"ყველაფერი ოჯახში შემომქონდა, დედა და ბავშვები გასტროლებზე დამყავდა, ზაფხულში ყველაფერი ჩემ თავზე მქონდა აღებული" - ნანი ბრეგვაძე ოჯახზე
 "ყველაფერი ოჯახში შემომქონდა, დედა და ბავშვები გასტროლებზე დამყავდა, ზაფხულში ყველაფერი ჩემ თავზე მქონდა აღებული" - ნანი ბრეგვაძე ოჯახზე
"ძალიან მშვიდი, ნორმალური და ჰარმონიული ოჯახი მაქვს! სულ სიმღერაა, სიყვარული და მხიარულება! არასოდეს არის სხვისი ლანძღვა და გინება. ბავშვს ასეთი რამ სახლში არ უნდა ესმოდეს! მე არ მახსოვს, დედაჩემს ჩემთვის ეთქვას ვინმე მომღერალზე ცუდი. ასე წყნარად ვიზრდებოდი და თავადაც არასოდეს არავინ გამილანძღავს"... - ნანი ბრეგვაძე თავის ოჯახურ იდილიაზე გვესაუბრა...
-  ტრადიციებზეა აგებული მთელი ქვეყანა! ყველა ქვეყანას აქვს თავის ტრადიციები და როდესაც შენი ქვეყანა სხვისგან გამოირჩევა, ის ტრადიციები აუცილებლად ბოლომდე უნდა შეინარჩუნო, მაგრამ სხვა დრო მოვიდა და ნელ-ნელა რაღაცეები იკარგება ჩვენდა
სამწუხაროდ...

-  რომელი ტრადიციაა, რომელსაც თქვენს ოჯახში მუდმივად ინარჩუნებთ?
-  ვცდილობ, ქართული ტრადიციები შევინარჩუნო, მაგრამ დრო ჩემზე ძლიერია. თუმცა რასაც პატარაობიდან ჩაუნერგავ ბავშვებს, ის გონებაში კარგად ილექება! შეიძლება იმ წუთში ყურს არ გიგდებდნენ, მაგრამ გავლენას მაინც ახდენს... წესიერება უნდა იყოს ქვეყანაზე და ოჯახში - მითუმეტეს! მე როდესაც შვილიშვილები – ორი ბიჭი გამიჩნდა, ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე რა მეშველება როგორ უნდა გავზარდო-მეთქი... დედაჩემმა დამამშვიდა, ნურაფრის გეშინია, როგორც წაიყვან შენს ცხოვრებას, რასაც ოჯახში ხედავენ ბავშვები, იმავეს იმეორებენო... სწორედ ასეა ოღონდაც ნამდვილად ისე უნდა მოსდევდეს ოჯახს და არ უნდა თამაშობდე! ყველაზე მთავარია თავად იყო კეთილშობილი და წესიერი
ადამიანი!
mshoblebi
ზოგჯერ გადასარევი ოჯახებია, მაგრამ არ უმართლებთ... ეტყობა ბავშვებს რაღაც აკლიათ –ყურადღება და სიყვარული... როდესაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს შორდება, ეს ბავშვისთვის ძალიან დიდი ტრამვაა. ახლა თავისუფლად თხოვდებიან და თავისუფლად შორდებიან. ასე არ უნდა იყოს და ცოტა რაღაც უნდა გადაიტანო! უწინ იტანდნენ რაღაცეებს, უფრო რთული იყო ქალის ცხოვრება, ბევრ საშინელ სიტუაციას უძლებდნენ, მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდნენ დაეტოვებინათ და დაენგრიათ ოჯახი! აესეც არ არის სწორი! ადამიანი რატომ უნდა დაიტანჯო?! დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახის შენარჩუნებას!
ჩემს შვილიშვილებს, სამწუხაროდ, მამა ძალიან ადრე გარდაეცვალათ, მაგრამ დედაჩემმაც, მეც და ეკამაც ისე გავაკეთეთ, რომ ბავშვებს ობლობა არ ეგრძნოთ... მათი მამიდის ქმარი შესანიშნავი პიროვნება იყო – დიმიტრი უზნაძის შვილიშვილი. საოცრად დახვეწილი პიროვნება! მასთან ბავშვები ძალიან ხშირად მიმყავდა, მაგალითი რომ აეღოთ. შენი შვილებისთვის მაგალითი შენ უნდა იყო და ანახო ყველაფერი ის, რაც მისაბაძია!

-  რამდენად ახერხებთ მთელმა ოჯახმა ერთად ბევრი დრო გაატაროთ?
-  ვახერხებთ და ეს აუცილებელია! ჩემს ბიჭებს შესანიშნავი ოჯახები აქვთ! ჩვენ მათ ცხოვრებაში არ ვერევით. ჩარევაც არ შეიძლება ზედმეტად! ყველაფერს თვითონ გადაწყვიტავენ. თუმცა რაღაცის თქმა შეიძლება, ისეთი ფორმით, რომ არ გააღიზიანო. ზოგჯერ ბრაზობენ, მაგრამ მე დღემდე ვკარნახობ რაღაცეებს... შეიძლება არ მოწონდეთ იმ წუთას, მაგრამ მაინც ისე კეთდება როგორც უკეთესია. ოჯახში აუცილებლად სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს! მხოლოდ სიყვარული არ კმარა! ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შენ მას პატივს ცემ! მე მგონია ასეთი დამოკიდებულება ცუდი არ არის და ამიტომაც ძალიან მშვიდი, ნორმალური და ჰარმონიული ოჯახი მაქვს.სულ სიმღერაა, სიყვარული და მხიარულება! არასოდეს არის სხვისი ლანძღვა და გინება. ბავშვს ასეთი რამ სახლში არ უნდა ესმოდეს! მე არ მახსოვს დედაჩემს ჩემთვის ეთქვას ვინმე მომღერალზე ცუდი. ასე წყნარად ვიზრდებოდი და მე თვითონაც არასოდეს არავინ გამილანძღავს.
ეკაც ზუსტად ჩემსავით ფიქრობს. ძალიან მზრუნველია და არა მხოლოდ შვილების და შვილიშვილების მიმართ. დედაჩემი რაც წავიდა, მის მერე ეკას სახით ძალიან მზრუნველი ადამიანიც გამიჩნდა. ყოველ წამს ჩემს გვერდითაა... მისთვის მე ვარ ჩვეულებრივი დედა, როგორც ყველა ოჯახში. დედა –დედაა, რომელსაც ზოგი პატივს ცემს და ზოგი არა! ეკა ჩემს მიმართ სულ დიდი პატივისცემით არის.
ეკას ასევე არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვს ბიჭებთან. მეტისმეტად მეგობრული. როცა ჭირდებათ სულ მათ გვერდით არის. ყველა ერთად ვართ და დიდი სიყვარული აერთიანებს ჩვენს ოჯახს!

-  თქვენ მთელი ცხოვრება ძალიან გადატვირთული გრაფიკი გქონდათ... რამდენად ახერხებდით ბავშვი ბაღიდან გამოგეყვანათ, სკოლაში გეკონტროლებინათ...
-  მე როცა დატვირთული გრაფიკი მქონდა, დედაჩემს ყველაფერი თავის თავზე ჰქონდა აღებული! თუმცა უბავშვებოდ მე არასოდეს შემეძლო გაძლება! ზოდიაქოს მიხედვით კირჩხიბი ვარ და ოჯახი ჩემთვის უმთავრესია! ყველაფერი ოჯახში შემომქონდა! როცა საშუალება იყო, დედაჩემი და ბავშვები ყველა გასტროლებზე მყავდა წაყვანილი, მათ შორის ხშირად –პატარა ნატალია. ორი თვე –ივნისი და აგვისტო დედაჩემი გამოთიშული იყო საქმეებს და მქონდა მთლიანად ბავშვების მოვლა ჩემს თავზე აღებული. ენერგიაც მქონდა, დიდი სიყვარულიც და დიდი მოვალეობის გრძნობაც.

დაათვალიერეთ ნანი ბრეგვაძის სახლი

მანანა გაბრიჭიძე

22262
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```