"ასეთი პრეცედენტი საქართველოშიც გვქონია, ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ იყო ქალბატონი..." თავის დროზე ქეით მიდლტონის "მშობიარობის სასწაულმა" მსოფლიო აალაპარაკა. ხალხი დღემდე ბჭობს, როგორ მოახერხა პრინცესამ მშობიარობიდან რამდენიმე სააათში ქუჩაში ბავშვით ხელში გამოსულიყო და ასეთ შესანიშნავ ფორმაში, სრულიად დაწყნარებულს და ხალისიანს საჯარო ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა. ამ საოცრების მიზეზად მშობიარობის ახლებული მეთოდი - ჰიპნომშობიარობა დასახელდა, რომელსაც რა ხანია, ცნობილი ადამიანები ირჩევენ, მაგალითად, ანჯელინა ჯოლი, ჟიზელ ბუნდჰენი. ამ მეთოდით მშობიარეები ბოლომდე მშვიდები და დასვენებულები არიან (იხილეთ სტატია კეიტ მიდლტონის საიდუმლო ამოხსნილია).
მუშაობს თუ არა ჰიპნომშობიარობის მეთოდი საქართველოში? ამის შესახებ გინეკოლოგ ზაზა სინაურიძეს გავესაუბრეთ.
- ჰიპნომშობიარობა მოიცავს ორ ასპექტს. მთავარი არის პაციენტის ფსიქოლოგიური მომზადება, ჰიპნოზამდე მიჰყავთ... პირველი მშობიარობისას ანესთეზია 90 პროცენტს სჭირდება. განმეორებითი მშობიარობის დროს ხან ჭირდება მშობიარეს, ხან - არა. მესამე მშობიარობისას თითქმის აღარავის ჭირდება. ამ ანესთეზიის სპეციალისტები საქართველოში ნაკლებად არიან, თუმცა პირადად მე ორი თანამშრომელი გოგო მყავს, რომლებსაც ავსტრიაში და გერმანიაში აქვთ ნასწავლი.
ჩვენთან სამშობიაროში 60 პროცენტი უცხოელი მშობიარეა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან განსხვავდებიან ქართველებისგან.
უცხოელები კარგად მომზადებულები არიან და მათი მიყვანა ჰიპნომშობიარობამდე ფსიქოლოგიურად ძალიან ადვილია. ქართველებიდან ოცი წლის გოგოები მოდიან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა არის მშობიარობა და ყველაფერი ძალიან რთულია...
ჰიპნომშობიარობაზე უამრავი მასალაა, ორსულობის მე-15-ე კვირიდან იწყება მომზადება და კვირაში ერთხელ ტარდება. ფსიქოლოგიურად ამუშავებენ და ძალიან მშვიდად არიან ორსულები...
ჩვენთან ჰიპნომშობიარობა ძალიან რთულად დაინერგება, რადგან ქართველი ქალბატონები მზად არ არიან. დღეს მოვიდა ერთი ორსული და მითხრა, გინდა თუ არა აუცილებლად მოვკვდები მშობიარობის დროსო და ვუმტკიცებდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოკვდებით-მეთქი. ასეთი განწყობა რომ გექნება, ცხადია, კარგად ვერ იმშობიარებ!
სამწუხაროდ, ძალიან დიდი როლია ოჯახის და სკოლის, გოგონები რომ მოუმზადებლები არიან... საზღვარგარეთ სკოლიდან იწყება მომზადება, თუ რა გადაიტანოს ქალმა, დედა რომ გახდეს. აქ კი გოგონას სახლში არავინ ამზადებს დედობისთვის, რომ თხოვდება, იქაც იგივეა და ასე მოუმზადებლად რომ მოვა, განწყობა აქვს, რომ ვერაფრით გადარჩება... ამიტომაც ვერ დავნერგავთ ჰიპნომშობარობას საქართველოში, თორემ ტექნიკურად მზად ვართ. ქეით მიდლტონი აქაც რომ ჩამოფრენილიყო და მოეთხოვა, იგივეს ჩვენც გავუკეთებდით.
ჰიპნომშობიარობა მშობიარობის კი არა, უფრო გაუტკივარების მეთოდია... აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ არის ამის დანერგვის საქართველოში, მთავარია, პაციენტის მომზადება. ჩვენ ახლა ზუსტად მაგაზე ვმუშაობთ! სამედიცინო თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, სოციალური თვალსაზრისით უნდა იყოს ქალი მზად. სპეციალური ხელსაწყოთი ხდება გაუტკივარება, თან ქალს სიარულიც კი შეუძლია. დაახლოებით 15 წელია მსოფლიოში იყენებენ...
- მიდლტონის შემთხვევაში ისიც გაუკვირდათ, რამდენიმე საათში რომ ასეთ შესანიშნავ ფორმაში იყო... - თქვენც რომ იმშობიაროთ მესამედ, თქვენც ჩვეულებრივად ადგებით ფეხზე ორ საათში და თავს კარგად იგრძნობთ. დღესაც სამი საათის წინ ვამშობიარე ქალბატონი და ახლახანს ჩემს კაბინეტში იყო შემოსული... ასევეა მეორე შვილზე მშობიარობაც. განმეორებითი მშობიარობა არანაირი პრობლემა არ არის განსაკუთრებით თუ გაუტკივრობის მეთოდია გამოყენებული. ორ საათში ყველა დადგება ფეხზე.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორ საათში პაციენტს სახლში უშვებენ. მთელ მსოფლიოში პროტოკოლის მიხედვით, მშობიარობის შემდეგ ქალი 24 საათი სამშობიაროში უნდა იყოს. აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა გასაოცარი. ორ საათში ხალხთან თუ გამოვიდა ქეით მიდლტონი, ასეთი პრეცედენტი საქართველოშიც გვქონია, ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ იყო ქალბატონი. ძალიან ცნობილი ქალბატონია, ამას მიგანიშნებთ... ჩვეულებრივი მასმედიური აჟიოტაჟი იყო ქეით მიდლტონის შემთხვევა და სხვა არაფერი.
- ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით, სპეციალური გამოცდილება სჭირდება. ანესთეზიოლოგები გვყავს, მაგრამ სხვა კუთხით არიან დახელოვნებული. მეანობაში არ გამოუყენებიათ, რადგან მოთხოვნა არ ყოფილა... ჩვენს ანესთეზიოლოგებთან ერთად ვისაუბრეთ, მაგრამ პაციენტმა არ იცის ამ მეთოდის შესახებ, მოთხოვნა არ არის და პერსპექტივა დანერგვის ჯერერობით არ არის, სამომავლოდ ვნახოთ. მოთხოვნა იყოს და ხვალაც გავაკეთებთ...
მანანა გაბრიჭიძე