„საკეისროს შემდეგ მეტია თრომბოემბოლიური გართულებები. მუცლის ღრუს გახსნისას სხვა ორგანოების დაზიანების რისკიც მაღალია“ - საკეისრო კვეთის რისკები - მშობლები

„საკეისროს შემდეგ მეტია თრომბოემბოლიური გართულებები. მუცლის ღრუს გახსნისას სხვა ორგანოების დაზიანების რისკიც მაღალია“ - საკეისრო კვეთის რისკები

2021-01-06 09:46:56+04:00

წლებია არ წყდება დავა საკეისრო კვეთის ირგვლივ. ქალების ნაწილი უპირატესობას ფიზიოლოგიურ მშობიარობას ანიჭებს, ნაწილს კი მიაჩნია, რომ სულაც არ არის საჭირო გაიაროს გაუსაძლისი ტკივილი, როცა არსებობს საკეისრო კვეთა და ეს მისი არჩევანი უნდა იყოს. რეალურად რა ხდება ამ დროს, რატომ ანიჭებენ ექიმები უპირატესობას ფიზიოლოგიურ მშობიარობას, ამის შესახებ მეან-გინეკოლოგი ნინო ლაცაბიძე საუბრობს.

mshoblebi

- სამწუხაროდ ქალებმა არ იციან, რა უპირატესობები აქვს ბუნებრივ მშობიარობას და ამიტომ ითხოვენ საკეისრო კვეთას საჭიროების გარეშე. ყველა დედამ ზედმიწევნით კარგად რომ იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ახალშობილისთვის ბუნებრივი გზებით დაბადება, რამდენად მაღალია საკეისროს შემდეგი გართულებების რისკი, დარწმუნებული ვარ, თუ არ აქვს ჩვენება და აუცილებლობას არ წარმოადგენს, საკეისრო კვეთას აღარ მოითხოვდნენ.

- ექიმები ხშირად საუბრობენ ფიზიოლოგიური მშობიარობის უპორატესობებზე. განგვიმარტეთ, რა უპირატესობა აქვს ფიზიოლოგიურ მშობიარობას?

- ბუნებრივი — უფრო უსაფრთხოა და საუკუნეების განმავლობაში მეტად არის შესწავლილი მედიკოსების მიერ. ბუნებრივი მშობიარობა ხდება საჭირო დროს და ზუსტად იცის ბავშვმა, როდის უნდა მოევლინოს ქვეყანას. საკეისრო კვეთა დროზე ადრე ხდება, ამიტომ ეს გარკვეულწილად სტრესია ნაყოფისთვის. ბუნებრივი მშობიარობა საშუალოდ 12-14 საათამდე გრძელდება, საკეისრო კვეთა კი 35-45 წუთი, ამიტომ ბავშვისთვის ადრეული მოწყვეტა დედის ორგანიზმიდან არის შოკი. გარდა ამისა, დედის ორგანიზმის აღდგენითი პერიოდი ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ ძალიან ჩქარა ხდება, ვიდრე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. ბუნებრივი მშობიარობის დროს, ახალშობილის სასუნთქ გზებში მყოფი სანაყოფე წყლები გამოიდევნება და რესპირაციული გართულებები ბევრად ნაკლებია ახალშობილებში, რასაც ვერ ვიტყვით საკეისროზე. დადგენილია, რომ საკეისროს შემდეგი გართულებები გაცილებით აღემატება ბუნებრივი მშობიარობის შემდგომ გართულებებს. ახალშობილი, რომელიც გამოივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს, მეტად შეგუებული და ადაპტირებულია გარემო პირობებთან. შემდგომში ეს პატარები მეტად სიცოცხლისუნარიანები არიან, ვიდრე საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები. ალბათ ესეც დაკავშირებულია იმასთან, რომ უფრო ხანგრძლივი დროით ხდება გამოვლა ბუნებრივი სამშობიარო გზების და შესაბამისად სტრესთან შეგუებაც ნელ-ნელა მიმდინარეობს.

ბუნებრივი მშობიარობის დროს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს ჩახევები, უფრო მარტივად ხდება ლორწოვანი გარსის შეხორცება, ვიდრე საკეისროს შემდგომი ნაწიბურის შეხორცება. ზოგადად ბუნებრივი სამშობიარო გზების დროს მიღებული ტრავმები უფრო მარტივად აღდგება, ვიდრე საკეისროს შემდგომი ტრავმები.

რა თქმა უნდა, ბუნებრივი მშობიარობის დროსაც არის გართულებები, თუმცა როგორც აღვნიშნე, საკეისროს შემთხვევაში მეტია გართულებების რისკი.

- კონკრეტულად რა გართულებები შეიძლება მოყვეს საკეისრო კვეთას?

- პირველი და მთავარი არის ის, რომ დიდი რისკია ინფიცირების. საკეისროს დროს შესაძლოა მოხდეს ნორმაზე მეტი სისხლის დაკარგვა. სისხლის დაკარგვა ბუნებრივი მშობიარობის დროსაც არ არის გამორიცხული, მაგრამ ჭრილობიდან უფრო მეტი სისხლი იკარგება, რაც შემდგომ ბევრად მეტ გართულებას იწვევს. შესაძლოა ამან საშვილოსნოს დაკარგვამდეც მიგვიყვანოს. ბუნებრივი მშობიარობის დროს, ორგანოს მთლიანობა არ არის დაკარგული, ამიტომ აღდგენითი და შეკუმშვის ფუნქცია მეტი აქვს საშვილოსნოს. როგორც გითხარით, სისხლის დაკარგვა ორივე შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, მაგრამ კეთილსაიმედო გამოსავალი პროგნოზულად, ბუნებრივი მშობიარობის შემდგომ უფრო მაღალია.

საკეისრო კვეთის შემდეგ მეტია თრომბოემბოლიური გართულებები. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საკეისრო ეს არის ოპერაციული ჩარევა, რა დროსაც იხსნება მუცლის ღრუ, ამიტომ ჩვენ არ ვიცით, ამას შინაგანი ორგანოების მხრივ რა გართულებები მოჰყვება. ჩვენ არ ვიცით ნებისმიერ ორგანიზმში ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი, მუცლის ღრუს შეხორცებითი პროცესები როგორ განვითარდება, ამიტომ ოპერაციული ჩარევის დროს, სხვა ორგანოების გართულების და დაზიანების რისკი პროცენტულად ძალიან მაღალია.

რაც შეეხება ტკივილებს, სამშობიარო ტკივილი მოიცავს იმ პერიოდებს, რა დროსაც მიმდინარეობს მშობიარობა. მშობიარობის შემდეგ მუცლის ღრუს ტკივილი ქალს ნაკლებად აწუხებს. პოსტოპერაციული ტკივილი კი შესაძლოა თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ეს იშვიათ შემთხვევაში, მაგრამ ასეც ხდება. როგორც საკეისრო კვეთის დროს ვიყენებთ სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიას, ასევე შეიძლება გაუტკივარდეს მშობიარობის პროცესიც და თავიდან ავიცილოთ ტკივილები.

მერი ბლიაძე