რა უნდა გააკეთოს მშობიარემ, რომ ტკივილები შეუმსუბუქდეს და როდის უნდა მივიდეს აუცილებლად ექიმთან?
რა უნდა გააკეთოს მშობიარემ, რომ ტკივილები შეუმსუბუქდეს და როდის უნდა მივიდეს აუცილებლად ექიმთან?
ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი გამორჩეული და სათუთი პერიოდია. 9 თვის განმავლობაში ყოველი ახალი დღე სიახლითა და ცვლილებებით თენდება და ელოდები შენთვის ყველაზე მნიშნელოვანი ადამიანის დაბადებას. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორ გავატაროთ ფეხმძიმობა, რომ მშობიარობა გაგვიმარტივდეს, რა სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ, როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და შემდეგ ექიმს მშობიარობის სწორად წარმართვაში, კლინიკა ჯანმრთელობის სახლის მეან-გინეკოლოგ ზურაბ მურღულიას ვესაუბრეთ. ბატონმა ზურამ ისე მარტივად და დეტალურად გაგვიშიფრა პროცესები, ვისაც შიში ან ზედმეტი დაძაბულობა აქვს ამ თემების მიმართ, ინტერვიუს წაკითხვას ვურჩევ.

- როგორ უნდა
გაატაროს ქალმა ორსულობა, რომ მშობიარობა არ გაუჭირდეს?

- პირველ რიგში ორსულმა უნდა იცხოვროს ცხოვრების ჯანსაღი წესით - თავის დროზე დაიძინოს, გაიღვიძოს, ადგეს, იმოძრაოს. ამასთან ერთად, უნდა ეცადოს, იკვებოს ჯანმრთელი პროდუქტებით, რაც ჩვენს რელობაში საკმაოდ რთულია. ორსულობის პირველ ტრიმესტრში, უფრო ზუსტად, პირველი ტრიმესტრის პირველ კვირებში ხდება ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება - ორგანოგენეზი. ზოგადად, მთელი ორსულობის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით ამ დროს, ქალი უნდა მოერიდოს მავნე პროდუქტების მიღებას, მაგალითად, როგორიცაა ჩხირები, ჩიფსები და ა.შ. ორსულობის საწყის ეტაპზე, როდესაც უჯრედები მრავლდებიან და ქსოვილად უნდა გარდაიქმნან, ეს გენმოდიფიცირებული, ქიმიური დანამატებით დაბინძურებული პროდუქტები ცუდ ზეგავლენას ახდენენ მათზე, შესაძლოა, არასწორად წავიდეს განვითარების

პროცესი და ჩამოყალიბდეს ანომალია. გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ბოლო კვლევების თანახმად, ევროპაში ჰაერის დაბინძურებით პირველ ადგილზეა, ყველაფერს რომ გავექცეთ, ამ ატმოსფეროს ვერსად წაუვალთ, ამიტომ რამდენადაც შესაძლებელია, ქალი უნდა ეცადოს, იკვებოს ჯანსაღად და შეძლებისდაგვარად, იყოს სუფთა ჰაერზე.
ადრინდელი შეხედულების თანახმად, ქალს ორსულობისას წონაში მაქსიმუმ 10-12 კილოგრამი უნდა მოემატა, მას შემდეგ,  რაც დასავლური პრიორიტეტები შემოვიდა, ჭარბი წონა პრობლემად აღარ ითვლება, დასაშვებია, ორსულმა 10-12 კილოგრამზე მეტი მოიმატოს, მაგრამ რეალურად დიდი წონა ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, ირღვევა ჰორმონალური ბალანსიც და შესაძლოა, ამ ყველაფერმა მშობიარობაზე პრობლემა შექმნას... აქედან გამომდინარე, იმ საკითხის სრული იგნორირება, რომ ორსულმა ბევრი არ უნდა მოიმატოს, ჩემი აზრით, არ ღირს.

mshoblebi

- სიმპტომები, რომლებიც ორსულობაშივე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება, გართულებები მოჰყვეს მშობიარობას?

- ცილა შარდში, არტერიული წნევის მომატება, შეშუპებები. ადრე შეშუპებები პათოლოგიად ითვლებოდა, ახლა მთლად ასე არ არის, მაგრამ მაინც საყურადღებოა. ამ სიმპტომებს, სამშობიარო ტკივილები რომ დაემატება, შესაძლოა კრუნჩხვები განვითარდეს და ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. გარდა ამისა, მუცლის სწრაფი ზრდაც არ უნდა იქნას დატოვებული უყურადღებოდ. სანაყოფე ბუშტში წყლის რაოდენობა დაახლოებით ნახევარი ლიტრიდან ლიტრ-ნახევრამდე უნდა იყოს, შესაძლოა, წყალმა მომატება დაიწყოს და ორსულმა შეამჩნიოს, რომ სწრაფად ეზრდება მუცელი, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც ნაყოფზე, ასევე მშობიარობის პროცესზე. მრავალწყლიანობის დროს საშვილოსნო გადაჭიმულია, ამის გამო შეიძლება, მშობიარეს არ ჰქონდეს შესაბამისი ტკივილები, უფრო ზუსტად, ჰქონდეს ტკივილები, მაგრამ არ იყოს პროდუქტიული, გადაჭიმულობის გამო საშვილოსნოს კუნთი ვერ ავითარებდეს ისეთ ძალას, რომელიც ყელის გახსნას გამოიწვევს. ბევრს აქვს მცდარი წარმოდგენა მშობიარობის პროცესზე, რაც იმის ბრალია, რომ ჩვენთან ნაკლებად დადიან ორსულთა სკოლაში, ეს კულტურა ევროპაში უფრო აქვთ, აქ ნაკლებად აქცევენ ამას ყურადღებას, არადა ძალიან მნიშვნელოვანია. იქ სწავლობენ, რა პროცესებს გადის ორგანიზმი მშობიარობისას. ზოგადად რომ ვთქვათ, როდესაც ადამიანმა იცის სად მიდის და რაზე მიდის, უფრო მომზადებულია, ვიდრე უცბად რომ შეიყვან ოთახში და არ იცის, რა ან როგორ უნდა მოხდეს. ხშირად მშობიარეებს ჰგონიათ, როგორც ფილმებში ხდება ყველაფერი უცებ, ატკივდებათ მუცელი და სამშობიაროში მისვლისთანავე აჩენენ, რეალობაშიც ასეა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის, მშობიარობა ეს არის მრავალსაათიანი პროცესი. ყელის გახსნა პირველი მშობიარობისას უფრო ხანგრძლივია - 8-10 საათი, განმეორებითი მშობიარობის დროს კი 6-8 საათი გრძელდება. ყელის გახსნის შემდეგ მეორე ეტაპი ნაყოფის დაბადება იწყება, ამას კიდევ დრო სჭირდება, მით უმეტეს, თუ გაუტკივარებაა გაკეთებული, პროცესი კიდევ უფრო ხანგრძლივდება. ზემოხსენებულ სკოლაში, სადაც ცოლ-ქმარი ერთად უნდა დადიოდეს, ამ ყველაფერს სწავლობენ. შემდეგ უკვე მშობიარობისას ქმარი ეხმარება ქალს, რადგან თავადაც გათვითცნობიერებულია საკითხში, ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის დასწრებას. ისედაც, არაფერიც რომ არ იცოდეს, როცა ახლობელი ადამიანი გვერდით გყავს, ხიფათის და შიშის გრძნობა უფრო ნაკლებად გაქვს და გარკვეულწილად სიმშვიდეს გგვრის ეს ფაქტი, მაგრამ თუ იცის როგორ უნდა მოგეხმაროს, როგორ უნდა ისუნთქო, რა უნდა ქნა შეტევებს შორის ინტერვალისას, ეს ყველაფერი ბევრად უფრო აიოლებს პროცესს, არცოდნისას კი - რთულდება და შესაძლოა, გართულებების მიზეზიც გახდეს.


- ჩვენთან თუ არსებობს ეს სკოლები და თუ დადიან ქალები?

- კი, როგორ არა, ცალკე ჩამოყალიბებული რომ იყოს, ასე არაა, მაგრამ სხვადასხვა დაწესებულებაში ფუნქციონირებს. რაც შეეხება იმას, დადიან თუ არა, მაგაზე გეტყვით, რომ ჩვენთან მედიცინა „იცის“ ყველამ, ხშირ შემთხვევაში ექიმებზე კარგადაც (იღიმის). ამიტომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სპეციალურ სკოლებში სიარული სულ არ სჭირდება და თვითონაც კარგად იცის, რა და როგორ იქნება. ამ საკითხის პროპაგანდას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და შემდეგ უკვე მეტი ორსული გაივლის ამ სკოლას.


- რა უნდა იცოდეს მშობიარემ, რომელსაც ეს სკოლა არ აქვს გავლილი, რომ მშობიარობისას ხელი არ შეუშალოს ექიმს და გაიმარტივოს პროცესი?

- მშობიარობის აქტი შედგება სამი ეტაპისგან: 1. ტკივილების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის გახსნამდე 2. სრული გახსნიდან ნაყოფის დაბადებამდე და 3. პლაცენტის გამოძევება. პირველ პერიოდში, სანამ ყელის გახსნა მოხდება სრულად, თუ მშობიარეს გაუტკივარება არ აქვს გაკეთებული, უნდა იცოდეს, როგორ მოიქცეს ისე, რომ ტკივილი შეიმსუბუქოს. გაუტკივარების გარეშე წარმოუდგენელია, არ ეტკინოს, მაგრამ ზოგი ტკივილს მეტად იტანს, ზოგი ნაკლებად. ორსულმა ტკივილების დროს აუცილებლად უნდა გააკეთოს სუნთქვითი ვარჯიშები, უნდა ისუნთქოს ღრმად, პირველ რიგში იმისთვის, რომ უფრო იოლად გადაატაროს ეს ტკივილი და ასევე იმისთვის, რომ ჟანგბადი კარგად მიეწოდოს ნაყოფს, ამით ქალი საკუთარ თავსაც ეხმარება და ნაყოფსაც.ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პოზიციის დაკავებასაც, ზოგს ურჩევნია, წამოწოლილი იყოს ტკივილების დროს, ზოგი ფეხზე დგომას ამჯობინებს, სპეციალურ ბურთებზეც შეიძლება დაჯდეს ორსული, რაც დადებითად მოქმედებს დაა.შ.
მეორე პერიოდში ყურადღება უნდა მიაქციოს სუნთქვას. როცა ექიმი ეტყვის, უნდა გაიჭინთოს, როცა საჭირო იქნება უნდა ისუნთქოს და ეს ორი არ უნდა აურიოს ერთმანეთში, ერთს რომ ეუბნებიან და მეორეს აკეთებს, შეიძლება ზიანი მიადგეს ნაყოფს.
მესამე ეტაპი ქალზე ნაკლებადაა დამოკიდებული, ძირითადად პირველ ორ ეტაპს სჭირდება ეს უნარ-ჩვევები, რომ თავის თავსაც შეუწყოს ხელი და ნაყოფსაც არ მიაყენოს ზიანი.


- ალბათ არსებობს ორსულთათვის სპეციალური ვარჯიშები, ფიზიკური აქტვიობა, რაც მერე დადებითად მოქმედებს მშობიარობაზე?

- კი, როგორ არა. არსებობს დადგენილი და ჩამოყალიბებულია ვარჯიშები, რომლებიც სპეციალურად ორსულთათვისაა განკუთვნილი. ძველი მიდგომით რეკომენდებული ჰაერზე სეირნობაც ძალიან კარგია. ორსულისთვის მჯდომარე სამსახური მაინცდამაინც მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ვისაც აქვს ასეთი სამუშაო, ჯობია დიდი ხნით არ იჯდეს, გარკვეული დროის შემდეგ ადგეს, გაიარ-გამოიაროს, შეიცვალოს პოზიცია და შემდეგ გააგრძელოს საქმე.


მშობიარობის შემდეგ პირველი ორი თვე ეს არ უნდა გააკეთოთ!

- გაუტკივარებაზე მინდა გკითხოთ, რა დადებითი და უარყოფითი ფაქტორები ახლავს თან გაუტკივარებას?

- სამშობიარო ტკივილები არის ორი ტიპის - კოორდინებული და დისკოორდინირებული. კოორდინებული, უხეშად რომ ვთქვათ, „წესიერი“ ტკივილი, უნდა დაიწყოს ფუძისი ერთ-ერთი კუთხიდან, უნდა ჩამოვიდეს ტანში და ბოლოს ქვემო სეგმენტში... თუ ტკივილები „წესიერად“ ვითარდება, ეს არის წინაპირობა იმისა, რომ საშვილოსნოს ყელი კარგად გაიხსნება და ნაყოფის გამოდევნა ნორმალურად მოხდება. ამ დროს, როგორც წესი, მშობიარეს ისეთი აუტანელი ტკივილები არ აქვს, როგორც „უწესო“ ტკვილების დროს. დისკოორდინებული ტკივილის დროს ტკივილი შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ იმის გამო, რომ „არათანმიმდევრულად“ იკუმშება საშვილოსნო, შედეგი შეიძლება არ მოგვცეს, ანუ არ მოხდეს ყელის გახსნა. ამასთან, დისკოორდინებული შეკუმშვების დროს ნაყოფს ჟანგბადი სათანადოდ არ მიეწოდებადა თავის დროზე თუ არ დაამთავრე ყველაფერი, შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მივიდეს ნაყოფიც და დედაც. საშვილოსნოს ყელის გახსნა იწყება მაშინ, როცა ქალს აქვს რეგულარული ტკივილები, ანუ ტკივილთა შორის ინტერვალი არის ერთნაირი, დროთა განმავლობაში კი მცირდება და ტკივილები ძლიერდება.
გაუტკივარება ანუ პერიდურული ანესთეზია ზემოხსენებულ ტკივილებსხსნის, მაგრამ ეს უნდა ჩატარდეს მაღალკვალიფიციური ანესთეზიოლოგის მიერ. ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ორგანიზმში, უნდა გაკეთდეს კონკრეტულ ზონაში სწორი რაოდენობით, რადგან მას ტკივილის შეგრძნების გაქრობასთან ერთად, შეუძლია მოტორიკის დათრგუნვა, ანუ შეიძლება შეკუმშვები, იგივე ტკივილები შეამციროს, ასეთ დროს კი მცირდება სამშობიარო მოქმედება, შეიძლება ყელი არ გაიხსნას ან თუ გაიხსნა და იმშობიარა ქალმა, მერე შეიძლება, საშვილოსნო არ შეიკუმშოს, ამას მოჰყვეს სისხლდენა და სხვა მრავალი გართულება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს უნდა გაკეთდეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მიერ სწორ ადგილას და სწორი რაოდენობით. კვლევები აჩვენებს, რომ პერიდურული ანესთეზია მეტნაკლებად, მაგრამ მაინც იწვევს მშობიარობის პროცესის გახანგრძლივებას. თუმცა, თუ გაუტკივარება გაკეთდა კარგად, ის ერთგვარი ხელისშემწყობი ფაქტორი ხდება მშობიარობის ნორმალურ ვითარებაში წარსამართად. როდესაც ქალი ტკივილს არ გრძნობს, არ აქვს დისკომფროტი, დისკოორდინეირებული, ე.წ. „მოუწესერიგებელიც“ ტკივილებიც რომ ჰქონდეს, ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ, მშვიდმა ვითარებამ ეს სიტუაციაა შეიძლება „დაალაგოს“.


- ხშირია შემთხვევა, როცა წელის ტკივილს უჩივიან გაუტკივარების შემდეგ, ეს რისგანაა გამოწვეული და ნამდვილად გაუტკივარებას ბრალია, თუ შეიძლება სხვა პრობელმასთან გვქონდეს საქმე?

- ეს ჩემი კომპეტენცია არაა და შეიძლება მაინცდამაინც კვალიფიციური არ ვიყო, მაგრამ წელის ტკივილს იწვევს მალთა შორის დისკის ანთება, რაც გაუტკივარების გაკეთების დროს შეიძლება,  განვითარდეს. ამას უჩიოდნენ ხოლმე სპინალური ანესთეზიის დროს,მაგრამ ეს ადრე იყო, როდესაც ნემსები, რომლითაც ანესთეზია კეთდებოდა, იყო ძალიან მსხვილი. ახლა იმდენად წვრილია, პრაქტიკულად ასეთ წელის ტკივილს აღარ იწვევს, მაგრამ აბსოლუტური ამ ქვეყანაზე არაფერი არსებობს ღემრთის გარდა, ამიტომ გამორიცხული არაფერია, მაგრამ პროცენტულად რომ განვსაზღვროთ, მაჩვენებელი ძალიან დაბალი იქნება.


როგორ უნდა დაძლიოთ მშობიარობის შიში და რა მოჰყვება მას - ეს ფობია ბევრ ნამშობიარევ ქალსაც აწუხებს

- გარდა გეგმიური ვიზიტებისა, ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რა სიმპტომების დროს უნდა მივიდეს ორსული ექიმთან, როცა სამშობიარო ტკივილები არ აქვს?

- ძალინ მიყვარს ძველი და ახალი მიდგომების შედარება. მაგალითად, ადრე, ორსული 40 კვირის რომ შესრულდებოდა, გადავიდოდა 41-ე, 42-ე კვირაში, მაინც არ მიდიოდა ექიმთან, სანამ ტკივილები არ დაეწყებოდა, 42-ე კვირის შემდეგ კი ხდებოდა ხელოვნურად ტკვილების აღძვრა და მშობიარობა. ახლა ახალი გაიდლაინებით ასეა: 40 კვირის რომ გახდება ორსული, თავისუფლად შეიძლება დაიცადოს, მაგრამ 41-ე კვირას ერთი დღე თუ გადასცდა, მერე უკვე უნდა დაიწყო ხელოვნურად ტკივილების აღძვრის პროცესი.


- გარდა ამისა, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივიდეს ექიმთან ქალი, რომელიც მშობიარობის დაწყების მოლოდინშია?

- ძალიან ბევრი ფაქტორია ასეთი. საერთოდ რომ ავცდეთ სამშობიარო პერიოდს, შეიძლება ისეთი რაღაც მოხდეს, რომ აუცილებელი გახდეს სტაციონარში მისვლა. მაგალითად, შეიძლება მოიწამლოს, დაემართოს ცხელება, ინფექციური დაავადება დაა.შ... მაგრამ ახლა უშუალოდ მშობიარობის ჭრილში განვიხილოთ. თუ ორსული შეამჩნევს, რომ წყალი დაღვარა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს ექიმს. ადრე ქალი წყალს რომ დაღვრიდა, აუცილებლად უნდა მისულიყო სამშობიაროში და იქ დალოდებოდა მშობიარობის დაწყებას და ეს მოლოდინი შეიძლება, გაგრძელებულიყო რამდენიმე დღე. ახლა კი, თუ მშობიარე წყალს ღვრის, უნდა მივიდეს ექიმთან, მაგრამ შესაძლებელია გაუშვან სახლში და უთხრან, რომ ტკივილების დაწყების შემდეგ მოვიდეს სამშობიაროში.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ასე იქნება ეს საკითხი:
თუ ქალს დაეწყო რეგულარული ტკივილები, ხომთავისთავად უნდა მივიდეს ექიმთან. თუ სანაყოფე სითხე დაღვარა და არ სტკივა, აუცილებელი კი არ არის ექიმთან მისვლა, მაგრამ მაინც ჯობია, მივიდეს, გასინჯონ და ნახონ რა სიტუაციაა, ვიდრე არ მივიდეს და რაღაც გართულება მოჰყვეს ამ ამბავს. გარდა ამისა, თუ სისხლიანი გამონადენი ექნა, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მივიდეს კლინიკაში. თუ არც გამონადენი აქვს, არც არაფერი, მაგრამ ვთქვათ, ფეხი დაუცდა და წაიქცა, მაშინაც აუცილებლად უნდა გაესინჯოსსპეციალისტს. ასევე უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ნაყოფის მოძრაობის კლება ან მატება. ხომ შეიძლება ორსულმა იცოდეს რამდენად ინტენსიურად მოძრაობს ნაყოფი მუცელში? თუ შეამჩნია, რომ ნაყოფმა მოუხშირა, ან პირიქით შეამცირა მოძრაობა, აუცილებლად უნდამივიდეს ექიმთან, რომ ნახონ ნაყოფის მდგომარეობა. ასეთ დროს შეიძლება გამოიპაროს ნაყოფის ჰიპოქსიის მომენტი და თუ დროულად არ მოხდა ჩარევა, შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ნაყოფი როცა ჟანგბადის უკმარისობას განიცდის, მაშინ ხდება აქტივობის მომატება ან პირიქთ დაკლება, ეს არის ირიბი ნიშანი ამისა და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.ასეთ დროს, ორსულმა ექოსკოპიაც რომ არ გაიკეთოს, გულისცემა მაინც უნდა მოასმენინოს. თუ ყველაფერი თავის ფარგლებშია, კარგად ისმის გულისცემა, მკაფიო ტონებია, გამოუშვებენ, თუ ცვლილებებია, უნდა მოხდეს ღრმა კვლევა და ამის მიხედვით მოქმედება. ასეთ საკითხებს ყურადღება თუ არ მიაქცია ორსულმა და დარჩა სახლში, შეიძლება სავალალო შედეგამდე მივიდეს.

ციცი ომანიძე

5453
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```