ზექიე დავითაძე ხულოს რაიონის სოფელ ღორჯომში დაიბადა. 13 წლის ასაკში უცნობმა ბიჭმა მოიტაცა. იძულებით დარჩა. სამი წელი იცხოვრა და მაინც უკან დაბრუნდა. მალევე გაათხოვეს შუახევის რაიონის მაღალმთიან სოფელ ნაღვარევში. მისთვის არც ამჯერად უკითხავთ. გადაწყვეტილება მშობლებმა მიიღეს. "რომ შეხდებით ახლა და ეს გვინდა, ის გვინდა, ამფერი დრო არ იყო. დედ-მამა ვერ გაგათხუებთ, თქვენებურა ეთხუებით. კაც ვინ დაგანახვებდა, ვინცხას მიგცემდენ, ის იყო შენი.
ამ სოფლიდან დედა მყავდა და ვიარებოდი. დიმინახეს, ამომირჩიეს და გამომათხოვეს. თექსმეტი წლის ვიყავ, რომ გავთხოვდი. ჩემი ქმარი უფროსი იყო. პატარა ქორწილი გვქონდა. 9-10 კაცი და 5-6 ქალი იყო. მუსიკა და ცეკვა გვქონდა. მაგერ რომ არი ახლა გადაღება-გადმოღება, მაგფერი არ იყო".
სოფლის ცხოვრება ბევრ გარჯას მოითხოვდა. სწავლის დრო არ ჰქონდათ. მაშინ სკოლა ოთხკლასიანი იყო. სწავლის გაგრძელება ფუფუნებას უდრიდა.
"გაჭირვება იყო, ფარა გინდოდა, ჰად იყო მაგის საშუალება, რომ წავსულიყავით და გვესწავლა. 4 კლასი რომ დავამთავრე, პაწაი ვიყავ, რა ვიცოდი, მინდოდა სწავლა თუ არა. ბარსამი (ბევრი) რამე გინდა, მარა ყველას ვერ ხდები შენაც".
ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ საოჯახო სამუშაოებში ჩაერთო. მას შემდეგ ასე ცხოვრობს. ამბობს, რომ იზნიანი (ნიჭიერი) იყო და ყველაფერს მარტივად იმახსოვრებდა. ამიტომ ორი შვილის გაჩენის შემდეგ, 20-21 წლის ასაკში ბებიაქალობა ისწავლა და ახლომდებარე სოფლებში დადიოდა.
"ლამაზად ვამშობიარებდი. ვინმე არ დიმიშავებია. რომ აკრძალეს, მოვდენ, მითხრეს, აღარ ქნაო. ხელი არ მომიწერია. არ შემშინებია. ვუთხარ, თუ დაჭირდებიან, კიდევ დევეხმარები-მეთქი. მე აქ ზეგანში (მაღალმთიანში) ვცხოვრობ, ქალებ დახმარება სჭირდებიან, ხომ არ მივატოვებდი?!
რომ არ ყავს, იმასაც ვუწამლებ და ეყოლება. რომ მშობიარობს, იმასაც დევეხმარები. რამდენჯერ ზამთარში ამოვდენ, დიდი თოვლი მოვდა, დეემწყრენ (ჩაიკეტნენ) ქალები, მე დევეხმარე მშობიარობაში".
მის ხელში ასი ბავშვი გაჩნდა. ამაყობს, რომ არცერთი მშობიარე და ჩვილი არც დაუშავებია და მითუმეტეს, არც ხელში ჩაკვდომია. ბებიაქალობა მაზლის ცოლისგან ისწავლა. კარგი სპეციალისტი იყო და მეც "გამომასპეციალისტაო". თავადაც ასწავლიდა ყველას, ვისაც სურვილი ჰქონდა. მელოგინე ქალებს თავად უვლიდა. თუ დრო ჰქონდა, 7-8 დღით მათთან რჩებოდა. აჭმევდა, ურეცხავდა და მკურნალობდა. თუ ძალიან ეჩქარებოდა, ოჯახის წევრებს დაუბარებდა, როგორ უნდა მოევლოთ და იმასაც უმატებდა - "თუ რაფერც მე გითხარ, ისე არ მუუარ, ცოდვაც თქვენი იყოს".
მშობიარე ქალის მოვლა დიდი მადლია და გასამრჯელოს არასდროს ვითხოვდიო. ვისაც რა ჰქონდა, იმით უხდიდა მადლობას.
"იმ დუნიას (იმ ქვეყანას) მისასლელი ვართ, ამ დუნიას (ამ ქვეყანას) არვინ არ დავრჩებით. ორასი წელი რომ იცოცხლო, ბოლო-ბოლო მიწა არი. იქ არვინ აღარ დეგეხმარება, შენი კეთილი საქმის გარდა".