ეკატერინე მრავალშვილიანი დედა და საკმაოდ პოპულარული ბლოგერია ნოვოსიბირსკიდან. ის ყოველთვის აქტიურად უწევდა პროპაგანდას შინ მშობიარობას და თავადაც ეხმარებოდა სხვებს, რომ დედები გამხდარიყვნენ.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ ეკატერინეს ოჯახში საშინელი რამ მოხდა - შინ მშობიარობის დროს ტყუპიდან ერთ-ერთი ბავშვი გარდაეცვალა.
ქალი საავადმყოფოსა და ექიმების წინააღმდეგი არ იყო, უბრალოდ საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა სხვებს და მომავალ დედებს აფრთხილებდა კიდეც, რომ სახლში მშობიარობა ძალიან სერიოზული და საპასუხისმგებლო რამაა. თავად ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან ეხმარება ქალებს. სამი შვილიდან უფროსი საავადმყოფოში გააჩინა, ორი შემდეგი კი - სახლში...
ამჯერად ორსულობის 39-ე კვირაში დაეწყო მშობიარობა. ამბობს, რომ მოულოდნელად დაეწყო. ერთ საათში გაჩნდნენ ბავშვები ისე, რომ საავადმყოფოში წასვლა ვერც მოასწრო.
თუმცა ეს ვერსია პოლიციისათვის სარწმუნო არ არის, რადგან ქალმა ძალიან კარგად იცოდა, რომ უახლოეს დღეებში შეიძლებოდა მშობიარობა დაწყებოდა. ის აქტიურად უზიარებდა საკუთარ გამომწერებს სამზადისის ვიდეოებს და სახლში მშობიარობისთვისაც ყველა საჭირო პრეპარატი თუ ნივთიც ნაყიდი ჰქონდა.
"შვილების სიცოცხლით გარისკვას ნამდვილად არ ვაპირებდი. მით უმეტეს, როცა თავად ძალიან კარგად ვიცი, ჩემს ასაკში მშობიარობა რამხელა რისკია. ერთი კვირის წინ აღმოჩნდა, რომ მაღალი წნევა მაქვს და ამ ჩვენებით მხოლოდ საკეისრო კვეთის ჩატარება შეიძლებოდა. წნევა ვერაფერმა დაარეგულირა. მეორე დღეს საავადმყოფოში ვაპირებდი წასვლას, თუმცა ღამით ძალიან სწრაფად დამეწყო მშობიარობა", - უთხრა ქალმა ჟურნალისტებს.
თუ ძიება დაადგენს, რომ ეკატერინემ ყველა რისკი იცოდა და მაინც განგებ იმშობიარა სახლში და შეგნებულად დადო სასწორზე ბავშვების სიცოცხლე, მას პასუხისგება მოუწევს.
"მახსოვს, როდესაც მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად, ძალიან ვღელავდი. იქნებ, რაც ვიცოდი, მხოლოდ სიტყვები იყო და პრაქტიკაში არ გამომდგომოდა, მაგრამ მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა", - თქვა ეკატერინემ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქალმა ისიც აღნიშნა, რომ ბუნებრივი მშობიარობა და ბავშვის სახლში გაჩენა ერთი და იგივე არაა.
"სახლში მშობიარობა ნაკლებად ფორმალურია და უფრო მშვიდად ხარ. მაგრამ, ამ დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობა გეკისრება, რადგან თუ პრობლემა შეგექმნება, ვერც საავადმყოფოს დაადანაშაულებ და ვერც სამედიცინო პერსონალს. მე ყოველთვის მაქვს კომუნიკაცია სამშობიარო კლინიკასთან", - ამბობდა მაშინ ქალი. თუმცა მაშინ თუ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ამჯერად ტრაგიკულად დასრულდა და სახლში მშობიარობის გადაწყვეტილებას ტყუპიდან ერთ-ერთი შეეწირა.