წლებია არ წყდება დავა საკეისრო კვეთის ირგვლივ. ქალების ნაწილი უპირატესობას ფიზიოლოგიურ მშობიარობას ანიჭებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სულაც არ არის საჭირო გაიაროს გაუსაძლისი ტკივილი, როცა არსებობს საკეისრო კვეთა და ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. რეალურად რა ხდება ამ დროს, რატომ ანიჭებენ ექიმები უპირატესობას ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ამის შესახებ მეან-გინეკოლოგი ნინო ლაცაბიძე საუბრობს.
- სამწუხაროდ ქალებმა არ იციან, რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ მშობიარობას და ამიტომ ითხოვენ საკეისრო კვეთას საჭიროების გარეშე. ყველა დედამ ზედმიწევნით კარგად რომ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალშობილისთვის ბუნებრივი გზებით დაბადება, რამდენად მაღალია საკეისროს შემდეგი გართულებების რისკი, დარწმუნებული ვარ, თუ არ აქვს ჩვენება და აუცილებლობას არ წარმოადგენს, საკეისრო კვეთას აღარ მოითხოვდნენ.
ბუნებრივი მშობიარობის დროს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ჩახევები, უფრო მარტივად ხდება ლორწოვანი გარსის შეხორცება, ვიდრე საკეისროს შემდგომი ნაწიბურის შეხორცება. ზოგადად ბუნებრივი სამშობიარო გზების დროს მიღებული ტრავმები უფრო მარტივად აღდგება, ვიდრე საკეისროს შემდგომი ტრავმები.
რა თქმა უნდა, ბუნებრივი მშობიარობის დროსაც არის გართულებები, თუმცა როგორც აღვნიშნე, საკეისროს შემთხვევაში მეტია გართულებების რისკი.
საკეისრო კვეთის შემდეგ მეტია თრომბოემბოლიური გართულებები. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საკეისრო ეს არის ოპერაციული ჩარევა, რა დროსაც იხსნება მუცლის ღრუ, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ამას შინაგანი ორგანოების მხრივ რა გართულებები მოჰყვება. ჩვენ არ ვიცით ნებისმიერ ორგანიზმში ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, მუცლის ღრუს შეხორცებითი პროცესები როგორ განვითარდება, ამიტომ ოპერაციული ჩარევის დროს, სხვა ორგანოების გართულების და დაზიანების რისკი პროცენტულად ძალიან მაღალია.
რაც შეეხება ტკივილებს, სამშობიარო ტკივილი მოიცავს იმ პერიოდებს, რა დროსაც მიმდინარეობს მშობიარობა. მშობიარობის შემდეგ მუცლის ღრუს ტკივილი ქალს ნაკლებად აწუხებს. პოსტოპერაციული ტკივილი კი შესაძლოა თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ეს იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ასეც ხდება. როგორც საკეისრო კვეთის დროს ვიყენებთ სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიას, ასევე შეიძლება გაუტკივარდეს მშობიარობის პროცესიც და თავიდან ავიცილოთ ტკივილები.
მერი ბლიაძე