ცოტა ხნის წინ ჩვენს ვებგვერდზე გვქონდა სტატია, თუ რას მიირთმევენ ახალნამშობიარები ქალები სხვადასხვა ქვეყნის სამშობიაროებში. ამჯერად კი დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და როგორ იხსენებენ ქალბატონები სამშობიაროების კვებას.
აღმოჩნდა, რომ წინა წლებთან შედარებით, როცა სამშობიაროების რიცხვიც ნაკლები იყო და კონკურენციაც, ბევრგან კრიტიკასაც კი ვერ უძლებდა მენიუ, რომელსაც ახალნამშობიარებ ქალებს სთავაზობდნენ ხოლმე. ამჟამად ვითარება მკვეთრად არის შეცვლილი და დედების ჯგუფში ჩვენს მიერ შეთავაზებულ ამ თემას ბევრი დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ქალბატონი სიამოვნებითაც კი იხსენებს იმ მენიუს, რაც სამშობიაროში შესთავაზეს, ბევრმა იქ დაიწყო წვნიანების მირთმევა და ზოგიერთმა სამშობიაროს მზარეულის რეცეპტით ოჯახშიც კი დაიწყო იმავე კერძის მომზადება.
სტატისტიკურად დედების მიერ დასახელებულ კლინიკებს შორის ყველაზე ხშირად გაიჟღერა ჩაჩავას კლინიკამ, იმედის კლინიკამ, პინეომ, ახალმა სიცოცხლემ, ჰერამ, დავარაშვილის კლინიკამ, ჯანმრთელობის სახლმა, ემბრიომ, ბაიებმა და ა.შ., რომლებსაც ყველაზე ხშირად ასახელებდენ ჩვენი მკითხველი დედები სამშობიაროს გემრიელ მენიუზე საუბრისას და რა თქმა უნდა, ბევრმა კვლავ ახსენა ცუდი სამზარეულოც და ხარვეზები, რომლებიც ამ კუთხით შეხვედრიათ საქართველოს სამშობიაროებში.
ეს კი რამდენიმე მათგანის ნაამბობი:
- საჭმელი არაფრით განსაკუთრებული, თავისთავად, მეძუძურ დედას იქ შაურმებს და ჩახოხბილებს არავინ გვაჭმევდა.
- სხვა სამშობიაროს მენიუები არ ვიცი, ამიტომ შედარებას ვერ გავაკეთებ. მაგრამ მახსოვს მენიუ: დილით წყლიანი ფაფა და ჩაი, ერთი ნაჭერი პურით; შუადღეზე წვნიანი და მგონი ქათმის კატლეტი, ან სალათა ბოსტნეულით, საღამოს არაჟანი და ფუნთუშა... რა თქმა უნდა, პალატაში ყველას გვშიოდა ჭამიდან ჭამამდე...
- წვნიანი არ მიჭამია მგონია დაბადებიდან, სამშობიაროში ისეთი გემრიელი ბოსტნეულის წვნიანი მოჰქონდათ, რომ ლამის დამატებას ვითხოვდი. უგემრიელესი საკვები იყო. განსაკუთრებით სტაფილოს კექსი დამამახსოვრდა.
- კარგი არაფერი მახსენდება. გარდა გუფთისა, ერთადერთი, რასაც გემო ჰქონდა კერძის.
- კატლეტი და ბისკვიტი. სამხარზე რომ შემოჰქონდათ მაწონთან ერთად ბისკვიტი, მაგის გემო ახლაც მახსოვს.
- დღესაც მახსოვს სამშობიაროს უგემრიელესი ბულიონები. საკეისროს მერე, მეორე დღეს პირველად რომ შემომიტანეს უშაქრო ჩაი და "სუხარი", მაგაზე გემრიელი არაფერი მიჭამია. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით. გემრიელი საკვები ჰქონდათ, სიამოვნებით ვჭამდი და საკმაოდაც ვნაყრდებოდი ულუფით, ჭამიდან ჭამამდე ან ღამე თუ მოგვშივდებოდა, შეგვეძლო აგვეღო ფუნთუშები სამზარეულოში, მაწონი, რომელიც ჭიქებით იდო მაცივარში გამზადებული, და დაგველია ჩაი. ყველი, პური, არაჟანი, ხაჭო და მაწონი იყო ხოლმე, ასევე წვნიანი, მაგრამ დიდად არ გავგიჟდი. ფუნთუშები უგემრიელესი, უგემრიელესი შვრია პირველად სამშობიაროში ვჭამე, კარაქი და ჩაი.
- იქაური პუდინგის გემო არ დამავიწყდება. მეორე მშობიარობის დროს თავს ვიმხნევებდი, 6 საათზე პუდინგი იქნება-თქო. ისეთი გემრიელი საჭმელები ჰქონდათ, სანამ ჭამის დრო არ მოვიდა და არ ვჭამე ჩემი ულუფა, მანამდე მანქანაში მიცდიდნენ. პ.ს. 7 თვის ორსული ვიწექი 4 დღით და ისეთი მადა მქონდა, უჰ.
- ბულიონი, ყველიანი მაკარონი, ჩაი, კარაქი, ორცხობილები იმ დროს რატო მეგემრიელებოდა? ეჰ, გავაჩინე (ბუნებრივად) 5 საათზე და დილამდე ველოდებოდი კვებას. რომ შემომიტანეს და წავიდნენ, 10 წუთში გავხსენი ბოქსი და სხვისი ნარჩენები იყო. ნამცეცები და ჩაი ცოტა დარჩენილი ჭიქაში, ცოტა მაწონი. ისე მშიოდა, ცუდად ვიყავი. სანამ გავარკვიე, რომ ბოქსი შეშლიათ, ჩემმა ქმარმა კი მომიტანა საჭმელი. გავბრაზდი, აღარ მინდა თქვენი კვება-თქო.
- უგემრიელესი საჭმელები იყო, ტოლმა ვაზის ფოთოლში, დაუვიწყარი გემო. უგემრიელესი კერძები, წვნიანები, ჩაისაც კი ისეთი გემრიელი გემო ჰქონდა, რომ მახსენდება... ჰქონდათ უგემრიელესი და უფუმფულესი მაჭკატები.
- კერძო სამშობიაროში ვიყავი. იმდენად კარგი წვნიანი იყო, სახლში დავიწყეთ მსგავსის გაკეთება. პირველად სამშობიაროში გავსინჯე ბულგულის წვნიანი, ამდენი წელი გავიდა და სულ მახსოვს. კატლეტები იყო ძალიან გემრიელი ასევე გემრიელად შეზავებული გარნირებით. ისეთი კომფორტი, მოვლა და მზრუნველობა მგონი მას მერე აღარ მიგრძნია. ექთნებიც ძალიან თბილები იყვნენ. ისეთი გემრიელი კერძები იყო, ალადების რეცეპტიც კი ჩავიწერე მზარეულისგან. მე ისეთი კმაყოფილი ვიყავი, აი, არანორმალურად. 1 კვირა ვიწექი გართულების გამო და უნდა ვთქვა, რომ ჰქონდათ 5-დღიანი მენიუ, ანუ მეხუთე დღიდან მეორდებოდა იგივე საჭმელი. დღეში 4-ჯერადი კვება და ძლივს ვათავებდი. აკონტროლებდა ექთანი მკაცრად. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ქათმის ფილეს მწვადი - უგემრიელესი. მე ვგიჟდებოდი მაწვნის სუპზე, რაღაც ძაან მეგემრიელებოდა. სხვა დანარჩენი ვერმიშელი, კარაქი, პური, ყველი, ქათმის ხორცი, წვნიანები, წიწიბურა, შვრია.
- მე ყავაც მქონდა, გოგოებო. 5 წლის წინ ვიმშობიარე და გაოგნებული ვიყავი კვებით, ისეთი გემრიელი იყო ყველაფერი, რომ ვერ აგიღწერთ. დღემდე ვაკეთებ იქაურ დიეტურ წვნიანს, ისე მომეწონა: ერთი თავი ხახვი 4 გაჭრილი, 3 კბილი ნიორი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი აუცილებლად, აშკარად სხვანაირ გემოს აძლევს, იმიტომ, რომ დაფნის გარეშეც გამიკეთებია. ერთი ცალი სტაფილო, 4 დაჭრილი ბულგარული წითელი დიდ ნაჭრებად, 2 ცალი კარტოფილი და ყვავილოვანი კომბოსტო დაახლოებით ორივე ხელის მუჭში რომ ჩაეტევა, იმდენი. ამ ყველაფერს ერთდროულად ვყრი და ვხარშავ, ფაქტიურად სტაფილოს მოხარშვამდე და სანამ გამოვრთავ 2 წუთით ადრე ვამატებ 1 თავ განცალკევებულ ბროკოლს, 2-2 ღერ ნიახურს, ოხრახუშს, კამას, მარილს გემოვნებით. ცხიმი არ უნდა საერთოდ, მაგრამ ვერც მიხვდებით, თუ არ აქვს. ყველას მოსწონს ოჯახში და სხვათა შორის ჩემს პატარებსაც.
- ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ისევ შემორჩა საბჭოური მიდგომები კვებასთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევაში, წიწიბურა, "მანიქაშა", კატლეტი და პიურე, გუფთა და მაწვნის სუპი, ასევე ჩაი და "სუხარია" მენიუში. ყოველგვარი ლამაზი სერვირების გარეშე... იშვიათად გამონაკლისებიცაა.
- უი, ისეთი საცოდავი და გაღატაკებული საკვები იყო, ფოტოს გადაღებისთვისაც კი შემეცოდა. შემეშინდა, არ აორთქლებულიყო.
- ძალიან მომწონდა საჭმელი, ბულიონი და გუფთა ჰქონდათ ძალიან გემრიელი. ასევე ხაჭოს ვარენიკები და საქონლის სოსისი. ხაჭო, მაწონი, კარაქი, ყველი, ჩაი და ორცხობილა, ფუნთუშები. ასევე ვაშლის კომპოტი ჰქონდათ ყოველდღე ახლად გაკეთებული და ძალიან მომწონდა. დილით სურვილის შემთხვევაში შეგეძლო რაღაც ფაფა (არ გამისინჯავს და არ ვიცი რისი იყო) და ჰერკულესი გეჭამა...
- ჩაი, კარაქი, ყველი, "სუხარი" და რომელიმე ფაფა მახსოვს დილით. შემდეგ სადილზე წვნიანი იყო ბულიონივით, ასევე კატლეტი, პიურე, კომპოტი, წიწიბურა და ასეთებიც.