თავის მოვლა, კვება... ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ მშობიარობის შემდეგ პერიოდზე - გინეკოლოგის რჩევები რა სახის რეკომენდაციები ეძლევა მელოგინე ქალს სამშობიაროდან გაწერის შემდეგ? რამდენად მნიშვნელოვანია ლოგინობის პერიოდში ექიმთან კონსულტაცია, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მელოგინე ქალს? ამ და სხვა საინტერესო თემაზე, რომელიც მშობიარობის შემდგომ პერიოდს ეხება, გვესაუბრება ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი - ლიკა ნადარეიშვილი.
- რა სახის რეკომენდაციები ეძლევა მელოგინე ქალს სამშობიაროდან გაწერის შემდეგ?
- პირველ რიგში, საჭიროა სრულფასოვანი კვება. ნუ იჩქარებთ დიეტის დაწყებას, სასურველ ფორმაში ნელ-ნელა ჩადგებით. ლოგინობის ხანის დამთავრების შემდეგ, 2თვეში, ქალს შეუძლია დაიწყოს ფიზიკური აქტივობა, ფორმაში ჩადგომა. აუცილებელია, რომ ყურადღება მიაქციოთ სისხლიან გამონადენს საშოდან, რომელიც 8 კვირის განმავლობაში შეიძლება იყოს, შემდეგ კი - აღარ. სასურველია მელოგინე ქალმა თავი შეიკავოს ძლიერი ფიზიკური აქტივობისგან. კატეგორიულად აკრძალულია სიმძიმის აწევა. რეკომენდებულია მსუბუქი, სუნთქვითი ვარჯიშები. ექიმის რეკომენდაციით საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ბანდაჟი. ლოგინობის ხანა გრძელდება 2 თვე - 8 კვირა.
- რა ჩივილები შეიძლება ჰქონდეს მელოგინე ქალს?
- ჩივილი ხშირ შემთხვევაში, ძუძუს წოვების დროს, არის ჭარბი რაოდენობის სისხლიანი გამონადენი საშოდან. ასევე ტკივილი მუცლის ქვედა არეში (ძუძუს წოვების დროს საშვილოსნოს შეკუმშვის გამო), ტკივილი მკერდში, ტემპერატურის მომატება. ყურადსაღებია შარდის შეკავება მშობიარობის შემდგომ 8 საათის განმავლობაში, ასევე დეფეკაციის ჩივილები. თუ პაციენტს არ აღენიშნება მოშარდვის სურვილი, არ აქვს კუჭის მოქმედება, აუცილებელია მიმართოს ექიმს. მშობიარობის შემდგომ მესამე დღეს მკერდში რძის რაოდენობა იწყებს მომატებას, ეს გახლავთ მასტიტის განვითარების დიდი რისკი, სწორედ ამიტომ მელოგინე ინფორმირებული უნდა იყოს ძუძუთი სწორი კვების შესახებ. სასურველია წყლის მიღების შემცირება 1,2-2 ლიტრამდე.
სწორად წარმართული ლოგინობის ხანა იძლევა საშუალებას თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა საშვილოსნოს ანთება - ენდომეტრიტი. მკერდის პრობლემებიდან უხშირესია - მასტიტი.
- როგორ უნდა იკვებებოდეს მელოგინე ქალი?
- მშობიარობის შემდეგ, პირველ თვეს სასურველია ქალი იკვებებოდეს შემდეგი პროდუქტებით: არაგაზირებული წყალი, შავი ჩაი, მაწონი, ყველი, პიურე, წყალზე მომზადებული ფაფა, მოხარშული ჭარხლის სალათი, მოთუშული ბოსტნეული, უცხიმო სუფები, მოხარშული თევზის ფილე, შემწვარი ვაშლი, დღეში 1 ცალი ბანანი. მშობიარობის მეორე თვე: კვერცხი, ოლადები, მურაბა, თაფლი, ნიგოზი, რძე 2,5%, კარაქი, დღეში 1 ლიტრი სითხე, ხოლო თუ რძისთვის არ გაქვთ საკმარისი რძე - 2,5 ლიტრი დღეში.
პროდუქტები, რომლებიც იკრძალება ლოგინობის ხანაში: ხილის ნატურალური წვენები, შოკოლადი, ყავა, რძე, ნამცხვარი, ცომეული, ხახვი, ნიორი, ბალი, ალუბალი, მარწყვი, მარილიანი პროდუქტები, შემწვარი და მოხრაკული კერძები, შებოლილი პროდუქტები, უმი ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი.
- რა აუცილებელ შემთხვევაში უნდა მიმართოს მელოგინემ ექიმს?
- მელოგინემ ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს, თუ აქვს ძლიერი სუნიანი, სისხლიანი გამონადენი საშოდან, ტემპერატურა 38 და მეტი, გამაგრებული მკერდი.
- სტატისტიკურად, მელოგინეთა დიდი ნაწილი განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას რაც ცხოვრების ახალ წესს, გადაღლას, სრულიად შეცვლილ დღის განრიგს უკავშირდება, რა რჩევებს აძლევთ ამ დროს მელოგინეებს?
- ამ დროს საჭიროა ოჯახის წევრებმა მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მელოგინე დედას. მისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება, აბაზანა, ძილი, მსუბუქი ვარჯიშები, დასვენება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რამდენად არის ქალი მომზადებული დედობისთვის. ორსულობის პერიოდში რეკომენდებულია მშობელთა სკოლაში სიარული, სადაც მომავლი დედა იღებს ძალიან ბევრ, საჭირო ინფორმაციას, ფსიქოლოგიურად ემზადება თავის პირმშოსთან შესახვედრად. ორსულთა სპეციალური ვარჯიშების დახმარებით კი უადვილდება მშობიარობის პროცესი.
- სამშობიაროდან გაწერიდან რამდენ ხანში არის რეკომენდირებული ვიზიტი გინეკოლოგთან? რა აუცილებელი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი მშობიარობის შემდეგ და რა ვადაში?
- მშობიარობიდან 6 კვირაში სასურველია, რომ ესტუმროთ გინეკოლოგს, რათა მიიღოთ ინფორმაცია მშობიარობის შემდეგ, ლოგინობის ხანაში თავის მოვლის, სქესობრივი ცხოვრების დაწყების, არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების და სხვა აქტუალური საკითხების თაობაზე. ასევე სასურველია ჩატარდეს კველევებიც, მაგ: ექოსკოპიური კვლევა, კოლპოსკოპია. შემდეგ კი წელიწადში ერთხელ სასურველია პროფილაქტიკური ვიზიტი გინეკოლოგთან/რეპროდუქტოლოგთან.
სალომე გორგოშიძე