ცნობილი მწერალი, მარიამ წიკლაური საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან ამაღელვებელ მოგონებას გვიზიარებს და ამით ულოცავს ქალიშვილს დაბადების დღეს.
"1990 წელია, გაგანია ეროვნული მოძრაობა, ფორმალები-არაფორმალები, მოწამლულები-მოუწამლავები, ბალახსმოვძოვთოღონდთავისუფლებასვეღირსოთამბები. ცხოვრება ამ სასწაულის მოლოდინშიც მაინც ცხოვრებაა, ზოგი ბავშვსაც კი ელოდება აგერ ჩემსავით. ის კი მაქვს მოყოლილი, დედა რომ გავხდი. 22 ნოემბერია 1988 წლის ნოემბრის შიმშილობების პიკი და მე აგერ, ჩაჩავაში ვწევარ ნაჭამ-ნასვამ-მანიფაფანაყლაპი და თბილ ლოგინში და სამმეტრიანჭერიან და ცხენიროგაჭენდება პალატაში და არც მცივა, არც მშია. ვწევარ და ვტირი: მე რა ღირსი ვიქნები თავისუფალ საქართველოში ცხოვრების, აგერ ხალხი ცივ ასფალტზე წევს და შიმშილობს სამშობლოსთვის და მე კი, აგერ გამოჭიმული ვარ ნიკელის საწოლში და მოვთქვამ, მაპატიეთ ხალხო, მაპატიე ჩემო სამშობლოვ... პალატაში ხელმოწერებს აგროვებდა ანიკო ლოლაძე, ექიმი, მერე ერთადერთი შვილი რომ დაკარგა აფხაზეთში, სოლიდარობა მოშიმშილწეებსო და რა თქმა უნდა, ერთის ნაცვლად ორივე გვარი მოვაწერე, ჩემიც, ქმრისაც, და მზად ვიყავი , დედამთილისაც მიმეწერა ზედ და კიდევ მამიდაშვილების, მაგრამ არაო, ანიკომ, ჩვენ მართალ საქმეს ვემსახურებით და ყველაფერში სიმართლე და პატიოსნება უნდა დავიცვათო. ასე იყო თუ ისე, მერე ამ ნომბერს, 9 აპრილი რომ მოჰყვა, მაშინაც შინ ვიჯექი და ნინუკას რძით ვტიკნიდი, ვერაფერში გამოვადექი იმ კარგ ხალხს. მერე იყო და აგერ ანანო უნდა გამეჩინა 90-ის ივნისში და იმდენად ყველაფერი ეროვნულ ტალღაზე იყო მომართული, ჩემმა ქმარმა ეს ამბავი რომ შეიტყო, იმის მერე კუდში დამდევდა, იქნებ 26-ში გააჩინოო, მიდი, რა იქნებ გაარტყაო ოცდაექვსსო. მეც ფეხმძიმე ტყუილად ხომ არ მერქვა, დავდიოდი მძიმედ და დინჯად ვპასუხობდი, მაცალე ადამიანო, ოღონდ ჯანმრთელი გაჩნდეს და იყოს ეს ივნისი, ნუ შემიკალი ხელში-თქო. გადიოდა თვეები, ახლოვდებოდა 26 მაისი და უმატა და უმატა ჩემმა ქმარმა ეროვნულ მოწოდებებს, მიდი, რა, იქნებ 26-ში გააჩინოო. ვახ! გათენდა 26 და ვახ, დამეწყო ტკივილები და გავქანდით სამშობიროში. გზაში დარწმუნებული ვიყავი ბავშვი ქართული დროშით ხელში გამოვიდოდა და "შავლეგოსც" შემოსძახებდა. აი, რა შეუძლია იდეოლოგიას, თურმე. პალატაში გადაგვიყვანეს თუ არა, თავზე ჟურნალისტი დამადგა, გაზეთ "მამულს" გადაეწყვიტა ყველა, ვინც 26 მაისს გაჩნდებოდა , "გაზეთში გაეწერა". ჰოდა, გაგვწერეს, კიდეც მიულოცეს და აუწყეს მთელ საქართველოს, რომ 26 მაისს დაიბადნენ ეს, ეს, ეს და ანა ძიძიგური, მდედრობითი, წონა 2.900, სიგრძე 49 სმ, დედა - მარიამ წიკლური, მამა - ლევან ძიძიგური, თითქოს დიდი საქმე ჩავიდინეთ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ეს გაზეთი კიდევ, არ ვიცი რანაირად, აღმოჩნდა შორეულ ცურვაში გასულ ერთ-ერთ ტანკერზე, რომლის კაპიტანმა, ბიძაჩემმა, კუბის სანაპიროსთან შეიტყო დისშვილიშვილის დაბადება "მამულიდან"... ხოდა, გვილოცავდნენ ხმელეთიდან , ზღვიდან ოკეანიდან, აღმოსავლეტ თუ დასავლეთ ნახევარსფეროებიდან, მთიდან, ქალაქებიდან, სოფლებიდან და ციდანაც ალბათ ჩვენი მფარველი ანგელოზები. და ვიყავით ბედნიერები ჩვენც, რა გვენაღვლებოდა... გავჩნდით, ხუმრობა საქმე ხომ არ იყო და ისიც 26 მაისს!" - წერს მარიამ წიკლაური.