ორსულობასა თუ მშობიარობასთან დაკავშირებული მოგონებები მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიგვყვება. რა თქმა უნდა, ვერასდროს დავივიწყებთ იმას, რამაც ცხოვრების უდიდესი სიხარული გვაჩუქა, თუმცა ქალისთვის ეს საკმაოდ რთული პერიოდია და დავიდარაბის გარეშეც ხშირად ვერ ჩაივლის ხოლმე.
ეს პოსტი იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა დედამ, მაია ტურაბელიძემ ქალიშვილის დაბადების დღეს მიუძღვნა და გაიხსენა, როგორ ჩაიარა მშობიარობის შემდგომმა რთულმა წუთებმა ხმაურიანი და ზედმეტად ემოციური ნათესავების გარემოცვაში:
"24 იანვარს სამ დაბადების დღეს აღნიშნავს ჩვენი ოჯახი ერთდროულად: ჩემი ძმის, მისი ქალიშვილი ნანოსი და ჩემის ქალიშვილი ჯულიასი (ასე დაემთხვა რატომღაც).
მე, როგორც იცით, იტალიაში ვიმშობიარე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს დედას ამ დროს, ამიტომ რამდენიმე თვით ადრე დედიკო ჩამოვიყვანეთ საქართველოდან, თავზე რომ დამდგომოდა და ცოტა ყურადღება მაინც მოექცია ჩემთვის. უფროს ბავშვზე მშობიარობის დროსაც მყავდა ჩამოყვანილი. მაშინ პირველი შვილიშვილი იბადებოდა და დიდ ფაციფუცში იყვნენ ირგვლივმყოფები. დედამთილი და მამამთილი ყველანაირად ცდილობდნენ მაქსიმალური ყურადღება მოექციათ ჩემთვის.
უნდა გითხრათ, რომ მე საკეისრო ჩარევით მამშობიარეს. ოპერაციის შემდეგ, პალატაში რომ გადმომიყვანეს, ჯერ კიდევ ვიყავი ანესთეზიის ქვეშ - ვერც თვალებს ვახელდი, ვერც ხელებს ვანძრევდი, ვერც ვლაპარაკობდი ანუ ამ მხრივ ნერვული სისტემა გათიშული მქონდა, მხოლოდ ვაზროვნებდი და ყველაფერი მესმოდა. მუცლის არეში საშინელ ტკივილებს ვგრძნობდი, მაგრამ რეაგირების თავი არაფერზე არ მქონდა. უფრო მეტიც, მეგონა, ოპერაციის დროს ვარ გაღვიძებული და ექიმები ცოცხლად მჭრიან-მეთქი. თუმცა მალე მივხვდი, რომ ბავშვი დაბადებული იყო და პალატაშიც ვიყავი გადმოყვანილი. ამის მიხვედრა, რა თქმა უნდა, არ გამჭირვებია: კარგად მესმოდა, ხელებით და ფეხებით როგორ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს დედაჩემი და ჩემი დედამთილი, როგორ უხაროდათ პირველი შვილიშვილი და როგორ ემოციებით გამოხატავდნენ ამ სიხარულს. მესმოდა, როგორ ავალებდნენ ჩემს ქმარს, წადი, ვინმე ექიმი მოიყვანე, მაია რატომ არ იღვიძებს ამდენ ხანსო. მე კი გონებაში ვლაპარაკობ და ყვირილი მინდება, ხალხო, მღვიძავს და ყველაფერი მესმის თქვენი. დაანებეთ ენცოს თავი, ნუ აძალებთ ექიმის მოყვანას-მეთქი; მაგრამ ვერ ვახერხებდი, მოძრაობის უნარი არ მქონდა, პირს ვერ ვაღებდი. ასე ვიტანჯებოდი მათ ხმაურსა და აყალმაყალში, რომ უცებ, ვიგრძენი, როგორ ასწია ხელში ჩემმა მამამთილმა კათეტერის პაკეტი, სახესთან მიიტანა და ცოლს დაუძახა:
- რომანა, მოდი, შეხედე ამას, გამოცვლა ხომ არაა საჭირო?!
მივარდა რომანა, გამოართვა, გადაამოწმა, ჯერ არაო, თქვა და გაუშვა ხელი.
პაკეტი ძირს დავარდა... მე არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, თითქოს რაღაც ნაწილი ცოცხლად მოეკვეთათ... ამ დროს ვიღაცამ სახეში ხელებიც მომიტყაპუნა, გაიღვიძე, რამდენ ხანს გძინავსო, და ლოგინზე ჩამოჯდა, რამაც ჭრილობა მტკივნეულად დამქაჩა...
გონებაში ვყვირი, არ მძინავს, თქვენი (გინება მინდოდა)! ყველაფერი მესმის და ვგრძნობ, მაწუხებთ ძალიან და თუ დავდექი ფეხზე, გიჩვენებთ სეირს-მეთქი. თითქოს ესეც არ იყო საკმარისი, აიღო დედაჩემმა მობილური და დარეკა საქართველოში.
- გოგოა, ლამაზი გოგო! სამკილონახევარია, ანა დაარქვეს! - იყვირა ისე, თითქოს ტელეფონის გარეშე ეძახდა ვიღაცას ქუთაისში.
მოკლედ, მოიყვანა ენცომ ექიმი, რომელმაც დამხედა, გამოიანგარიშა დრო და თქვა:
- მოიცათ, ხალხო, ჯერ ეს ადამიანი ანესთეზიის ქვეშაა. აცადეთ გამოსვლა, რა გეჩქარებათ?!
ძლივს დაწყნარდნენ ჩემი გულშემატკივრები. რომ გამოვედი მდგომარეობიდან, მომიყვანეს ჩემი შვილი ანა - უფროსი გოგო. კი დავტკბი მისი სილამაზითა და სინაზით, მაგრამ არასდროს დამვიწყებია ის ფსიქოლოგიური ტრავმა, ოპერაციის შემდეგ რომ მივიღე ოჯახის წევრებისგან, თუმცა აჭარბებო, მეუბნებიან, მაგრამ მე ასე განვიცადე, და! დიდი ხნის შემდეგ გახსენებაც კი იგივე ტკივილს იწვევს ჩემში (ახლაც).
მეორე ბავშვზე მშობიარობისას (თითქმის ორი წლის შემდეგ), აღარ მოვინდომე ვინმეს შემოყვანა პალატაში. მხოლოდ ჩემი ქმარი და დედაჩემი მინდოდა გვერდით. ისიც, მკაცრად მყავდა ორივე გაფრთხილებული, რომ არ უნდა შევეწუხებინე რომელიმეს, ფეხის წვერებზე უნდა ევლოთ და კრინტიც არ უნდა დაეძრათ, რადგანაც ასეთ დროს სიწყნარეს დიდი და დადებითი მნიშვნელობა აქვს პაციენტისთვის.
ისევ გამიკეთეს საკეისრო, შემომიყვანეს პალატაში, ისევ საშინელი ტკივილები, ელემენტარული მოძრაობის უნარები წართმეული... მხოლოდ გონება მუშაობს და ყველაფერი მესმის. ენცო და დედაჩემი გატრუნულები ზიან, არ უნდათ მავნონ, თანაც ჩემი მომავალი რისხვის ეშინიათ...
გავიდა ცოტა დრო. გამაყუჩებლების ეფექტის ქვეშ ვარ და ნელ-ნელა ჩაძინებას ვაპირებ. იცით, ამ დროს დაძინება რამდენად მნიშვნელოვანია... სიჩუმეა. დავხუჭე თვალები...
დედაჩემს ალბათ, აღარ ეყო მოთმინება... და მესმის:
- გოგოა, გოგო, ლამაზი გოგო! სამკილონახევარია!..
24 იანვარია. ქუთაისში, სუფრას შემომსხდარნი აღნიშნავენ დათოს და ნანოს დაბადების დღეს. ამ დროს, მაიას მხრიდანაც ელოდებიან ამბავს. რეკავს დედაჩემი და ტელეფონზე პასუხობს ჩემი აწგარდაცვლილი ბებია ჟუჟუნა, რომელიც მე ძალიან მიყვარდა, დედასავით იყო ჩემთვის. ბებიას ბოლო წლებში ყურს დააკლდა, რამაც დედაჩემის მხრიდან უფრო ხმამაღალი საუბარი და ფრაზების განმეორება გამოიწვია, თანაც ხშირად, ქართველებს ჰგონიათ, რომ რადგან სხვა ქვეყანაში ელაპარაკები ვინმეს, ხმას უნდა აუწიო, თითქოს ტელეფონის გარეშე ლაპარაკობდე.
ერთი სიტყვით, დედა იძახის:
- გოგოა, გოგო!
ბებია: - გოგოა? ჰაჰაჰაჰა (იცინის), კარგია! რა დაარქვით სახელი?
ყველა უსმენს ბებიას საუბარს, მასზე არიან დამოკიდებულები ამბის გაგებაში.
დედა: - ჯულია დავარქვით, ჯულია!
და ბებიას ესმის: - დუნია?
სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა ქუთაისში... გაოცებულმა სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს - ეს სახელი, დუნია, საიდან მოაფიქრდათო?!
დედა: - დუნია, კი არა, ჯულია, ჯულია!
ბებიამ მაინც მონახა ამ სახელის დადებითი მხარე და ყვირის: - უი, რა კარგია! დუნია მიყვარს მე, ახლაგაზრდობაში პლასტინკას ვუკრავდით დუნიაზე!
ყველა გაოცებული და პირდაღებული ისმენდა ბებიას საუბარს.
დედა: - დია, დუნია კი არა, ჯულია, ჯულია, ჯულიეტა, ჯულიეტა ვაშაყმაძე!..
ბებია: - ჯულიეტა ვაშაყმაძე? ააა, ჯულია...
ჯულია დაურქმევიათო, გადასძახა სხვებს; და სუნთქვაშეკრულმა სტუმრებმაც შვებით ამოისუნთქეს.
აი, ასეთი ისტორია ჰქონდა ჯულიას სახელს, რომელსაც დღემდე დიდი ხალისით იგონებენ ოჯახში. მე კი დედაჩემს შევპირდი, მესამედ თუ ვიმშობიარე, შენ აღარ ჩამოგიყვან იტალიაში-მეთქი."