ვთვლი, რომ კომპლექსებისგან თავისუფალი ვარ და ნაკლებად მაინტერესებს ნაცნობების, მეზობლების, ნათესავების და სხვათა აზრი ჩემი გარეგნობის, თმის ფერის, ჩაცმის სტილის, წონის და ა.შ. შესახებ. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც ეს ადარდებთ და გულს სტკენთ.
განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ახალ ნამშობიარებ ქალებზე. მიუხედავად დიდი სიხარულის მოლოდინისა, ორსულობა დიდი სტრესია ორგანიზმისთვის. რაც თავისებურ კვალს ტოვებს ქალის ფსიქოლოგიურ მგდომარეობზე. ამას ემატება სამშობიარო სტრესი, ტკივილები, მშობიარობის შემდეგი სირთულეები, ზოგჯერ დეპრესიაც. ყველაფერი ერთდროულად გატყდება თავს, უძილო ღამეები, მუცლის და წელის ტკივილი, საკეისროს შემთხვევაში ჭრილობის ტკივილი, დასიებული ფეხები, დახეთქილი ძუძუს თავები და ა.შ აღარ გავაგრძელებ. რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ ქალების უმეტესობა გადის ამ სირთულეებს...
ხშირად ღამის 2-3 ზე, ზოგჯერ გამთენიის 5-6 დგები, არ გინდა მაგრამ მაინც გიწევს ჭამა, რომ პატარას რძე ქონდეს, ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც შეიძლება შენს ახალშობილს აჩუქო. ამას პლუს, საშვილოსნო ისევ "გაწელილი" გაქვს, სხვა ორგანოები ჯერ კიდევ "შოკში" არიან, ვერ გაარკვიეს რა მოხდა მათ თავს... და ამ დროს გხვდება შენი ნაცნობი და გეუბნება, "ორსულობაში ჭამის მეტს არაფერს აკეთებდი?", "ვაიმე, რამხელა მუცელი დაგრჩენია", "როგორ გასუქებულხარ", "იმედია დაიკლებ", "ისევ ორსულად ხომ არ ხარ?", "აუ, მე რომ სამშობიაროდან გამოვედი, მუცელი ფიცარივით მქონდა", და ა.შ. გვაცალეთ ბატონო, გვაცალეთ...
მე ასეთ კომენტარებზე მართლა მეღიმება, მაგრამ არიან დედები, რომლებიც განიცდიან მსგავს კომენტარებს და უარყოფითად მოქმედებს მათ განწყობაზე, ხასიათზე. ამიტომ გეხვეწებით, ასეთ კითხვებს ნუ დაუსვამთ 3-4, ან თუნდაც ერთი წლის ნამშობიარებ ქალებს.
თქვენი მონა-მორჩილი +20 კილო ქალი.
მერი ბლიაძე