"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო - მშობლები

"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

2018-11-16 06:00:18+04:00

"ჩემი ჯილდო შენი მეუღლის გადარჩენაა და როგორ ფიქრობ, ახლა მე ფულზე დავხურდავდებიო?!"

„თექვსმეტი ვარდისფერი ვარდი, ანუ გმადლობთ სიცოცხლისათვის“

ერთი ბეწო მაჯაზე საგულდაგულოდ შეუბამთ პატარა, მომწვანო მუშამბის ნაჭერი, რომელზეც გაკრული ხელით წაუწერიათ: ქალი – წონა 3-600, სიგრძე – 52. კარისქალს ვარდისფერი ვარდები და ბარათი შემოაქვს. გოგონა თექვსმეტში დაიბადა. "ეს თექვსმეტი ვარდი"... – კითხულობს ახალგაზრდა ქალი და ვარდებს მექანიკურად ითვლის.

– აქ რომ ათი ვარდია?! – უფრო თავის თავს ეკითხება, ვიდრე კარისქალს.

– უი, მეგონა, არ დაითვლიდი, გოგოებს ისე მოგვეწონა ეს ლამაზი ვარდები...

– არა უშავს, – იქით "დაამშვიდა" და მიხვდა, როგორ აუწვა თვალი ცრემლმა.

თავის ვარდისფერლოყება ნამცეცა გოგოს დახედა და ვარდისფერი ვარდები მომცრო მაგიდაზე დააწყო.

როგორ უნდოდა თექვსმეტი ყოფილიყო...

ერთხანს ხან პატარას დასცქეროდა და ხან – ვარდებს, ხან კიდევ სიყვარულით სავსე წერილს.

პალატის ექთანი შემოვიდა და აღტაცებულმა წამოიძახა: – წითელი ვარდები კი მინახავს ასე გრძელფეხება, მაგრამ ვარდისფერი არაო.

– წაიღეთ, პალატაში მაინც არ შეიძლება ყვავილები, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა. ახლა ძალიან უნდოდა, ამ "ნაკლული" ვარდების გარეშე დარჩენა!

ისევ წამოდგომა სცადა. არ გამოუვიდა. სუსტად იყო, სიცხეც მაღალი ჰქონდა. მისმა ექიმმა, გამოცდილმა, თბილისში იმდროისთვის ერთ-ერთმა საუკეთესომ, წინასწარ აყვანილმა და შესაფერისად დაჯილდოებულმა, სიცხე მკერდს დააბრალა და არც გასინჯა. არადა, მშვენივრად იცოდა, როგორ მოევლო მკერდისთვის. თავის ახლობელ ბებიაქალსაც ვერაფერი უთხრა. ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს. სიცხე ხან იკლებდა, ხან იმატებდა.

მხოლოდ მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე დღეს გამოწერეს.

ძლივს ჩალასლასდა მიმღებში. ბავშვი ექთანს მიჰყავდა.

საბუთების გაფორმებისას გული წაუვიდა. მოაბრუნეს... არავის უფიქრია, გულწასული ზემოთ აეყვანათ და გაესინჯათ.

ალბათ მალე გამივლისო და დამშვიდებული ჩაჯდა მანქანაში.

...ბედნიერ მამას ვარდისფერ მაქმანებში გახვეული ქალიშვილი დიდი სიფრთხილით მიჰყავს.

დიდი ოჯახი სიხარულით და გაშლილი სუფრით შეხვდა მეორე შვილიშვილის შემობრძანებას. პირველი ვაჟი ჰყავდათ, 8 წლის ლაშა. ყველაზე ძალიან სალომე ბებოს უხაროდა პატარა სალომეს დაბადება.

მოსკოვიდან ძმამ მიულოცა ტელეფონით. ძლივს აიღო ყურმილი. ერთხანს თითქოს გახალისდა, როცა მამა და ბიძა ტელეფონის ყურმილზე "უჭახუნებდნენ" შამპანურის ბოკალს.

საწოლზე ნებიერად მიწოლილ პატარას მშვიდად ეძინა. წყალს გადავივლებ და მერე ვაჭმევო, გაიფიქრა და სააბაზანოში შევიდა. უფრო სწორად, კარის მოხურვა ვერ მოასწრო, რომ იგრძნო, კოკისპირულივით წამოსული სისხლი...

სამშობიაროში სისხლისგან თითქმის დაცლილი მიაბრუნეს.
შუაღამეზე აღვიძებენ გამოცდილ ექიმს დავით ქორიძეს. სადარბაზოსთან ხვდება იგი შეშფოთებულ ახლობლებს.

მთელ თავის გამოცდილებას ცრემლებსაც უმატებს მორიგე ექიმი დოდო გველესიანი, ეშინია, ხელში არ ჩამაკვდეს ეს საცოდავი გოგოო.

მთელი ღამე მისი მაჯა უჭირავს ხელში ანესთეზიოლოგ მარინა ჯაშს, მედდას ლელა ვასაძეს.

იქ, ქვემოთ, მომცრო ოთახში, მკლავგაწვდილი დგანან ახლობლები და მეგობრები. მოწყალების დას ფრთხილად შემოაქვს ახალაღებული, სიცოცხლის ტოლფასი სისხლი.

სიკვდილთან პირველი შებრძოლება დამთავრდა. ოპერაცია, რომელიც უეჭველად უნდა გაკეთებულიყო, დროებით გადაიდო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალის დასუსტებული სხეული ვერ გადაიტანდა.

alt"საქართველოში არსებობს მშობიარობის უმტკივნეულო და იაფი საშუალება, მაგრამ ექიმები მალავენ ამ მეთოდს " - აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე ქალბატონებს აფრთხილებს

დაიწყო წინასაოპერაციო მოსამზადებელი პერიოდი... მაგრამ... კვლავ სისხლისდენა.

ამჯერად მორიგე თემურ არაბიძეა, ახალგაზრდა ექიმი.

– ჩართეთ საოპერაციო!

"ასე გამწარებით ალბათ ძმა თუ იყვირებდა ჩემი", – რატომღაც ფიქრობს უმწეო ქალი.

საოპერაციო მესამე სართულზეა, ავადმყოფი – პირველზე. ბედის დაცინვა – ლიფტი არ მუშაობს!

საკაცის მოტანას არ დალოდებია, ახალგაზრდა ქალი ხელში აყვანილი მიჰყავს თემურ არაბიძეს. ექთანს წვეთოვანი უჭირავს ორივე ხელით და სირბილით მიჰყვება.

...ეს იყო ურთულესი და ამავე დროს უჩვეულო ოპერაცია, რომელიც ექვს საათს გრძელდებოდა. მეორედ გაიხსნა თექვსმეტნაკერიანი ჭრილობა. მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა ცნობილმა დასტაქარმა თენგიზ მესხმა, რათა ერთდროულად გაეკეთებინა ორი ურთულესი ოპერაცია – გინეკოლოგისა და ანგიოლოგის.

ასევე მთელ თავის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამომჟღავნება დასჭირდა გამოცდილ ანესთეზიოლოგს პავლე ოდიშარიას, დასუსტებული გულისთვის რომ ძალა შთაებერა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ოთხჯერ შეწყდა გულისცემა, ხოლო ოპერაციის შემდეგ სამსაათ-ნახევარს უგონოდ იყო.

არასოდეს სჯეროდა "ხილვების", იმქვეყნიური დიიიდი მწვანე მინდვრის და... ეტყობა, რამდენჯერაც გული გაუჩერდა, იმდენჯერ "ეწვია" სხვა სამყაროს. თუმცა, ერთხელ ისიც დაინახა (ზემოდან, საოპერაციო სარკიდან დაჰყურებდა), როგორი განწირული იწვა საოპერაციო მაგიდაზე და როგორ დასტრიალებდნენ თავს თეთრხალათიანები... მაგრამ ერთი იმ "ხილვათაგანი" დღესაც მისხალ-მისხალ ახსოვს (მომიტევეთ, მისტიკა ყოველთვის მაშინებდა და ახლა თქვენც გაშინებთ).

აი, მისი "მისტიკაც":

უთეთრეს მომცრო ოთახში, თეთრ, განიერ ორ ასევე თეთრ ბალიშიან საწოლზე პატიმარივით წევს. გაოგნებულია იმით, რომ ოთახს კარი არა აქვს. თავს ზემოთ ერთადერთი, მომცრო ფანჯარა შენიშნა, უფრო სარკმელი, თან... გისოსებიანი. მოულოდნელად, ამ გისოსებში ახალგაზრდა, ულვაშიანი, ლამაზი მამაკაცის თავი გამოჩნდა. მისკენ იყურებოდა ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით და ისეთი ბედნიერი უღიმოდა, დაიბნა და უნებლიეთ თვითონაც გაუღიმა. გაუღიმა და ის ლამაზი მამაკაცი მის გვერდით აღმოჩნდა, საწოლზე. "ვაიმე, ახლა რომ ჩემი ქმარი შემოვიდეს, რას იფიქრებს?" – უსიამოვნოდ გაიფიქრა და დამფრთხალი თეთრ, ცივ კედელს მიეკრა. ამ დროს ოთახში მისი ქმარი შემოვიდა, უფრო სწორად, "გაჩნდა" (ოთახს ხომ კარი არ ჰქონდა!) და ის ლამაზი, ულვაშიანი მოღიმარი ახალგაზრდა მამაკაციც გაქრა! (მოგვიანებით იმასაც ეტყვიან, რომ ახალგაზრდა ქალს სიკვდილი ახალგაზრდა მამაკაცის სახით ევლინება!)...

alt"მე დღეს პირველად დავესწარი მშობიარობას... საღვარღვარებელი რამეა," - ქართველი სტუდენტ-გინეკოლოგის ემოციური ჩანაწერი

ჰო, სად ვიყავით?

ოპერაციის მეშვიდე დღეს ისევ სისხლდენა! კვლავ მკვლავგაწვდილი ახლობლების შემზარავი რიგი. მალე ამ რიგს სრულიად უცნობებიც შეუერთდნენ.

მერე იყო რეანიმაციის რამდენიმე კოშმარული დღე და გადარჩენის იმედი.

და რაოდენ წარმოუდგენელიც უნდა იყოს – კიდევ ერთი სისხლდენა.

წინა დღით პალატის ექთანს "გამოუტყდა", რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა, რომ თუ ისევ სისხლდენა დაეწყებოდა, ხმას არ ამოიღებდა და... ისიც დაისვენებდა და ამდენ ხალხსაც "დაასვენებდა". ჰოდა, თურმე გამუდმებით ადევნებდნენ თვალს. ამიტომ არ დააცადეს "მშვიდად სიკვდილი".

ამჯერად მხსნელი კვლავ დავით ქორიძე აღმოჩნდა.

უზარმაზარი, გაჩახჩახებული საოპერაციო დარბაზი, უამრავი თეთრხალათიანი.

– სისხლი! ჩქარა! – ეს დავით ქორიძის ხმაა, მბრძანებლური, ყოვლისმომცველი.

თითქოს ხმას მოჰყვაო, მორიგე მედდას ნანა გოგიაშვილს საკუთარი სისხლით სავსე ბოთლი უჭირავს ხელში. სისწრაფეში ვენა გაშიშვლებული დარჩენია და თეთრი ხალათის სახელო ალისფრად შეღებვია.

– ახლა მეუღლეს უღებენ სისხლს, ახლავე იმასაც მოიტანენ, სხვებიც მოვიდნენ სისხლის ასაღებად, – ექიმს ამშვიდებდა და თვითონ კი შიში ჩასდგომოდა ცრემლიან თვალებში.

ამასობაში იმ ნაცნობ, სისხლის "ჩასაბარებელ" ოთახში კვლავ მკლავგაწვდილთა რიგი დგება. იფიქრებთ, ალბათ, საავადმყოფოს რატომ არ ჰქონდა გადასასხმელი სისხლიო. ჰქონდა, სისხლის გადასხმის ინსტიტუტიდანაც მოიტანეს, მაგრამ როგორც კი დაკონსერვებულ სისხლს უსხამდნენ, ავადმყოფი გონებას კარგავდა.

ისევ ექვსაათიანი ხელჩართული ბრძოლა სიკვდილთან.

ისევ იმძლავრა სიცოცხლემ.

წნევის საზომმა აპარატმა პაციენტიდან ექიმზე გადაინაცვლა. მედდას სასწრაფოდ შემოაქვს წყალი და წამალი. სტენოკარდიული შეტევა გადაიტანა მისმა რჩეულმა დათო ექიმმა. კარდიოლოგიური კლინიკიდან დაბრუნებული პირველად მის პალატაში შევიდა.

...ხომ დაუჯერებელია, მაგრამ ამის შემდეგაც გახდა საჭირო მკლავგაწვდილთა კიდევ ერთი რიგი. ახალი, სავარაუდო ოპერაცისთის სამზადისი...

თავისი სიტყვის თქმა სახელგანთქმულ პროფესორს, გინეკოლოგ ონკოლოგს ლევან ჩარკვიანსაც დასჭირდა. მძიმე, უნარკოზო პროცედურების შემდეგ დადგინდა, რომ ახალგაზრდა, მანამდე ჯანმრთელმა ორგანიზმმა სძლია სიკვდილს!

ახლა სტატისტიკოსის ნებისყოფა მოვიშველიოთ და ჩამოვთვალოთ, ვინ გაიღო სისხლი მეუღლის და მამამთილის გარდა: თემურ სალიაშვილი, თამაზ ბარათაშვილი, დათო აბუაშვილი, რეზო ღარიბაშვილი, ნანა გოგიაშვილი (ორ-ორჯერ მოუწია თითოეულს), ზაალ ქიქოძე, ალბერტ კახნიაშვილი, ელდარ ნადირაძე, თენგიზ წერეთელი, ლილი ეგნატაშვილი, მირა პერეპელიცინა, თამარ გეოღჩოღლიანი, ქეთევან ტურაშვილი, ჯუმბერ იორდანიშვილი... მაგრამ ეს მგონი კიდევ არ არის სრული სია...

ზრდასრულ ადამიანს 5 ლიტრი სისხლი აქვს სულ. ვარდისფერლოყება პატარა სალომეს დედას კი სხვადასხვა დროს 8 ლიტრზე მეტი გადაუსხეს.

ახლა რამდენი ადამიანი იყო "რეზერვში", რამდენს უბრალოდ სხვა ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა ან კიდევ სისხლის აღებისას წაუვიდა გული.

მძიმე წუთებში ახლობელთა გვერდით იდგა ახალგაზრდა ქალის თითქმის ყველა თანამშრომელიც და როცა პროფესორმა ლევან ჩრკვიანმა ავადმყოფის ჭირისუფალი (დიახ, სწორედ ჭირისუფალი!) გამოიძახა, მის მეუღლეს პირველი გაჰყვა ნიკა ცხაკაია, მაშინდელი საკავშირო ჰოლდინგური კომპანია "სამთო ქიმიის" პრეზიდენტი.

– სამედიცინო პრაქტიკაში იშვიათ მოვლენასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა პროფესორმა, – და სასიხარულოა, რომ ამდენ გაუთვალისწინებელ უსიამოვნო მოულოდნელობას ერთობლივად ვძლიეთ, ახალგაზრდა ქალს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ. რას ვიზამთ, ექიმებიც ვუშვებთ შეცდომებს. იმ ჩვენს ცნობილ ექიმს, მშობიარობის დროს დაშვებული შეცდომა რომ დროზე შეემჩნია (მომყოლის ნაწილის დარჩენა!), ეს ახალგაზრდა ქალი ალბათ მესამე შვილსაც აჩუქებდა თავის შეყვარებულ მეუღლეს.

...კარისქალს ამჯერად მხოლოდ ბარათი მოაქვს. სახატავი რვეულის ფურცელზე, ახალდახატული მზისა და ფერადი ყვავილების ქვემოთ "ოკრობოკროდ" დაწერილი: "დედა, როგორ ხარ. პატარა სალომეზე არ იდარდო, კარგად ვუვლით. როცა გამოხვალ, "ზა რულიომ" მიყიდე".

ეს 8 წლის ლაშაა, უფროსი ბიჭი, დედა მონატრებია, თუმცა დედის ნახვაზე არანაკლებ ცინცხალი სათამაშო რომ გაახარებს.

...მაგიდაზე დიდხანს იდო თეთრი, ქათქათა კონვერტები, უკან მობრუნებული ასმანეთიანებით.

– ჩემი ჯილდო შენი მეუღლის გადარჩენაა და როგორ ფიქრობ, ახლა მე ფულზე დავხურდავდებიო?! – წყენა ვერ დაფარა დათო ქორიძემ თეთრი კონვერტის დანახვისას, რომელშიც რამდენიმე ასმანეთიანი იდო. ასე გაიმეორეს სხვებმაც...

ვარდისფერლოყება, შავთვალება გოგო უკვე ერთი წლისაა და როგორც ყველა მისი ტოლი, მეასედ გვიჩვენებს უკვე კარგა ხნის მორჩენილ კოპს და კისკისებს, კისკისებს დაუსრულებლად.
დავით ქორიძე
სალომე დღეს სამი ვაჟის დედაა
ჰო, სალომეს "ძიძაც" ჰყავს. მშვენიერი ნანა ქრისტესიაშვილი, დედიკოს მეგობარი, რომელიც კარგა ხანს თავის თამრიკოსთან ერთად აწოვებდა ძუძუს.

მკითხველი, ალბათ მიხვდა, რომ ეს ამბავი ამ სტრიქონების ავტორს გადახდა თავს და რომ ეს სტრიქონები სამადლობელია უამრავი ადამიანისადმი, რომელთა სახელებიც ახლა გაგაცანით. სამადლობელია იმათიც, რომელთა შესახებ არაფერი გვითქვამს. ზოგიერთი მათგანი კი სრულიად უცნობი იყო და მათი არც სახელი უკითხავს ვინმეს, ისე იყვნენ დაბნეულები განსაცდელისგან.

უცნობი იყო ის ახალგაზრდა მამაკაცები, რომელთაგან ერთმა ძნელად საშოვნელი წამალი მოიტანა საკუთარი სახლიდან ყოველგვარი საფასურის გარეშე; მეორემ კი ყური მოჰკრა ერთ-ერთი ახლობლის სიტყვებს, კონიაკი უნდა მოვიტანო, ექიმმა გვითხრა, კოვზით დაალევინეთ მოსაღონიერებლადო და სახლიდან ფრანგული კონიაკი მოარბენინა –"ნაპოლეონი", მოსკოვიდან შარშან ჩამოვიტანე რამდენიმე ბოთლი. ეს ერთიღა დავიტოვე "სადღესასწაულო" შემთხვევისთვისო... "ჩაშკამაც" კი, ებრაელმა მიხეილ ჯანაშვილმა, რომელიც უშოვნელი წამლებით ამარაგებდა მთელ საქართველოს, მართლა უშოვნელ და უძვირეს ანტიბიოტიკში (ერთი ამპულა 100-150 მანეთი ღირდა!), ათ ამპულაში მხოლოდ 500 მანეთი გადაახდევინა სამთოქიმიელებს, რომლებიც მორიგეობით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სამშობიაროში. უცნობი იყო ასობით ადამიანი, მთელი ორი გრძელი თვის განმავლობაში თავიანთი ახლობლების სანახავად მოსულნი ჩემს ამბავსაც რომ კითხულობდნენ და ნუგეშს იძლეოდნენ.
mshoblebi
ელენე სალარიძე ოჯახთან ერთად
და, რაღა თქმა უნდა, საცოდავი დედაჩემი, აკანკალებული რომ დამტრიალებდა თავს და რომ მივხვდი, შეიძლება ვეღარც გადაეტანა ჩემი "თავმდგმურობა", ნათო დეიდა "მოვითხოვე", რომელიც დედასგან განსხვავებით, ღიმილით მამხნევებდა და ცრემლსაც ოსტატურად მიმალავდა.

...და ეს სამადლობელიც ერთი წლის შემდეგ იმიტომ დაიწერა, რომ უსაშველოდ მძიმე იყო ყველაფრის კიდევ ერთხელ გახსენება.

თურმე რამდენი სიკეთე შეგვძლებია ადამიანებს. თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი.

გმადლობთ, უსაზღვროდ გმადლობთ ამ სიყვარულისთვის.

და კიდევ:

გმადლობთ სიცოცხლისათვის!..

თქვენი ელენე (ელიკო) სალარიძე-შოშიტაშვილი
ჰოლდინგული კომპანია "სამთო ქიმიის" პრეზიდენტის თანაშემწე, საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრი (ჰო, არსებობდა ასეთი კავშირი მაშინ)

„ეს სამადლობელი წერილი-მოთხრობა ამ 33 წლის წინ გამოქვეყნდა მაშინდელ გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“. დღეს კი ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობი ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის – „ისტორიანის“ – სტილისტ-რედაქტორი ვარ...“

პოსტსკრიპტუმის მაგიერ:

alt საქართველოში პირველი მშობიარე გადაურჩა " პლაცენტა პერკრეტას" სასიკვდილო დიაგნოზს: "მსგავსი ოპერაცია მსოფლიო მედიცინაში აღწერილი არ არის"

ჩემი სალომე ახლა უკვე დიდი გოგოა. სამი ვაჟკაცის – 13 წლის ანდრიას,

8 წლის რეზისა და 6 წლის დათას დედაა. ახლა ნიუ იორკის გარეუბანში მუშაობს და იმის იმედი მაძლებინებს, რომ მალე დამიბრუნდება...

ამ ტკივილიანი გახსენებით (რომელსაც ხშირად საკუთარ თავსაც ვუმალავ) დაბადების დღეს ვულოცავ... არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბევრჯერ უკითხავთ ჩემთვის, – რომ გცოდნოდა, ამდენ ტანჯვას გადაიტანდი, მაინც გააჩენდი მეორე შვილსო?

ცრემლი მომრევია ხოლმე...

მაინც გავაჩენდი!..

ჰო, შენ ჩემი ტკივილი და სიხარული ხარ, დე...

დაბადების დღეს გილოცავ...

P.P.S. ჰო, ერთი ახალგაზრდა ექიმი ქალის სიტყვებმა გამახსენა თავი, მორიგი რეანიმაციიდან პალატაში შემოყვანილს რომ მითხრა: "ხომ ამდენი ტკივილი გადაიტანე, მაგრამ მაინც ძალიან ბედნიერი მგონიხარ. რომ ვხედავ, როგორ უყვარხარ შენს მეუღლეს, რომელსაც მთელი სამშობიარო "ჩვენს კონსულტანტს" ეძახის, როგორი ვარდისფერლოყება ლამაზი გოგო გყავს, რამდენი ადამიანი დაგტრიალებს თავს სიყვარულით, რომ ვიცოდე, მეც ასეთი სიყვარულის ღირსი გავხდებოდი, სიამოვნებით გაგიცვლიდი ადგილსო".

მისი სიტყვები არავისთვის მითქვამს, ჩემს თავსაც ვერ ვუმხელდი. მაგრამ მართალს ამბობდა: გმადლობ, ნოდარ, რომ ის უმძიმესი ორი თვე ჩემთან ერთად გადაიტანე, ჩემზე მეტადაც კი ინერვიულე... შენ ხომ რამდენჯერმე ისიც გითხრეს, ამ ღამეს ვერ გადაიტანსო. იმედი კი წამითაც არ დაგიკარგავს...

ერთად მივულოცოთ ჩვენს ლამაზ გოგოს დაბადების დღე... ბედნიერი იყოს მთელი ცხოვრება...

***და კიდევ: იმ უამრავი ადამიანიდან, რომელთაც ჩემი სიცოცხლისთვის იბრძოლეს, რომელთა სისხლსაც ჩემს ძარღვებში ვგრძნობ, ბევრი ცოცხალი აღარ არის. უფალო, სასუფეველი დაუმკვიდრე მათ სულს და შემაძლებინე მათი სიკეთისა და სიყვარულის დაფასება. გადახდა კი მართლა წარმოუდგენელია...