? ლექტორი მზად არის, ხელში აიყვანოს და ასეირნოს. ამასობაში დედა კონსპექტებს დაწერს, პროფესორი კი ისედაც აქეთ-იქით დადის.
ასეა თუ ისე, ეს ლექტორები დიდ მაგალითს აძლევენ საზოგადოებას - დახმარების ხელი გაუწოდონ ახალგაზრდა, ბავშვიან ქალს განათლების მიღებაში. ვისაც შეგიძლიათ და როგორ, აუცილებლად მიბაძეთ მას. გახსოვდეთ, რომ სწორედ ეს ახალგაზრდა დედები ზრდიან ჩვენი საზოგადოების მომავალს.