ხშირად არც თავად გვილხინს, მაგრამ უკიდურესი სიღატაკე სულ სხვაა სანამ ჩვენ ბავშვებისთვის საუკეთესო საკვებს, კურორტს, ტანსაცმელს, ძიძასა თუ პედაგოგს ვირჩევთ, ძალიან ბევრ დედას თავზე ჭერი, ღამით სინათლე და უბრალო პურიც კი არ მოეპოვება შვილისთვის. ჩვენს გვერდით გაჭირვებულების არსებობას ყველა მივეჩვიეთ და ხშირად არც თავად გვილხინს, მაგრამ უკიდურესი სიღატაკე სულ სხვაა. როგორ ცხოვრობენ ღარიბი დედები და როგორ ზრდიან შვილებს, რომლებსაც ყველაფერი ენატრებათ. სოციალური სხვაობის მიუხედავად, მათთან ხომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ბავშვები გვაერთიანებს...
გაჭირვება, უსახლკარობა, უმუშევრობა და ეს ყველაფერი არ არის, რაც კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობაში თავშეფარებულ ქალებს აერთიანებთ. ისინი მარტოხელა დედები არიან. ზოგი ქმარს დაშორდა, ზოგი დაქვირვდა, ზოგიც პატიმრის ცოლია. სიდუხჭირის მიუხედავად, შვილებზე უარს არ ამბობენ, არადა სახელმწიფო მარტოხელა დედის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში ანიჭებს, თუ ქალს შვილი არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს.
ნატა გავაშელი, მარტოხელა დედა:
- მეუღლე ფილტვის სიმსივნით გარდამეცვალა, მერე ჩემი ძმა ავტოავარიაში მოყვა, ხერხემალი დაიზიანა, შეიძლებოდა ხეიბარი დარჩენილიყო. სასწრაფოდ გავყიდე ბინა და ოპერაცია გავუკეთე... ბინის ფულის დიდი ნაწილი წამლებში დაიხარჯა და ქირით გადავედით საცხოვრებლად. არ ვმუშაობდი, ქმარი აღარ მყავდა და მცირეწლოვანი შვილისა და მოხუცი დედის რჩენა მარტოს მიწევდა. ფული მალე გამოგველია, ქირა ვეღარ გადავიხადეთ და დიასახლისმა ბინიდან გამოგვყარა. სამი დღე და ღამე მეტრო "გურამიშვილთან" ბაღში გავატარეთ. ძველით ახალი წელი იყო, ხალხი ილხენდა, ჩვენ კი საქანელებზე ვათევდით ღამეებს. ვიცოდი, მიტოვებული სახელმწიფო ობიექტები არსებობდა, სადაც უსახლკარო ოჯახები იყვნენ შესახლებული. დავიწყე ასეთი შენობების ძებნა და კარდიოლოგიის ინსტიტუტის შენობის სარდაფში ცარიელ ოთახს მივაგენი. იქაურობა ერთი შეხედვით სამრეცხაოს ჰგავდა. რკინის მაგიდა იდგა, რომელიც სპეციალური საჭრელით დავჭერი და ჯართად ჩავაბარე. მახსოვს, 15 ლარი გადამიხადეს და ძალიან გამიხარდა. იმ ფულით მაკარონი და ზეთი ვიყიდე. ამას, ცხოვრება კი არა, არსებობა ერქვა და არც კი ვიცოდით, რომ სიცოცხლეს მორგში ვატარებდით. თურმე მთელი ხუთი თვე პროზექტურაში გვიცხოვრია, რკინის მაგიდა კი საკაცე იყო, რომელზეც გვამებს კვეთდნენ. ჩვენს თავზე მდებარე სასწრაფო დახმარების სამსახურს კანალიზაციის მილი გაფუჭებული ჰქონდა და ფეკალური მასები ჩვენს კედლებზე იღვრებოდა. დედამ ამ საშინელებას ვეღარ გაუძლო, ორჯერ ინფარქტი გადაიტანა და გარდაიცვალა. შემდეგ შენობის პირველ სართულზე ოთახი გათავისუფლდა და მე და ჩემი შვილი იქ გადავედით. მორგს ბევრად სჯობს, მაგრამ არც წყალი გვაქვს, არც დენი, არც კანალიზაცია და ზოგჯერ არც სანთლის საყიდელი ფული. უკიდურეს სიდუხჭირეში ვცხოვრობთ. ჩემი შვილი ობლობის პენსიას იღებს - თვეში 100 ლარს. ყოფილა შემთხვევა, რომ ჩაის ფერიც არ გვქონია, შაქარზე აღარაფერს ვამბობ... სად არ ვიყავი, ყველგან ვეძებე სამსახური, მაგრამ ვერაფერი ვიშოვე. სახელმწიფო არც სოციალურად დაუცველის სტატუსს მაძლევს, რადგან ჩემს სახელზე ავტომობილია რეგისტრირებული - როცა სახლი გავყიდე, მანქანა შევიძინე და გავაქირავე. მაგრამ მძღოლი, რომელმაც ავტომობილი იქირავა, ავარიაში მოყვა. მანქანა დღესაც მცხეთაში, საჯარიმო ავტოსადგომზე დგას. იმდენი ჯარიმა დაერიცხა, ოთხჯერ გადააჭარბა მის ღირებულებას. ამ თანხის გადახდა მე არ შემიძლია... სწორედ ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მარტოხელა დედების "თეთრი" და "შავი" სიები შეადგინა. მე "შავ სიაში" მოვხვდი... ახლა ამ შენობაშიც არ გვაჩერებენ. ამბობენ, რომ აქ შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრი უნდა აშენდეს...
მაკა ქარდავა, მარტოხელა დედა:
- პროფესიით ჟურნალისტი ვარ, შვიდი წელი ვიმუშავე, ბევრ ცნობილ ჟურნალისტს ვიცნობ, მაგრამ არავის ვეხმიანები, არ მინდა, ჩემი პრობლემებით ვინმე შევაწუხო. ჩემმა ქმარმა თამაში და ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა და დღემდე პატიმარია. ორ მცირეწლოვან შვილს მარტო ვზრდი. სანამ ქმარს დაიჭერდნენ, ქირით ვცხოვრობდით, შემდეგ ქირა ვეღარ გადავიხადეთ და აქ მოვედით. აფხაზეთიდან დევნილი ვარ, ჩემი მშობლები ოტობაიაში ცხოვრობენ. მათთანაც ვერ მივდივარ, ბავშვების გამო ვშიშობ... სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას ვიღებ, მაგრამ ეს ფული სამკურნალოდაც არ მყოფნის - ჩიყვის მძიმე ფორმა მაქვს, კვირაში 47 ლარის წამალი მჭირდება, ჩემი შემოსავალი კი თვეში მხოლოდ 156 ლარია. ახლა აღარც ვმკურნალობ. ხელ-ფეხი მიკანკალებს, ვეღარც დავდივარ. ოპერაცია კი შედის საყოველთაო დაზღვევის პაკეტში, მაგრამ სანამ ტოქსიკოზს არ მომიხსნიან, ოპერაციას არ მიკეთებენ.
იხილეთ მეტი