ირაკლი ბერაძემ სამედიცინო განათლება თბილისში მიიღო, სხვადასხვა ქვეყანაში აიმაღლა კვალიფიკაცია, დააგროვა გამოცდილება და წარმატებული კარიერის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნდა, თუმცა დღემდე აქტიურად აქვს მიმოსვლა, ესწრება სიმპოზიუმებს, ვითარდება და მუდმივად სიახლეების ძიებაშია. ბატონ ირკალის გინეკოლოგიაში მუშაობის 30-წლიანი სტაჟი აქვს, ამ პერიოდში სხვა დიდ წარმატებებთან ერთად გახდა „საშვილოსნოს ყელის პათოლოგიიის საერთაშორისო ფონდის“ დირექტორი, გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის კონტრაქტორი, კოლპოსკოპიური კვლევისა და კრიოდესტრუქციის ფუძემდებელი, ფლობს საერთაშორისო სერთიფიკატს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიასა და ციტოლოგიაში, გახლავთ საერთაშორისო გაიდლაინებზე მომუშავე ექიმ-ექსპერთა ჯგუფის წევრიც. ამჟამად კი ბატონი ირაკლი დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკაში იღებს პაციენტებს. მასთან საუბარში ბერვი საინტერესო ფაქტი შევიტყვეთ.
- რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, რა მინდოდა, გამოვსულიყავი. გამზარდა ბებიამ, რომელიც გინეკოლოგი იყო და მისი გავლენაა, რომ დღეს ამ სფეროში ვარ. თუმცა ცალსახად უნდა ვთქვა, ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია, არავის მოუთხოვია, რომ მაინცდამაინც ექიმი გამოვსულიყავი. მახსოვს, ბებია, ანასტასია გვერდწითელი, ხშირად მეუბნებოდა - „შენ რომ გინეკოლოგი გამოხვალ“... რას მერჩოდა, არ ვიცი. რატომ უნდა უთხრა ბებიამ შვილიშვილ ბიჭს ეს?! (
იღიმის) თვითონ სამედიცინო განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული, ძალიან პატარა, 3-4-5 წლის ვიყავი, ბებია სახლში რომ იღებდა პაციენტებს. ამ გარემოში ვიზრდებოდი და ჩემგან დამოუკიდებლად ეს პროფესია ჩემი ცხოვრების თანმდევი იყო. ბებია მანამ გარდაიცვალა, სანამ მე სამედიცინოში ჩავაბარებდი, ანდერძის დაწერა რომ მოესწრო, დარწმუნებული ვარ, ისურვებდა, რომ ექიმი გენიკოლოგი გამოვსულიყავი. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებდი სამედიცინოზე ჩაბარებას, მაგრამ ბებო ძალიან მიყვარდა და რომ გარდაიცვალა, მისი სიყვარულით მივიღე ეს გადაწყვეტილება. მართლა არ ვიცოდი, რა მეკეთებინა და არც არავინ მაძალებდა, რომ ან აქ, ან სადმე ჩამებარებინა. არადა, ჩემს ირგვლივ ბევრი იყო ისეთი, ვინც სამედიცინოზე მშობლების ხათრით სწავლობდა.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდი წავედი მოსკოვში, მერე პრაღაში, ბერლინში, ავსტრიაში, ვენაში გავიარე სწავლების კურსი, ავიმაღლე კვალიფიკაცია, ვმუშაობდი ვენის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, ჩავერთე კვლევებში და ა.შ. დღესდღეობით კი ამბულატორიული მიღებები მაქვს დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში, რომელიც ჩემს სახლთან ახლოსაა და ეს ძალიან დიდი კომფორტია, რადგან საცობებში არ ვკარგავ დროს. ისე არასდროს ყოფილა, რომ 10-20 წელი საქართველოში არ ჩამოვსულიყავი. მიმოსვლა სულ მაქვს, გავდივარ იმის მიხედვით, თუ რამე ახალი ხდება. მე არ უნდა ჩამოვრჩე, იმიტომ, რომ მაინტერესებს ეს სფერო, უნდა გავიგო, ის სიახლე რაც არ ვიცი, ვესწრები კონფერნეციებს, სადაც რაღაც ახალს ვიგებ და ვსწავლობ.
- ბუნებრივია, განსხვავდება სხვა ქვეყნებისა და საქართველოს მიდგომები სამედიცინო კუთხით, თუნდაც მკურნალობის მხრივ, ასევე ექიმი-პაციენტის ურთიერთობის თვალსაზრისით...
- ყველგან სხვადასხვანაირი სპეციფიკაა. მაგრამ, ვიტყოდი, რომ ყველაზე მაღალი დონის მედიცინა არის ავსტრიაში და შემდეგ შვეიცარიაში, გერმანიაზე ბევრად უფრო მაღალ დონეზე დგანან ავსტრია-შვეიცარია. იქ ექიმის სჯერათ, არ არსებობს, პაციენტმა თქვას, მეზობელმა ასე მითხრა, ნათესავმა ისე მირჩია, ასეთი რამე იქ გამორიცხულია. ამდენი წელია ვსწავლობ, რომ დავეუფლო ჩემს პროფესიას, გავიღრმავო ცოდნა და ამასობაში მოდის ადამიანი გუგლში ამოკითხული ინფორმაციით. მედიცინა არის მტკიცებითი, არ უნდა დანიშნო ისეთი წამალი, რაც ავნებს პაციენტს და არ უნდა დაუნიშნო დასტა წამლებისა. ავსტრიაში ორ წამალზე მეტის დანიშვნის უფლება არ გაქვს, ნიშნავ ერთს ან ორს, თან აზუსტებ, რატომ აძლევ ამ დანიშნულებას. ანტიბიოტიკს ასე ერთი ხელის მოსმით ვერ დაუნიშნავ პაციენტს, იმიტომ ხარ ექიმი, რომ დაამტკიცო მისი საჭიროება და მიჰყვე მტკიცებით მედიცინას. სხვა შემთხვევაში ვერ გამოწერ ანტიბიოტიკს, ჰორმონს ხომ საერთოდ. არის პრეპარატები, რომლის მიღებაც სახუმარო საქმე არაა და მეზობლის რჩევით მისი მიღება საერთოდ წარმოუდგენელია. აქ კი ვხვდები ისეთ პაციენტებს, რომელთაც მიღებული აქვთ უამრავი წამალი, ანტიბიოტიკი, მაგრამ რისთვის, არ იციან. ეგ კი არა, დიაგნოზი არ იციან, არ აქვთ. საზღვარგარეთ „გარტყმითი“ მედიცინა არ არსებობს! დაჯდე და იფიქრო, რომელი წამალი გაარტყამს და რომელი უშველის - ასე არ ხდება!
- მინდა საკეისროს თემას შევეხოთ, რომელიც ჩვენთან ასე პოპულარულია..
- თუ ჩვენება არ არის, ქალს საკეისროს არავინ გაუკეთებს, ესაა მთავარი და ძირითადი მიდგომა. თუ გადაწყდა საკეისრო, მე იქ არ მინახავს, გარედან ვინმე ნემსით და ძაფით კერავდეს ქალს. იქ არის ბიო წებო, ბიო სკოჩი. ესთეტიკას ყველა ქალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ მიდგომით გაკეთებული საკეისროს შემდეგ კი, 3-4 თვეში იქ ქალებს ხაზიც კი არ ეტყობათ, არათუ ნაკერი. პირი პირზე უნდა მიიტანო და კანის წებოთი დააწებო, მორჩა, არაა საჭირო ნემსი, ძაფი და ა.შ. თუ ქალს დამახინჯებ, მეორედ მოვა შენთან? აქ ხშირია შემთხვევა, როცა ერთ ექიმთან იკეთებენ საკესიროს, მეორესთან მშობიარობენ, მესამესთან სამკურნალოდ მიდიან. იქ ექიმებს არ იცვლიან, რადგან ერთი ექიმი აკეთებს საკეისროს, ინ-ვიტრო განაყოფიერებასაც, მკურნალობას და ა.შ. იქ რომ ხარ გინეკოლოგი, ეს ნიშნავს, რომ ხარ ენდოკრინოლოგ- გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, აკეთებ ინ-ვიტრო განაყოფიერებას, საკეისროს, ლაპარასკოპიას, ონკოლოგიურ ოპერაციასაც კი. რადიოლოგების საკითხიც ასეა, აქ რადიოლოგი აკეთებს რომელიმე ერთი ორგანოს ექოსკოპიას, მეორეს - არა. არადა იქ რადიოლოგი აკეთებს ყველა ორგანოს ექოსკოპიას, რენტგენს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მრტ-ს და ა.შ.
- რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენთანაც დაინერგოს ბიო წებოს და ბიო სკოჩის პრაქტიკა?
- აბა, რა გითხრათ?! ძაფის ყიდვას, წებო იყიდო, არ ჯობია? ალბათ ეშინიათ და ამიტომ კითხულობენ, წებო დაიჭერს? მთელი ევროპა ასე აკეთებს და ამ მეთოდით მუშაობს და რას ჰქვია, არ დაიჭერს?! თუმცა, მაინც უფრო საიმედოდ მამა-პაპურად ამოკერვა ეჩვენებათ. ადრე ევროპაშიც კერავდნენ, მაგრამ მოვიდა დრო და შეცვალეს მიდგომა, დროა, ახალ ტექნოლოგიებზე ჩვენც გადავიდეთ.
- ამ ეტაპზე ქართული მედიცინა რა დონეზეა?
- ჩვენ საერთოდ მძიმედ ვკრეფთ ტემპს და ეს ქართულ მედიცინასაც ეტყობა. მე 20-25 წლის წინ დავაფუძნე კოლპოსკოპია, პაპ ტესტი, კრიოდესტრუქცია და ა.შ. თავიდან ყველა კი არ ამყვა, ნელ-ნელა აუწყვეს ფეხი. ზოგადად, ქართველებს უჭირთ სიახლეებთან ადაპტაცია, თუმცა ნელ-ნელა წავალთ კიდევ უფრო წინ.
- ბატონო ირაკლი, თქვენი მეუღლეც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, კერძოდ რადიოლოგი, როგორ შეხვდით ერთმანეთს?
- დიახ, ჩვენ აქ ერთად ვსწავლობდით და ერთმანეთი სტუდენტობისას გავიცანით, შემდეგ მე წავედი, ჩამოვედი, ჩვენი გზები კვლავ გადაიკვეთა და ოჯახი შევქმენით. ამჟამად ჩემი მეუღლე, ქეთევან სირბილაძე, ვენაში მუშაობს, როგორც თქვით, რადიოლოგია. ერთად მივდიოდით და მოვდიოდით ხოლმე, ახლა იმიტომ მოუწია იქ დარჩენა, რომ ბავშვი სწავლობს, საზღვრები რომ ღია იყოს, მეც ხშირად ვივლიდი.
სამი შვილი გვაყვს, ორი ბიჭი და ერთი გოგო. ამჟამად მხოლოდ ჩვენი მესამე შვილი სწავლობს ავსტრიაში რეალგიმნაზიუმში, რომელიც ერთ-ერთ წარმატებული სასწავლებელია. საშუალო სკოლაში ისწავლა, ამას გარდა იქ არის გიმნაზიები და არის უფრო მაღალი დონის სწავლება რეალგიმნზაიუმში, იქ ერთიანი 90-ზე მეტ ქულას ნიშნავს და ჩემს შვილს 15-ივე საგანში ერთიანი ჰქონდა.
- დედაც და მამაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხართ, შვილებიდან რომელიმე დაინტერესებულია ამ საქმით?
- არა. შვილებმა თვითონ აირჩიეს პროფესია, ჩვენ არაფერი დაგვიძალებია. ოჯახში ორი ექიმი, მგონი საკმარისზე მეტია (
იღიმის). შეიძლება შვილიშვილებმა მოინდომონ, თუ ასე მოხდა, ხომ კარგი, თუ არადა, რა პრობლემაა?! ძალიან ბევრი ჯგუფელი მყავდა, უკარგესი გოგო-ბიჭები, ვისაც არ აინტერესებდა ექიმობა და მშობლების თხოვნით სწავლობდნენ სამედიცინოზე, აიღეს დიპლომები და მიაგდეს, არ გაყოლიან ამ საქმეს.
- დასასრულისკენ, თქვენი აზრი მაინტერესებს, თუ აძლევს ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტი იმ განათლებას სტუდენტს, რომ დადგეს კარგი ექიმი? ყველას ხომ არ აქვს საშუალება, რომ საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა, აიმაღლოს კვლიფიკაცია...
- სხვათა შორის, კი, რა თქმა უნდა უფრო მაღალი დონის უნივერსიტეტებიც არსებობს, მაგრამ შენზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, გააჩნია, როგორ მოინდომებ, როგორ დაინტერესდები და როგორ განვითარდები. თუ გაიფართოვებს ადამიანი თვალსაწიერს, შეიძლება აქ მიღებული განათლებითაც კარგი ექიმი დადგეს.
ციცი ომანიძე