უნდა დაესწროს თუ არა მეუღლე ცოლის მშობიარობას, ჯერჯერობით ამაზე არ არსებობს ერთი აზრი, რადგან მამაკაცების ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსხვავებულია ამ დროს. მეან-გინეკოლოგები ხშირად ერიდებიან მშობიარობის დროს ქმრის დასწრებას, რადგან წინასწარ არავინ იცის, როგორ წარიმართება მშობიარობა და შესაძლო გართულებების დროს, განსაკუთრებულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა და შეიძლება ამ დროს, მისმა პანიკამ მედპერსონალს ხელიც კი შეუშალოს გადაწყვეტილებების მიღებაში.
ეს ფოტო კი, მშობიარობისას შვილის დასწრებას ასახავს და 2018 წლის, მშობიარობის საუკეთესო ფოტოებშია შესული. ამერიკელმა ფოტოგრაფმა მარაიკა თოენმა, როგორც საუკეთესო ფოტოს ავტორმა 2018 წელს მეორედ მოიპოვა გლობალური პრიზი, საუკეთესო „დაბადების“ ფოტოსთვის.
წყალში მშობიარობის იშვიათი ფოტოებიდან, ეს ფოტო ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი აღმოჩნდა. პატარა დაიკო ელოდება, როდის ამოიყვანს ექიმი წყლიდან მის დას ან ძმას.
სურათს სოციალურ ქსელში არაერგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა:
„ძალიან ჩვეულებრივია. 5 წლის იქნება გოგო და ალბათ ამაზე საოცრება არაფერია. წარმომიდგენია, როგორ ეყვარება ძმა“. „სწორი რატომ არ არის? წყალში შვილის გაჩენა არის შედარებით ადვილი, გაუტკივარებით ხომ საერთოდ უმტკივნეულო. თუ შვილი დედის კივილს და წივილის არ უსმენს და უშუალოდ დაბადების მომენტის მერე შეიყვანეს, რა მოხდა?“ „ჩემი აზრით, საზიზღრობაა, იმიტომ, რომ დედის სასქესო ორგანოს არ უნდა უყურებდეს შვილი, როგორ იწელება და გამოდის ბავშვი, არააა ლამაზი სანახავი. ეს ერთგვარ შიშს ჩაუნერგავს, მითუმეტეს კივილის და ჭინთვების მოსმენა...“ „ძალიან ლამაზი ფოტოა. ჩემი აზრით, არ არის პრობლემა. არ ვიცი, ფსიქოლოგის აზრი საინტერესო იქნებოდა. არაფერ შუაშია, მაგრამ გარდაცვლილზე გვითხრა ფსიქოლოგმა, ანახეთ აუცილებლადო ბავშვს და არ დაუმალოთო, ჰოდა, არ ვიცი...“ „რა უაზრობაა. ბავშვი კი არა ქმრებიც, რომ ესწრებიან, ეგეც მეზედმეტება, მაგრამ დღეს ესეთი ტენდენციაა, ძაან „პრადვინუტები“ ესწრებიან. ბავშვისთვის კი არა, კაცისთვისაა ეს მძიმე შოკი.“ „ორი ბავშვი გავაჩინე და არასდროს მქონია სურვილი, დასწრებოდა მეუღლე. გარეთ იდგეს და ინერვიულოს, მაგრამ ესთეტიური არ არის. არც ყველა კაცის ნერვებია ერთნაირი. ვიცი ერთი-ორი შემთხვევა, ცუდად გახდნენ კი არა, ზიზღი დარჩათ საშინელი. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. შევიდნენ და დაესწრონ ისინი, ვინც თვლის, რომ მზადაა ამისთვის ემოციურად. რამდენი კაციცაა, იმდენი აზრია. მე არ მომწონს.“ „პატარაობაში ვუყურე შემთხვევით, როგორ აჩენდა ქალი ბავშვს და ცოტა ხანში დედაჩემს ვუთხარი, რომ გავთხოვდები, ბავშვი შენ გააჩინე-თქო.“
ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე ამბობს, რომ ბავშვები სხვადასხვა ასაკში განსხვავებულად აღიქვამენ რეალობას:
„ჩვენს ფსიქიკაზე ყველაზე დიდი გავლენა აქვს ფაქტებს, რომლებიც პიკურ ემოციებს იწვევენ, თავად მოვლენა, ემოციური კომპონენტის გამოკლებით ვერ და არ ახდენს ჩვენზე გავლენას.
რაც შეეხება კონკრეტულ ფოტოს, აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უფროსი ბავშვის ასაკი, სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად აღიქვამენ რეალობას, მაგრამ მიუხედავად ამისა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის გააზრებისთვის ბავშვს არ ეყოფა არც გონებრივი არც ემოციური რესურსი.
შესაბამისად რა გავლენას იქონიებს მასზე და სამომავლოდ როგორ აისახება ცხოვრებაზე, რთულია ამის თქმა და პროგნოზირება.
მაგრამ ემოციური შოკი ნამდვილად იქნება სახეზე, რომელიც შედეგებს მერე გამოიღებს.
ალბათ შეიძლება იმის თქმაც, რომ ბავშვი პროცესის თანაზიარობით ერთგვარ ჩართულობას გრძნობს, თუმცა ვერ გადაწონის იმ სავარაუდო ზიანს რომლის წინაშეც დგება მისი ფსიქიკა.“ - ამბობს ფსიქოლოგი.
ნინო გიგიშვილი
"რა გახდა ერთი ადამიანური გაჭინთვა, ასე ძნელია?"- ქმრების 7 რეპლიკა ცოლის მშობიარობაზე დასწრებისას