"ღამით დავღვარე წყალი", "4 საათზე დამეწყო შეტევები" - სხვადასხვა ჯგუფში ხშირად უზიარებენ ქალები ერთმანეთს გამოცდილებას და ხშირად სწორედ ღამით იწყება მშობიარობის პროცესი. იცოდით, რომ ბებიაქალებსაც აქვთ მუშაობის პიკის საათები? ისინი ყველაზე მოთხოვნადი ღამის 2 საათიდან 4 საათამდე ინტერვალში არიან, რადგან სწორედ ამ დროს იწყება ყველაზე ძლიერი ჭინთვები და სამშობიარო შეტევები.
სინამდვილეში, ორი ვერსია არსებობს. მეან-გინეკოლოგების თქმით, დღის განმავლობაში ქალი ძალიან დაძაბულია, ბევრ რამეზე ფიქრობს და გადაღლილია. მშობიარობა კი შეუქცევადი პროცესია, ვერც გადაავადებ და ვერც ადრე დაიწყებ. როცა ღამდება, თითქოს ყველა საქმე ქრება, ფიქრები ლაგდება და ქალიც მშვიდდება. ტვინი ბავშვისგან იღებს სიგნალს, რომ მზადაა. გამოიყოფა ოქსიტოცინი და მშობიარობა იწყება.
მეორე ვერსიაც ჰორმონთანაა დაკავშირებული. მეცნიერები ამბობენ, რომ მშობიარობაზე ოქსიტოცინი და მელატონინი არიან პასუხისმგებლები. აღმოჩნდა, რომ მელატონინი არა მარტო ძილს არეგულირებს, არამედ სიბნელეში ოქსიტოცინის გამოყოფას ასტიმულლირებს. თუ სინათლეში აპირებთ დაძინებას, მაშინ ჰორმონი უფრო ცუდად გამომუშავდება. ხოლო, როცა ბნელ ოთახში გძინავთ, მელატონინის დონე იმატებს, მისი მოქმედებით წარმოიქმნება ოქსიტოცინი და ქალს მშობიარობა ეწყება.
ამიტომაც ხშირად სწორედ ღამით იწყება სამშობიარო ჭინთვები, რომელიც შეიძლება დილამდეც კი გაგრძელდეს და ქალმა დილას იმშობიაროს, თუმცა პროცესი ღამით იწყება ხოლმე.